logo_geo
შს მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
- +

29 თებერვალი. 2024. 11:56

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის შეხვედრაში.

 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში - იესპერ მოლერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა.

 

ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა და ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მათზე მორგებულ გარემოში განხორციელება.

 

ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს და ევროკავშირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

ღონისძიების მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

 

აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. იგი ითვალისწინებს გააძლიეროს ოჯახებისგან განცალკევების რისკის მქონე, ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა.

 

big_banner
არქივი