logo_geo
საშა გველესიანი - თმა არ გაყიდო არიადნე...
- +

15 თებერვალი. 2018. 12:39




რეკლამა ლამპიონის

ბოძზე

- ,,თმას შევისყიდი"



თმა არ გაყიდო არიადნე,

თმა არ გაყიდო,

თორემ, ნიავი მიატოვებს

ქალაქს - ქარებიც,

გაყიდე ჭორფლი, დაწერტილი,

მზისფერ სახიდან,

თუნდაც - სხეული, არავისგან

მისაკარები...

იცი, ის ქალი - ღამისფერი

თმა რომ გაყიდა,

გაყიდა როგორც ათასერთი

ღამის სიზმარი,

გადაეკარგა ათასერთი

ღამე სახიდან,

ეძებს ნიავი, წვიმაც ეძებს

ყოველ ცისმარე...

და თმას, უწვიმრად, უნიავოდ,

ვინ აგიქარებს

და ჩითის კაბაც აზრს დაჰკარგავს,

მწიფე აკიდოც,

ჩვენ დავიღლებით, შემოდგომის

წავა სიქარვე...

თმა არ გაყიდო არიადნე...

თმა არ გაყიდო...


საშა გველესიანი


 

big_banner
არქივი