logo_geo
მზიურის ყველა ქანდაკებას თავისი ისტორია აქვს და პროტოტიპი ჰყავს
- +

21 იანვარი. 2020. 20:25

 

 

თბილისის ბავშვთა ქალაქ მზიურის შესასვლელში, ლითონის კონსტრუქციაზე ჩამომჯდარი ბიჭი, ბევრს მწერალ ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი, ზურიკელა ჰგონია. სინამდვილეში ეს ბიჭუნა ქანდაკების ავტორის, გია ჯაფარიძის ძმის შვილის პროტოტიპია. ქანდაკება ბეტონისაა და ზემოდან სპილენძი აქვს გადაკრული. 

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქანდაკება გაიძარცვა. ბიჭის გარდა ყველა ქანდაკება და ფარდის ნაწილი წაიღეს. "ახალი მზიურის" დირექციის თხოვნის საფუძველზე კი, თბილისის მერიამ 2016 წელს, იზრუნა ქანდაკების აღდგენაზე მისი ავტორის, გია ჯაფარიძის უშუალო ჩართულობით. 

ქანდაკებასთან დაკავშირებულ კურიოზს მზიურის გენგეგმის ჯგუფის წევრი, არქიტექტორი გია აბულაძე იხსენებს: "გიას სახელოსნოში ჰქონდა ეს ქანდაკება, რიგის ქუჩაზე. დილის 6 საათია. გამოგვყავს ეს ბიჭი დაწოლილი. ძალიან მძიმე იყო. ორ-ორ კაცს ფეხები უჭირავს, ორ-ორს ხელები, ერთსაც თავი. მანქანაზე უნდა დადონ და მზიურში ჩაიტანონ. ამ დროს, ვიღაც კაცი გაჩერდა და , - რა მოუვიდაო? - იკითხა. 
-
ბევრი დალია და სახლში მიგვყავსო, - უპასუხა გიამ. იმ კაცმა ლექცია წაუკითხა, რომ არ უნდა დალიოს კაცმა, მით უფრო, ახალგაზრდამ". 

მზიურის ჩასასვლელში განთავსებული ჯამბაზის ქანდაკებასაც თავისი ისტორია აქვს. არქიტექტორმა გია აბულაძემ ნახაზში ადამიანი მასშტაბის მითითების მიზნით ჩასვა, ცეკაში კი ქანდაკებად მიიჩნიეს და მოიწონეს.  

"მზიურის ჩასასვლელის მაკეტი რომ გავაკეთეთ, იქ დავსვი ერთი ტიპი, ადამიანი, რომ მასშტაბი მიმეთითებინა. კომკავშირის ცეკაში განხილვაზე მოიწონეს ჩვენი მაკეტი და ერთმა იკითხა, ეს კაცი რა მასალაში კეთდებაო? მე ვუთხარი, ბრინჯაოში უნდა გაკეთდეს-მეთქი და მაშინ გაჩნდა აზრი, მართლაც ქანდაკება გაგვეკეთებინა. გია ჯაფარიძემ არლეკინზე მუშაობა რომ დაიწყო, მოვილაპარაკეთ და სახით ირაკლი მასხარაშვილს მიამსგავსა. ირაკლის გრძელი ცხვირი აქვს და გავუშვით ჭორი, ვინც არლეკინს ცხვირზე ხელს მოჰკიდებს, სურვილი აუსრულდებაო. ამიტომ ახლაც გაპრიალებური აქვს ცხვირი“, - იხსენებს არქიტექტორი გია აბულაძე.

მდინარე ვერეს ხევი ძალიან ღრმა იყო, დაახლოებით 20 მეტრის სიღრმის. გარდა ამისა, მთელი ვაკე მეწყრული ზონაა, ამიტომ დრენაჟები ჩააწყეს. 30 ათასი კუბური მეტრი ბალასტი ჩაყარეს. გარდა იმისა, რომ ხევი უნდა ამოევსოთ, კიბეც ხომ უნდა შეექმნათ. ნახაზებისა და მაკეტის რეალობაში გადატანა არ იყო ადვილი. ამაში ერთი ტოპოგრაფი ლიოვა ანდრეევი დაიხმარეს. დიდი ჯანის პატრონი და მაღალი დონის პროფესიონალი.

ერთხელაც, იქ ვართ და ნახაზზე ვაჩვენებ იმ ადგილს, სადაც ახლა ბორჯღალის შუაში ბროწეული დგას. ვეკითხები, აბა ეს ადგილი სად იქნება-მეთქი? მოიცადეო, მითხრა, ამოიღო თავისი ხელსაწყოები, გაიხედ -გამოიხედა და ერთ ხეზე მანიშნა. აი, ზემოთ, ჩიტი რომ ზის, იქ იქნება ეგ ადგილიო. ალბათ 15 მეტრის სიმაღლეზე იჯდა ის ჩიტი“, - ამბობს გია აბულაძე.

 

 

 

big_banner
არქივი