logo_geo
თამარ ჩიბურდანიძე: NDI-ის კვლევით, ოპოზიციის მხარდამჭერთა 40% რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეა, რას გვეტყვის ამაზე ოპოზიცია?
- +

11 დეკემბერი. 2023. 16:09

 

 

„NDI-ის კვლევამ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. მართალია, გვაქვს გარკვეული შენიშვნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გაცილებით მეტად კრიტიკული იქნება“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში NDI-ის კვლევის შედეგებს.

 

მისი თქმით, უმაღლესი ნიშნულით შეაფასა ამ კვლევაში მშვიდობის და უსაფრთხოების ფასი გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა, რაც სახელისუფლებო პოლიტიკის უპირობო გამარჯვებაა.

 

„NDI-ის კვლევამ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. მართალია, გვაქვს გარკვეული შენიშვნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გაცილებით მეტად კრიტიკული იქნება. თვისობრივ კვლევაში გამოიკვეთა საინტერესო ფაქტები. თურმე ოპოზიციის მხარდამჭერთა 40% რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა, რას გვეტყვის ამაზე ოპოზიცია? გამოდის, ოპოზიციის თითქმის ნახევარი რუსეთუმე ყოფილა. ალბათ, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე მათ გვარებსაც მალე მოგვაწოდებენ საკუთარ საიტზე. კვლევის თანახმად, საქართველოში რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეთა რიცხვი გაზრდილია. რა არის ამის მიზეზი? ოპოზიცია ბუნებრივია, ამას ხელისუფლებას გადააბრალებს, ვითომდა პრორუსული პოლიტიკის გამო, მაგრამ აქაც ჩიხში აღმოჩნდებიან. გამოდის, რომ ხელისუფლებას იმდენად დიდი ნდობა აქვს მოსახლეობაში, რომ ამ მხრივ პროცენტები გაზარდა? რეალურად კი, რუსეთთან დალაგებული პოლიტიკის და ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეთა რიცხვი მსოფლიოს დღევანდელმა მცდარმა პოლიტიკამ და უკრაინის ომის კრახმა გამოიწვია. სიმართლე მხოლოდ ეს არის და ოპოზიციამ რაც არ უნდა გადააბრალოს სხვას, ხალხი ყველაფერს სწორად აფასებს. ისევე, როგორც უმაღლესი ნიშნულით შეაფასა ამ კვლევაში მშვიდობის და უსაფრთხოების ფასი გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა. ეს კი სახელისუფლებო პოლიტიკის უპირობო გამარჯვებაა“, - წერს ჩიბურდანიძე.

 

 

big_banner
არქივი