logo_geo
ბევრჯერ ამწვანდა ბალახი და ბევრჯერ გადახმა ...
- +

25 იანვარი. 2018. 10:51



ქვა...

გესმის, ამ ლოდის ჩუმი ფეთქვა..?
- ტრანსში ჩავარდნილ
მლოცველს მაგონებს, ზღვარგადასულ 
მეტანიებით,
უღმერთოდ დაღლილს ამინდებით,
ქარის ნავარდით,
ბალახით, ჩემით, კიდევ უფრო 
მეტად - იებით.
ტახტია ჩემი და დრო... სახეც
აქვე შემიხმა,
მე და ქვა, ანუ ჩვენ, ვიხდენდით დაღლილ ნაოჭებს,
გელოდებოდი, ჩაიკარგა
ქვაში ჩემი ხმა, 
სუსტი ფრჩხილებით, სახელები
სადაც ამოჭრეს...
ჩვენ უნდა გვევლო, უნდა გვევლო
თუნდაც მოლიპულ
გზებზე, ცეკვით და შიგადაშიგ
ფეხის დაცდომით,
ქვად დაცემული, ბალახებში,
როგორც ოლიმპო,
გესმის, ამ ლოდის ჩუმი ფეთქვა,
ასე ნაცნობი..!
მე, შენ, იები - დაკარგული
ხმების ქვეყანა,
მე, ლოდი მიძგერს, შენ, სხვას ეძებ
მთების გადაღმა 
-- ახლაც და უწინ, ვინც, საზღვართან
შემომეყარა 
- ბევრჯერ ამწვანდა ბალახი
და ბევრჯერ გადახმა...
შენ და მე, ანუ, ჩვენ 
- უდედო მთვარეულები,
სიტყვებს ვიწიწკნით შეშლასავით
მშვიდი სახიდან,
დაგრძელდნენ გზები, ამინდები
- ქარით ულევი,
მივდივართ, ვრჩებით,
კვლავ მივდივართ - ისევ ახლიდან.
დღეები ხმობენ აღრენილი
ჯიშის ჟარგონებს...
დღე, ღამე, ანუ, ვიხუჭებით...
-- არ ვიხილებით...
გესმის, ამ ლოდის ჩუმი ფეთქვა,
... და რას გაგონებს..!
- სადაც, ამოჭრეს სახელები,
სუსტი ფრჩხილებით.

საშა გველესიანი



 

big_banner
არქივი