logo_geo
მედდამ მომაკვდავ პაციენტს ქორწილი მოუწყო – BBC უკანასკნელი სურვილის შესახებ
- +

24 აპრილი. 2020. 13:04

 

 

20 აპრილს ახალგაზრდა მედდა სოფი ბრაიანტ-მაილზი ქალაქ ბრედფორდის საავადმყოფოში თავის პირველ ღამის მორიგეობას ასრულებდა. მორიგეობის შეცვლისას მან გაიგო, რომ განყოფილებაში იწვა მამაკაცი, რომელსაც უამრავი სამედიცინო პრობლემა ჰქონდა. თანაც, არსებობდა ეჭვი, რომ Covid-19-ითაც იყო დაავადებული. მედდას უთხრეს, რომ ის, ალბათ, ვერც გადარჩებოდა.

 

 

სოფიმ პაციენტის საწოლთან დაინახა ქალი, რომელიც სრულად იყო ეკიპირებული დამცავი სამოსით: ხელთათმანები, ნიღაბი, თვალებზე სპეციალური, გამჭვირვალე სათვალე. ქალი მომაკვდავი მამაკაცის საცოლე აღმოჩნდა. ისინი 15 წელი იყვნენ ერთად, მაგრამ ახალგაზრდობაში ქორწილი გადადეს – ხან ფული არ ჰქონდათ, ხანაც- დრო.

 

 

ვითარება სულისშემძვრელი იყო და სოფიმ გადაწყვიტა, საავადმყოფოს მღვდელისთვის, ჯო ფილდერისთვის, მათი დაქორწინება ეთხოვა. ჯო დათანხმდა, მაგრამ გააფრთხილა, რომ მხოლოდ საზეიმო რიტუალს ჩაატარებდა, ვინაიდან ასეთ ქორწინებას საავადმყოფოს კედლებში კანონიერი ძალა არ ექნებოდა. სამაგიეროდ, ისინი შეძლებდნენ, ერთმანეთისთვის ასე ნანატრი სიტყვები – „თანახმა ვარ“ – ეთქვათ.

 

 

ჯომ წყვილს ბეჭდები ფოლგისგან გაუკეთა და FaceTime-ით მათ ქალიშვილს დაუკავშირდა, რათა ისიც დასწრებოდა ამ საზეიმო ღონისძიებას.

 

 

ეს ძალიან გულისამაჩუყებელი ცერემონია იყო…  პატარძალი გაგებით მოეკიდა იმას, რომ მასაც, როგორც ყველა იქ დამსწრეს, დამცავი კოსტიუმი უნდა სცმოდა, ხოლო მის საქმროს სახეზე ჟანგბადის ნიღაბი უნდა კეთებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

 

 

სოფიმ ფოტოსესიასაც გაუწია ორგანიზება – ახალდაქორწინებულებს ეს ნამდვილად სურდათ. წვეულებაზე ტორტიც კი იყო.

 

 

ორივეს კარგად ესმოდა, რომ მამაკაცს დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი. მათ იცოდნენ, რომ უკანასკნელად აკეთებდნენ რაღაცას ერთად. ასეთი იყო მათი უკანასკნელი, ერთობლივი მოგონება.

 

 

ირგვლივ ყველა ტიროდა…

 

 

 

 

რას ყვება მღვდელი, ჯო ფილდერი

 

 

სამედიცინო მონაცემებით, ის იმ ღამეს ვერ გადაიტანდა, ამიტომ მე სასწრაფოდ ჩავატარე რიტუალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ეკლესიაში ჯვრისწერას. იქ ყველაფერი იყო – ბეჭდების გაცვლა, ფიცი და სხვა ატრიბუტიკაც.

 

 

პაციენტი მთელი ძალებით ცდილობდა სიტყვების წარმოთქმას, მაგრამ, გაძნელებული სუნთქვის გამო, ძალიან უჭირდა. მისი საცოლეც ცდილობდა, მაგრამ ცრემლების გამო, ენა ებმოდა. ოჯახის წევრები ერთდროულად ტიროდნენ და იცინოდნენ.

 

 

ყველაფერი დამცავი ეკიპირებით ხდებოდა. ეს რაღაც არარეალური იყო. პაციენტი დაიღუპა, მაგრამ იცოდა, რომ მისთვის ყევლაზე მნიშვნელოვანი სიტყვების წარმოთქმა მოასწრო. მისი მეუღლეც ძალიან ბედნიერია, რომ საყვარელი ადამიანისთვის ფიცის მიცემა მოასწრო.

 

 

 

წყარო: BBC

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი