logo_geo
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი აშშ-ში სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გააცილა
- +

5 მარტი. 2024. 12:16

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ისინი „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) მიიღებენ მონაწილეობას. პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გააცილეს. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვეს.

 

„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართება. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი მეორედ მონაწილეობს. პარასპორტსმენები, მეგობარი ქვეყნების დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, სპორტის 8 სახეობაში (მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე) იასპარეზებენ.

 

სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

 

big_banner
არქივი