logo_geo
მეუფე შიო: წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე - ჩვენს სულზე
- +

10 მარტი. 2024. 17:45

 

 

„წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკოთ", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

მეუფემ ხორციელის კვირიაკეს საშინელ სამსჯავროზე იქადაგა.

 

„სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის, თავისი საქმეებისთვის, სიტყვებისთვის და უფრო მეტიც, აზრებისთვისაც კი. ე.ი. უნდა მოიმკოს ის, რაც დათესა. ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად გადის ამსოფლიურ, ყოველდღიურ საზრუნავებში და ვერ ვიცლით-ხოლმე იმისთვის, რომ დავფიქრდეთ უმთავრესზე, მარადიულზე, თავს ვიმშვიდებთ ხოლმე იმით, რომ უფალი მოწყალეა, რადგან მან მიიღო უძღები შვილი, შეისმინა მეზვერის სინანული, აპატია გონიერ ავაზაკს და ვფიქრობთ, რომ ჩვენც მსგავსადვე შეგვიწყალებს და გვაპატიებს უფალი, მაგრამ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უძღებ შვილსაც, მეზვერესაც და გონიერ ავაზაკსაც ჰქონდათ ძლიერი რწმენა, უფლის სასოება და კიდევ რა ჰქონდათ, რა გამოავლინეს მათ? - დიდი სინანული. დავფიქრდეთ, გვაქვს ჩვენ ეს თვისებები? ანდა, დაგვრჩება დრო მათ მოსახვეჭად?

 

დიახ, უფალი მოწყალეა, რა თქმა უნდა, და მრავალმოწყალეა, მაგრამ წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით ასევე, რომ უფალი მართლმსაჯულიც არის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მისივე თქმით, უფალს თავისი დიდი სიყვარულითა და მოწყალებით მივყავართ სინანულისკენ და ჩვენი მოუნანიებლობით, სიჯიუტით, თავად ვიმზადებთ რისხვას ღვთის სამართლიანი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის.

 

„ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდმარხვამდე ერთი კვირით ადრე წმინდა ეკლესია, თითქოს, განგაშის ზარებს შემოკრავს და გვაფრთხილებს, რომ „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ და რომ საშინელი სამსჯავრო არ არის ჩვენს შესაშინებლად მოგონილი ამბავი, არამედ ეს არის რეალობა, რომელზეც თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის. თუ გასულ კვირას უძღები შვილის იგავით ეკლესიამ გაგვახსენა ღმერთის მოწყალება და სიყვარული, დღეს ჩვენ მოგვიწოდებს სულიერი სიფხიზლისკენ, რომ დავფიქრდეთ, რადგან არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი ჟამი და გვექნება თუ არა დრო და საშუალება, რწმენითა და სინანულით მივმართოთ უფალს. ამიტომ, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკოთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

 

big_banner
არქივი