"ბებოჩემი ღვიძლი ძმის სულთან ერთად იფიცებდა ვაჟაის თავს"
"ყმაწვილქალობაში ლამაზი და ლაღი ყოფილა, ძმიანი, თმიანი და მთხოვნელმრავალი, რაც ფშავლის ქალს აამაყებს. ცამეტ მთხოვარი მყვანდაო ქალობაში, - სიამაყით ამბობდა უკვე მოხუცებული, - თავ მამწონდაო"
პირველად, დაახლოებით, 6 წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის განთქმული ფშაველი მოლექსე ქალის - ხვარამზეს ნაკვალევზე გავივლიდი და ხვარამზეს მეუღლის სოფელს - თიანეთის არტანს გავიცნობდი, იმ არტანს, სადაც ხვარამზეს დობილი, ჩემი მასპინძელი ქალბატონის, ასევე მოლექსე
ჩარგლელი ბებო, ქალიკელი იყო გათხოვილი.
ეს სამწერლო ჯიში მასშიც უხვადაა - ახალგაზრდობაში, შეყვარებულობისას უწერია ლექსები, ცოტა ხნის წინ კი წიგნი გ
ამოსცა, სადაც უამრავ ამბავსა და წინაპარ-შთამომავლობიანად - ყველას მოუყარა თავი.ლატავრა თეთრაული დღეს 83 წლისაა, თუმცა, ალბათ, ისევ იმ ჯიშის წყალობით, ვერც მისი გარეგნობით იგრძნობთ ამ ასაკს და არც მისი ენერგიულობა დაგაჯერებთ მის 83 წელს.
ქალბატონი ლატავრას ნაამბობი, ვაჟა-ფშაველათი დაწყებული, ვის აღარ გიცოცხლებს და თითქოს შენც იმ ეპოქის ნაწილი ხდები - დიდი პოეზიის, სიყვარულის, ვაჟკაცობის, ტკივილისა და ერთმანეთის გატანის ბრწყინვალების!
თავად თბილისში გაიზარდა, მაგრამ ამბობს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ბოლო ხანს საუბარში ისეთ "ფშაურებს" ჩავურთავ ხოლმე, აშკარაა არქაული, ფშაური დიალექტის დიდი ნოსტალგია მომეძალაო.
ლატავრა თეთრაული:
- ჩვენი ბავშვობა საბჭოთა პერიოდს დაემთხვა, კოლექტივიზაციას. ზაფხულობით არტანში ჩავდიოდით ხოლმე. იქ კი მკათათვეში ანუ ივლისში ქერისა და ხორბლის მკის პერიოდი იწყებოდა და ყველას უნდა ემუშავა, დიდსაც და პატარასაც. ბავშვებს თავთავს გვაკრეფინებდნენ. იმხანად რაიკომის მდივანი იყო გვარად დვალი. წარმოგიდგენია: ფშავში - დვალი, რაჭველი კაცი. ნამდვილი კომუნისტი იყო, უმკაცრესი, ისეთი დისციპლინა ჰქონდა, რომ... მახსოვს, გახურებული მკა იყო და უცებ ისმის ბავშვის ყვირილი: ბალღებო, დვალი მოდის, მიწამ შამჭამოს, თუ ვტყუოდე... დაიმალენით, ბალღებოო! - ჩვენი სოფლელი 7-8 წლის პავლე გვეძახდა, თან ისე მორბოდა, ფეხებს კეფაზე ირტყამდა. დვალის ძალიან გვეშინოდა და ასეთ დროს საქათმეში ვიმალებოდით ხოლმე. მაშინაც სასწრაფოდ დავფაცურდით მე, ჩემი და - ბელა და დეიდაშვილი ლამარა - თბილისელი ბავშვები. "აბლავა" რომ დამთავრდა, საქათმიდან გამოვძვერით, სულ სკინტლიანები... მსგავსი რამ ძალიან ხშირად გვემართებოდა.
- თქვენს ბებოზეც მიამბეთ, ჩარგლელ ქალიკელზე, ვაჟა-ფშაველას დობილზე...
- ბებოჩემი არტნელი გიორგი თეთრაულის დიაცი, ანუ მეუღლე იყო. 1860 წელს დაიბადა.ყმაწვილქალობაში ლამაზი და ლაღი ყოფილა, ძმიანი, თმიანი და მთხოვნელმრავალი, რაც ფშავლის ქალს აამაყებს. ცამეტ მთხოვარი მყვანდაო ქალობაში, - სიამაყით ამბობდა უკვე მოხუცებული, - თავ მამწონდაო. ბავშვობაში სუსტი ყოფილა ბებო. ვაჟა-ფშაველას მამა, პავლე მღვდელი, თურმე, იღბლიან კაცად მიიჩნეოდა, ჩვენებთან ახლო მეზობლობა და ნათელმირონიც აკავშირებდა და ქალიკელი "თავისად დაუსახელებია" ანუ მოუნათლავს. ბებო ვაჟასთან ძალიან მეგობრობდა. თავისი ღვიძლი ძმის სულთან ერთად იფიცებდა ვაჟაის თავს. შემდეგშიც, როცა გათხოვდა, ვაჟა მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, ჰოდა, როცა ქალიკელს ხუთი ქალიშვილის შემდეგ ნანატრი ვაჟი - მამაჩემი შესძენია, ვაჟა დაურქმევია. მართალია, ნათლობისას ივანე უწოდებიათ, მაგრამ ყველა მაინც ვაჟას ეძახდა.
მე სწორედ ივანე-ვაჟას შვილი ვარ. ბებოსგან ვიცი, ახალშობილთან მამასთან "პირის სანახავად" მისულ ვაჟა-ფშაველას საჩუქრად ლეკებთან საგანგებოდ მისთვის დამზადებული პატარა და ძალიან ლამაზი, სპილოს ძვლითა და ზარნიშით მოსევადებული ქართული ხანჯალი მიუტანია და აკვანში თავქვეშ ამოუდია - ასეთი წესი იყო ფშავში.
ეს ხანჯალი, როგორც უძვირფასესი რელიკვია, ჩემს ოჯახში ინახება, რადგან უფროსი ქალიშვილი ვარ. მე კი, ოჯახის ტრადიციისამებრ, ხანჯალი და ქალიკელის დაქსელილი ქსოვილით შეკერილი მამას ფშაური ჩოხაც გადავეცი ჩემი უფროსი ვაჟის უფროს შვილს, სანდრო ყოლბაიას. სანდრო თავის უფროს შვილს გადაულოცავს და ასე გაგრძელდება მომავალში.
- ვაჟა ერთ-ერთ შვილიშვილს მაინც რატომ არ დაარქვით?
- გეტყვით: ოჯახში დააწესეს, რომ ქალიკელის შთამომავალი ვაჟისთვის აუცილებლად ვაჟა უნდა დაერქმიათ. მამაჩემი, ვაჟა თეთრაული სამხედრო იყო. 32 წლისა უკვე პოლკოვნიკი გახლდათ. ძირითადად რუსეთში ვცხოვრობდით - ცამეტი ქალაქი მოვიარეთ, ერთხანს ციმბირშიც კი ვიყავით. დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, სტალინგრადის დაბომბვას ორი კვირით გამოვასწარით. მამა პატრიოტი კაცი იყო და მართალია, ასაკით სკოლა მიწევდა, რუსეთში არ შემიყვანა. საქართველოში რომ გადმოიყვანეს და ვაზიანის სამხედრო ნაწილი ჩააბარეს, მხოლოდ მაშინ, უკვე 8 წლისა შემიყვანა სკოლაში. ჩვენ თბილისში დავფუძნდით, მამა კი ფრონტზე წავიდა. 62-ე გვარდიის შტაბის უფროსი იყო და დაახლოებით 52 წლისა დიდ სამამულო ომში დნეპრის ფორსირებისას დაიღუპა - ციდან და ხმელეთიდან გერმანელების ალყაში მოექცნენ და ერთი კაციც არ გადარჩენილა.
მამას ორი ქალიშვილი ვყავდით და მამა ფრონტზე რომ წავიდა, დედა მესამე შვილზე დატოვა ფეხმძიმედ. დაიბადა ბიჭი, ჩემი უმცროსი ძმა და მასაც ვაჟა დაარქვეს. ვაჟა წლინახევრის იყო, დიზინტერიით რომ გარდაიცვალა. მე რომ გავთხოვდი და პირველი ბიჭი გამიჩნდა, ვაჟას დარქმევა მინდოდა, მაგრამ მამიდებმა საგანგებოდ დამიბარეს და კატეგორიულად გამაფრთხილეს: არც ერთი ვაჟა არ შეგვრჩა, ყველა ახალგაზრდა დაგვეღუპა და შვილს სხვა სახელი დაარქვიო. შემეშინდა და სამივე ბიჭს სხვა სახელები დავარქვი.