logo_geo
რატი ბრეგაძე: ჩვენ მივეცით პოლონელ ექიმებს საკუთარი პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, დავფიქრდებით შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე
- +

19 ივლისი. 2023. 23:36

"ეს ადამიანები ცდილობდნენ, მაქსიმალურად გაეუბრალოებინათ ეს პროცესი, ვითომ არც არაფერი დაშავებულა. არ წარმომიდგენია, რომ ნებისმიერი ანალიზის განთავსება ხდება წინდებში. თუ ეს ადამიანები მსგავსი ფორმით აბარებენ ანალიზებს, ეს სამედიცინო ეთიკასთან სრულიად შეუსაბამოა," - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლონელი ექიმების თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარების შეფასებისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ პროცესის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა, მათ შორის პოლონელი ექიმების დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით.

ბრეგაძემ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან ფარულად გატანის მცდელობის სავარაუდო მიზნების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს ნებისმიერი შესაძლო ვერსიის გაჟღერებისგან და ამ ეტაპზეც, რადგან შუამავალი იყო პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, მე, როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, მაინც მოვერიდები შესაძლო ვერსიებზე საუბარს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ გაჟღერებულ ვერსიას, გამომდინარე ამ პასუხებიდან, აქვს არსებობის უფლება.

ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მივეცით ექიმებს საკუთარი პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, რა თქმა უნდა დავფიქრდებით შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.

big_banner
არქივი