logo_geo
არჩილ გამზარდია: ასეთი საზოგადოება ვერფერს ქმნის!
- +

1 თებერვალი. 2017. 20:10


 

„შარშან, მეტროში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა და მაშინვე ატყდა ხმაური, შიმშილით მოკვდაო, რასაც მოჰყვა ლანძღვა-გინებათა მთელი კასკადი ყველა მიმართულებით. როგორც წესი, მოქალაქეები, საკუთარი თავის გარდა, ყველას ყველაფერს სთხოვდა და ყველას უკიდურესად ლანძღავდა", - ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს. გამზარდია ასევე გუშინ ქალაქ ბათუმში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.

 

„როდესაც გავიგე, წინა დღეებში ქალბატონების გარდაცვალების შესახებ, რომელსაც მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად და ისიც მეზობლების ვერსიად მოჰყვა, ზამთარია და იქნებ გაიყინენო, მეც, ისევე როგორც ყველას, მძიმე ემოციები მომაწვა, თუმცა, როგორღაც ვიპოვნე ძალა, რომ მომენტალურად რეაქცია არ მქონოდა. ახლა აღმოჩნდა, რომ სიცივით ქალბატონები არ გაყინულან, ხოლო მრავალი მოქალაქის უმისამართო და უკიდეგანო სიძულვილი, ლანძღვა დარჩა მხოლოდ საკუთარ სინდისთან პაექრობაში.

 

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ხშირად რეალურად ადამიანთა ბედი ნაკლებად არის აღელვების საგანი, სამაგიეროდ, თითოეული ამბის გამოყენება როგორ შეიძლება ვინმეს წინააღმდეგ, ეს ყველაზე აქტუალურია; ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ხშირად თუ კი უსამართლობას ვხედავთ, დაჩაგრულის დაცვაზე მეტად ვინმეს დასჯა გვაინტერესებს და ზოგჯერ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ძირითად სიამოვნებად აგრესიით კვება და ზიზღისა თუ სიძულვილის გამოხატვა ხდება სასურველი.

 

ეს მძიმე, არაშემოქმედებით საზოგადოებას ახასიათებს, საუკეთესო მოქალაქეები რჩებიან ყურადღების მიღმა. ყველაზე უარესები კი ინტერესის და ყურადღების ცენტრში. ასეთი საზოგადოება კი ვერფერს ქმნის, რასაც შემდეგ ერის სიკვდილიც მოჰყვება და ეს თვითმკვლელობა კი არაა, ეს უფრო მკვლელობაა",- წერს გამზარდია.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გაყინვას ასახელებენ. მათი განცხადებით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა.


დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.


 

big_banner
არქივი