logo_geo
საქართველოდან მოტაცებული ყმაწვილი – უსუფი, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ სამეფოს მართავდა
- +

3 მაისი. 2017. 14:03


 

ინდოეთში მოღვაწე ქართველ ღულამებს შორის ყველაზე წარმატებული უდავოდ ადილ შაჰთა დინასტიის დამაარსებელი უსუფ ადილ შაჰი (1444-1511) იყო, რომელმაც მეტად საინტერესო ცხოვრება განვლო. უსუფ ადილ შაჰის წარმოშობასთან დაკავშირებით სამი ვარაუდი არსებობს:


 

მკვლევართა ერთი ჯგუფი (მათი უმეტესი ნაწილი XIX საუკუნის ისტორიკოსები არიან) იყენებს XVI საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის, მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის (იგივე ფერიშთას) ცნობილ ნამუშევარს (Tarikh-i-Firishtah), რომელშიც უსუფი ოსმალეთის სულთნის, მურადის შვილად არის წარმოდგენილი. ფერიშთას თქმით, მურადის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა სულთანმა მეჰმედ II-მ თავისი ძმების დახოცვა ბრძანა. უსუფი გადაურჩა სიკვდილს - დედამისმა დაიბარა ერთ-ერთი ვაჭარი (ფერიშთა მის ვინაობასაც ამხელს - ხვაჯა ამად ალ-დინ გურჯისტანი, სავარაუდოდ საქართველოდან) და შვილის გადარჩენაში დახმარება სთხოვა. ვაჭარს რამდენიმე გასაყიდი მონა ჰყოლია, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა უსუფს. ამრიგად, ეს საცოდავი ახალგაზრდა მოკლეს და მისი თავი სულთანს მიართვეს, ხოლო თვით უსუფი ქართველ მონად გაასაღეს და ჯერ ირანში, ხოლო შემდეგ ინდოეთში, წაიყვანეს. სადღეისოდ ეს მოსაზრება გაბათილებულია.


 

ფერიშთამ, რომელსაც ადილ შაჰთა არქივებზე მიუწვდებოდა ხელი, ვერ შეძლო ამის დამადასტურებელი საბუთების მოპოვება და ამ ამბავს გვიამობს მხოლოდ ერთი ხანში შესული მოხელის ჩვენებაზე დაყრდნობით. რთული დასაჯერებელია, რადგან უსუფი ოსმალეთის სულთნის შვილი რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც აღნიშნავდა ამ გარემოებას. ეტყობა, სამეფო ტახტზე აღზევებულ ადილ შაჰებს ეუხერხულებოდათ, რომ ისინი ერთი უბრალო მონის შთამომავლები იყვნენ. ამიტომ მათი დაკვეთით დაწერილ ოფიციალურ ისტორიაში - ფერიშთა ხომ ადილ შაჰთა კარის მთავარი ისტორიკოსი იყო - ისინი თვით ოსმალეთის სულთნის შთამომავლები გახდნენ.


 

მეორე ვარაუდს საფუძვლად უდევს რაფი ალ-დინ შირაზის ნამუშევარი (Tazkiratu'l-Muluk); ფერიშთას მსგავსად, რაფი ალ-დინი ადილ შაჰთა მოხელე იყო და თავისი ნამუშევრის წერისას ასევე „ხელბოჭილი" იყო. რაფი აცხადებს, რომ უსუფი სპარსეთიდან, სავას პროვინციის გამგებლის, მუჰამედ ბეგის შვილი იყო; მამამისი ბრძოლის ველზე დაეცა და მტრებისგან დევნილი ოჯახი ინდოეთში გაიქცა, სადაც უსუფი ქართველ მონად გაყიდეს. რაფის მოსაზრება ეფუძნება ერთი მოხუცი (90 წელს გადაცილებული) ინდოელი მოხელის მოგონებებს. როგორც ფერიშთას შემთხვევაში, დიდად საეჭვოა, ირანელი ერთ-ერთი გამგებლის შვილი უბრალო მონად გაეყიდათ.


ფერიშთას და რაფის ერთი საერთო აქვთ - ორივე აცხადებს, რომ სპარსული თუ თურქული წარმოშობის მიუხედავად, უსუფი ინდოეთში ქართველ მონად იყო გასაღებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ საამისოდ უსუფს ქართველისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი ექნებოდა, მით უმეტეს, რომ სპარსეთში და ინდოეთში კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ ქართველებს. სწორედ ამიტომ მკვლევართა მესამე ნაწილი ვარაუდობს, რომ უსუფი არც სულთნის და არც სპარსელი გამგებლის შვილი არ იყო, არამედ საქართველოდან მოტაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით შეძლო არა მხოლოდ მონობიდან თავის დაღწევა, არამედ ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს მწვერვალზე მოხვედრა. უსუფის ქართველობის ამბავი კარგად იყო ცნობილი დიდ მოღოლთა იმპერიაშიც, რომელმაც ბოლო მოუღო ადილთა სამეფოს.


 

XVII საუკუნის მიწურულს იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება დიდ მოღოლთა სამსახურში გაატარა და კარგად ერკვეოდა ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაში, თავის სახელგანთქმულ ნაშრომში „Storia Do Mogor" აღნიშნავდა, რომ XV საუკუნის მიწურულს „ბიჯაპურის პროვინცია გადაეცა ერთ ქართველ მონას, სახელად უსუფს, რომელიც თავდაპირველად ხელმწიფის სუფრასთან ხორცის დამჭრელ მონად მსახურობდა. ამავე დროს გულკანდის პროვინცია გადაეცა იბრაჰიმ მალიკს, იმავე წარმოშობის მონას, რომელიც ხელმწიფის ბაზიერთუხუცესი იყო".


საინტერესოა, რომ იმავე ნაშრომში, ბიჯაპურის სამეფოს ამბების განხილვისას, მანუჩი კვლავ აღნიშნავს უსუფის ქართველობას, მაგრამ მის თანამდებობას სხვანაირად წარადგენს: მისი სიტყვით, ბიჯაპურს მართავდა „ერთ მონა, ქართული წარმოშობის რენეგატი უსუფი", რომელიც ერთ დროს „სამეფო ხაზინას ხელმძღვანელობდა, რის გამოც იგი გამოსახულია [ხოლმე] ხელში დაჭერილი ოქროს გასაღებით".

 

ადილ შაჰებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბიჯაპურის ვავებაში. სწორედ მათი ხელშეწყობით აყვავდა .. „დეკანური" არქიტექტურა, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია უსუფის შთამომავლის, მუჰამედ ადილ შაჰის (1627-1657) სახელგანთქმული აკლდამა გოლ გუმბაზი

 


უსუფის ბავშვობაზე არაფერია ცნობილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი 1450-1451 წლებში დაიბადა; ფერიშთას მიხედვით, უსუფი დაახლოებით 17 წლის იყო, როდესაც ინდოეთში აღმოჩნდა. 1460-1470-იან წლებში საქართველოში არაერთხელ შემოჭრილან ყარა-ყოინლუ და აყ-ყოინლუ თურქმანები, რომელთაც ქართული მხარეების აოხრების შემდეგ, დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში და ათასობით ტყვე წაიყვანეს ირანში. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ტყვეთა შორის ყოფილიყო ყრმა უსუფიც. არსებული წყაროებიდან ცნობილია, რომ უსუფმა რამდენიმე წელი გაატარა სპარსეთში, კერძოდ, ქალაქ სავაში, სადაც ისლამი მიაღებინეს და სახელი შეუცვალეს.


 

 

1460-იანი წლების მიწურულს უსუფი სპარსეთიდან წაიყვანეს ინდოეთში, სადაც მას ყურადღება მიაქცია მაჰმუდ ღავანმა, დეკანის ბაჰამანის სასულთნოს დიდმა ვეზირმა, რომელიც წარმოშობით ირანიდან იყო და ეტყობა, კარგად იცნობდა ქართველებს. ღავანმა უმალვე იყიდა ქართველი მონა და თავის პირად ამალაში განამწესა. როგორც ჩანს, უსუფმა დიდი სიმამაცე და ნიჭი გამოიჩინა, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში ღავანმა იგი არა მხოლოდ დაიახლოვა, არამედ იშვილა კიდეც. უსუფმა თავი გამოიჩინა დეკანის სულთნისგან განდგომილი ციხესიმაგრეების დაპყრობაში და სახელი მოიხვეჭა ვერაგურის ციხესიმაგრის დალაშქვრაში, რომელიც აუღებლად იყო მიჩნეული. ამ ლაშქრობების შედეგად უსუფმა უზარმაზარი ნადავლი ჩაიგდო ხელთ, მაგრამ ყველაფერი უკლებლივ გადასცა სულთან მუჰამედ შაჰ ბაჰმან II-ს, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა უსუფის საქციელით და უხვად დაასაჩუქრა იგი.

 

ინდოეთის ნახევარკუნძული XV-XVI საუკუნეებში

 

 

გამარჯვებების აღსანიშნავად ღავანმა და უსუფმა სულთნისთვის დიდი ნადიმი გამართეს, სადაც, სხვა ძღვენთან ერთად, მიართვეს „100 ჩერქეზი, ქართველი და აბისინიელი მომღერალი და მოცეკვავე". სულთანმა დაიახლოვა უსუფი და მისი მამობილი და მათი დახმარებით ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა. უსუფი ბიჯაპურის (ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში) გამგებელი გახდა და სახელი მოიხვეჭა როგორც ნიჭიერმა და სამართლიანმა მმართველმა. გადამთიელთა (ირანელი ღავანი და ქართველი უსუფის) აღზევებამ და სულთნის გაძლიერებამ დეკანის წარჩინებულთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაყალბებული საბუთების მეშვეობით, მათ დაასმინეს ღავანი და 1481 წელს სულთანმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. მამობილის სიკვდილი მეტად მძიმე დარტყმა იყო უსუფისათვის, მაგრამ სულთნისგან განდგომას მოერიდა და ხელსაყრელი დროისათვის მოცდა არჩია. ერთი წლის თავზე სულთანი გარდაიცვალა და ტახტი ერგო მის შვილს, თორმეტი წლის მაჰმუდ შაჰ ბაჰმანს. ბუნებრივია, ყმაწვილი ხელმწიფე მალევე პოლიტიკური ინტრიგების ქსელში გაეხვა. დეკანელმა წარჩინებულებმა სცადეს უსუფის განადგურება და სულთანთან დაასმინეს კიდევაც, შენი ქვეშევრდომი შენზე უფრო წარმატებული და ძლიერიაო; დაიბარე: თუ მოვა, დააპატიმრებ ან სიკვდილით დასჯი და თავიდან მოიშორებ; თუ არ დაგემორჩილება, მეამბოხედ გამოაცხადებ და მაინც მოიშორებო. უსუფმა კარგად უწყოდა, თუ რას ნიშნავდა სულთნის მიწვევა, მაგრამ მაინც გამოცხადდა სამეფო კარზე, თუმცა, თან ისეთი ძლიერი ამალა წაიყვანა, რომ მისი გამოჩენით გაოცებულმა სულთანმა ვერაფერი გაბედა. პირიქით, დააჯილდოვა და უვნებლად გამოუშვა.


უსუფმა ისარგებლა პოლიტიკური არეულობით, 1489 წლისათვის იგი განუდგა სულთანს და თავი დამოუკიდებელ ხელმწიფედ გამოაცხადა. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მან გაატარა მეტად წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რის შედეგად ბიჯაპურის სამეფო ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. უსუფმა ჩაატარა დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები. ბიჯაპურში დღემდეა შემონახული მის მიერ აგებული შენობები. 1500-1511 წლებში იგი გააფთრებით იბრძოდა ახალგამოჩენილი პორტუგალიელების წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. 1510 წელს პორტუგალიელებმა, ალფონსო ალბუკერკის მეთაურობით, დაიპყრეს უსუფის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი, გოა, მაგრამ უსუფმა მალევე უკუაგდო ისინი და ქალაქი დაიბრუნა.

 

ქალაქი გოა, რომელსაც უსუფი გააფთრებით იცავდა პორტუგალიელებისგან

 

გოას გათავისუფლება უსუფის უკანასკნელი გამარჯვება იყო. 1511 წელს, 67 წლის უსუფი გარდაიცვალა ბიჯაპურში. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში, ცნობილ სუფი ჩანდაჰ ჰუსეინის აკლდამაში.


XVI საუკუნის ინდოელი ისტორიკოსი მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰი (იგივე ფერიშთა) აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰი იყო „ბრძენი ხელმწიფე, ადამიანის ბუნების კარგი მცოდნე; მშვენიერი აღნაგობის, მჭევრმეტყველი და განსწავლული; სახელგანთქმული თავისი სწავლულობით, გულუხვობითა და ვაჟკაცობით. იგი მუდამ აფრთხილებდა თავის მოხელეებს, რომ ემოქმედათ სამართლიანად და პატიოსნად, და პირადად აძლევდა ამის მაგალითს. მისი სამეფო კარი იზიდავდა სწავლულ და ვაჟკაც ხალხს, მიუხედავად იმისა, რა რწმენის და წარმოშობის იყვნენ ისინი". მართალია, ადილ შაჰთა ისტორიკოსის სიტყვები მიკერძოებულია, მაგრამ თანამედროვეთა (მათ შორის პორტუგალიელთა) უმეტესობა აღიარებდა უსუფის დიდ ნიჭსა და მიღწევებს. 1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰი „ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა" და აღტაცებული აღწერდა ქალაქს: „ეს ძალზე ლამაზი და მდიდარი ქალაქია... სადაც ულამაზესი [სამეფო] სასახლეა, რომელშიც უნდა გაიარო 44 დარბაზი, სანამ მეფეს ეახლები. თვით ქალაქი გარშემორტყმულია ძლიერი გალავნით, ქრისტიანული ქალაქების მსგავსად, ხოლო შენობები გამოირჩევიან თავისი სილამაზით. თვით ხელმწიფე ამპარტავნულად და მდიდრულად ცხოვრობს. მისი მოსამსახურეების ფეხსაცმელიც კი მორთულია ლალებით, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი თვლებით, ასე რომ, ალბათ წარმოგიდგენიათ, რაოდენ მდიდრულად მორთული აქვთ თითები და ყურები... ვართემა აღნიშნავს რომ უსუფ ადილ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს „უცხოელი და თეთრკანიანი ჯარისკაცები" შეადგენდნენ (მათ შორის უნდა ვივარაუდოთ ქართველებიც), რომლებიც გამოირჩეოდნენ „სამეფოს ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რომელსაც მოყავისფრო [tawny] კანის ფერი აქვს".


უსუფ ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია ორასი წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაზე.

 

სამწუხაროდ, არც უსუფის და არც მისი შვილის ისმაილ ადილ შაჰის პორტრეტი არ არის შემონახული. მაგრამ ჩვენამდე მოაღწია უსუფის შვილიშვილის იბრაჰიმ ადილ შაჰის პორტრეტმა

 

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე

 

წყარო: bu.com.ge

 

 

 

big_banner
არქივი