logo_geo
დინა მირცხულავა - მარიტა არ დაბადებულა...
- +

22 თებერვალი. 2018. 12:33



მდუმარების აღთქმა აქვს დადებული მგონია ამ ოხერს და მე მიმლავს...
აბა, სულ დუმილი გაგონილა ?!
სიყვარულიც უცნაურად ამიხსნა თავის დროზე.
ყელში ამომასხა, ვუჩხიკინე და ვუჩხიკინე, ასე რატომ გძულვარ, ყველას ვუყვარვარ შენს გარდა მეთქი...
მერედა ვინ გითხრა, რომ მძულხარო ?! - მიპასუხა.
ადგა დილას და კარებში გამავალს წინ დავუხვდი :
- საით გაგიწევია !
- არსად.......
მე კი ვიცი, ეგ "არსად" სადაცაა.
ნადირობს, წამოიკიდებს ტროცკის დროინდელ თოფს და კლდის ჭიუხვებს მიაშურებს.
იპორწილებს, იწოწიალებს და პურის უკანასკნელი ნატეხიც რომ შემოეღოღნება, სახლიც გაახსენდება.
ხელმოცარული მოვა და ტყის სუნს მოიყოლებს, აღარ მიყვარს ეგ სუნი, ადრე მიყვარდა.
ზის ღუმელთან და წუთის წინ გამომცხვარ პურს უგემურად ღეჭავს.
ვუზივარ და ვუყვები, ვისიაანთი გათხოვდა, ვისიაანთი მოკვდა, რამდენი გვაქვს ვალი პურის, შაქრის, საპნის...
- იცი, ჯიხვებს რა ჰგონიათ ? - თავისას ერეკება - რომ მათზე მაღლა ვერავინ ვერ ავა და არასოდეს იყურებიან ზემოთ, ჩემნაირმა კარგმა მონადირემ ეს იცის და მაღლიდან წამოევლება ხოლმე...
ახლა ხომ უნდა გავგიჟდე ქალი და სუ ღერა- ღერა გავიცალო თმა, მაგრამ არ ვგიჟდები, ოღონდ ამან რამე თქვას და...
ასეთი შეუსაბამო პასუხები კი ძნელი ასატიანია ისე... 
მახსოვს შესაბამისიც...ერთხელ...
ძალიან ვიჩხუბეთ. ბავშვის სახელზე. 
- სახელი ბედს უწერს ადამიანს და მარიტა დაივიწყე, ტალახისთვის წირავო.
- ადამიანს სახელი კი არა ხასიათი უწერს ბედს მეთქი- შევეტლიკინე.
- სახელი უქმნის ხასიათსო - არაფრით დათმო.
ვიტირე და იყვირა. გავჩუმდი და დამუნჯდა თვითონაც. 
ისევ წავიდა სანადიროდ და საღამოს რაღაც ტყის ყვავილები მოათრია, მყრალი სუნის. ორსული რომ გავეგიჟებინე.
- გვირილებზე ალერგია აქვთ ორსულებს და ეს წამოგიღეო.../ცინიკოსი/
მარიტა არ დაბადებულა...



 

 

 

big_banner
არქივი