logo_geo
განსხვავებული და საკმაოდ გულწრფელი - იური მეჩითოვი
- +

6 დეკემბერი. 2016. 20:21



 „ბევრი არ ამბობს ამას საკუთარ თავზე, მაგრამ  უნდა ვთქვა, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ", - ეს ფოტოხელოვანი  იური მეჩითოვია - ოდნავ ეპატაჟური და საკმაოდ გულწრფელი ადამიანი. მკითხველისთვის მისი განსხვავებული მხრით გაცნობა ბევრი მიზეზის გამო გადავწყვიტეთ. მისი მონაყოლი მის პიროვნულ მახასიათებლებზე  ძალიან ბევრს ამბობს, თუმცა, ერთ-ერთი, რაც შეხვედრამდე მომხვდა თავლში, არის ის, რომ ამ ადამიანს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. სულ 10 წუთი შეგვიანდა, თუმცა, ეს, ამ მცირე ხანში, ზუსტად ორჯერ შემატყობინა. შეხვედრა ლიტერატურის მუზეუმის ბაღში შედგა. ალბათ, ეს გარემოც უბიძგებს ადამიანებს გულწრფელობისკენ. გურულებზე ანეკდოტი მომიყვა და როგორც სჩვევია, ხალისიანად  გავაგრძელეთ საუბარი. იური მეჩითოვის ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბარი მისი ბავშვობიდან დავიწყეთ...



ბავშვობა

 

დავიბადე, თბილისში - კამოს ქუჩაზე, სამშობიარო #2-ში.  გავიზარდე სვანეთის უბანში, ქვლივიძის ქუჩაზე. ბავშვობა კარგად არ მახსოვს. ზოგს 2-3 წლიდან ახსოვს, მე მახსოვს 6 წლიდან. სხვათა შორის, არ მაქვს კარგი მეხსიერება.  ჩემი მეხსიერება არის ფოტოგრაფიული. რაც გადაღებული მაქვს, მახსოვს. აი, თქვენც დამავიწყდებით, ფოტო თუ არ გადაგიღეთ.


ბებიაჩემი რიყეზე ცხოვრობდა, ულამაზესი უბანი იყო, „პესკები" ერქვა. ეზოც ისეთი იყო -მხატვრული. მჭედლები მუშაობდნენ... ერთი მეზობელი ჰყავდა - გრიშა ოდესიანი, რომელიც ტელესტუდიაში მუშაობდა.  მან გადამიღო პირველი სურათები. ფოტოგრაფიასთან კავშირი იმ ადგლიდან დაიწყო.


ყველას სომეხი ვგონივარ. დედაჩემი კი არის სომეხი, მაგრამ ისეთი სომეხია, რომ არ ყოფილიყო - ჯობდა. სომხური არ იცის და ამას ვგულისხმობ. ენაა მთავარი დამაკავშირებელი. ჩვენ, მეჩითიშვილები ვართ. ჩემი უმცროსი ძმებიდან - ერთი მეჩითოვია, მეორე მეჩითიშვილი. ასე ვართ დაყოფილები. ქართულ გვართა ლექსიკონშიცაა მითითებული, რომ ნამდვილად ქართული გვარია - მეჩითიშვილი. რუსიფიკაციის დროს - ოვ-ზე მთავრდებოდა გვარები, ზოგმა ეს მერეც შეინარჩუნა, ზოგმა არა.


მშობლები

 

მამა 2003 წელს გარდაიცვალა, ფანტასტიკური ადამიანი იყო. ქუდებს კერავდა და ამ მხრივ ძალიან ცნობილი იყო. საოცრად მშრომელი ადამიანი იყო. მისი წყალობით მაქვს ოთხოთახიანი ბინა დიდ დიღომში, სადაც მე ახლა ვცხოვრობ. ძალიან კარგი თამადა იყო. ბოლო დროს მეც ვეზიარე ამ აკადემიას და სადაც ვარ, ყველგან მე ვარ თამადა. ანუ, მამაჩემის კვალს გავყევი. ძალიან კომუნიკაბელური იყო და ეს თვისება, ალბათ, მისგან მაქვს. მე, მეტ-ნაკლებად პორტრეტისტი ვარ  და აქ ასეა - 90% არის ურთიერთობა და 10% ტექნიკური ფიქსაციის აქტი.


დედა 85 წლისაა, კარგად მყავს - ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს. მყავს ორი ძმა - ჩემზე 2 და 8 წლით უმცროსები - ოჯახებით.


სკოლა

 

32-ე რუსული სკოლა დავამთავრე. იქვე იყო კინოთეატრი „კოლხეთი". ანუ, შატალოს ადგილი გვქონდა სკოლიდან 5 მეტრში. ჩემი კლასი არ იყო მეგობრული. არანორმალურები ვიყავით. მეც მათ შორის. სკოლას რომ ამთავრებენ და მერე ხვდებიან ერთმანეთს - ჩვენ ასე არასდროს შევხვედრივართ.  


ამ პერიოდში ვიყავი საკმაოდ მშიშარა, არ ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ყველაზე დიდი მოვლენა იმ პერიოდიდან, ჩემი თანაკლასელი თამუნა  იყო, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა.

„ქუჩის ინსტიტუტი" მაშინ ნაკლებად იყო ფეხმოკიდებული. უშუალოდ მე, ძალიან სახლის ბიჭი ვიყავი, ძალიან შორს იყო ჩემგან ბირჟა. მაშინებდა კიდეც. არ ვიყავი მებრძოლი და ა.შ.  არ იყო ეს ჩემი სამყარო. მიყვარდა ჩხირკედელაობა და მიზიდავდა ქალების სამყარო.


სიყვარული

 

პატარა სიყვარულები ყოველთვის არსებობს ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ პირველი, მდგრადი სიყვარული ჩემი თანაკლასელი, შემდეგ ჩემი მეუღლე თამუნა გახლდათ, რომელიც 1969-ში ქორწინებით დაგვირგვინდა. გვყავს 2 გოგონა და სამი შვილიშვილი.


არ ვეთანხმები ნათქვამს, რომ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგს ერთხელ უყვარდება და სამუდამოდ, ზოგს რამდენჯერმე. ადამიანი რთული არსებაა, რთული ბუნების მატარებელია და ეს ბუნება ატარებს და ათამაშებს მას. რომ ამბობენ - უღლატაო, რას ამბობთ, რომ არ ეღალატა, მაშინ საკუთარ თავს უღალატებდა?! საკუთარი თავის ღალატი უარესია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ადამიანის ღალატი, თუნდაც ცოლი იყოს. როგორც ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობდა - ღალატია, ჩემს ცოლს რომ მივეპარო და რაღაც ჩავარტყაო თავში.

 

პირველი ფოტო

 

ჩემს ყველაზე ძველ ფოტოდ ითვლება ფოტო, რომელიც გადაღებული მაქვს 10 წლის ასაკში. ფოტოზე აღბეჭდილია ჩემი პატარა ძმა, რომელიც ნიჩბით იქექება ქვიშაში.


არც ერთი საბუთი არ მაქვს იმის დამადასტურებელი, რომ ფოტოგრაფი ვარ. 1961 წელს, მეორე-მესამე კლასში რომ ვიყავი, ბებიაჩემმა მიყიდა ფოტოაპარატი. ფულის რეფორმა იყო მაშინ. 35 მანეთი ჰქონდა პენსია  და 13 მანეთი დაუჯდა.


ჩემი პირველი გამოფენა გავაკეთე 29 წლის ასაკში - ვოვა ნიკოლეიშვილთან ერთად - კინოს სახლში. მაშინაც მეგობარმა მითხრა - იურა, ტყულად რომ აჩხაკუნებ ამ ფოტოაპარატს, ნუთუ არ გიფიქრია, ეს გააანალიზოო.  მიუხედავად იმისა, რომ 20-წლიანი „სტაჟი" მქონდა, სულ რაღაც 15 ფოტო  ჩავთვალე გამოფენის ღირსად. თვითკრიტიკული ვარ და კრიტიკული ზოგადად - ადამიანებისადმი, სახელმწიფოსადმი და ა.შ.  3 წლის მერე კიდევ მქონდა გამოფენა და მაშინ, 1982 წელს მივხვდი, რომ მე ვარ ხელოვანი და იყო ხელოვანი, ეს დიდი პასუხისმგებლობა ყოფილა.


იმ დროს გავიცანი და დავახლოვდი სერგო ფარაჯანოვთან. მანამდე ძალიან შორს ვიყავი მატერიალური კულტურისგან.  ფარაჯანოვის მეშვეობით მოხდა ამ კულტურის გააზრება, გაგება, შექმნის უნარის  გამომუშავება.  ეს სერიოზული სკოლა იყო.


ბევრი არ ამბობს ამას საკუთარ თავზე, მაგრამ  უნდა ვთქვა, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ვიღაცისთვის ბედნიერება ბოლო მოდელის მანქანაა, ვიღაცისთვის - ბანკში ანგარიში. არც ერთი ამათგანი არ მაქვს, მაგრამ მე ცხოვრებაში ისეთი ბედნიერი შეხვედრები მქონდა ადამიანების მხრივ, რომ ეს ყველაფერი მაძლევს ამის თქმის საშუალებას.


დღეს ყველა ფოტოგრაფია, მაგრამ ფოტოგრაფია ეს - ან პროფესიაა, ან ხელოვნება.  ახლაც ვასწავლი. 30-წლანი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე დავალება მაქვს - ვიმუშავე სტანდარტზე, მოდულებზე და უნდა დავწერო სახელმძღვანელო. ბევრს არაფერს მიხდიან ამაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ვალდებულებაა ასეთი.


სულ თავგადასავლებში ვარ. 1998-99 წლებში, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი სიყვარული, დამეწყო ეროტიული შეტევა. ამ პერიოდში დავიწყე ეროტიული ფოტოების გადაღება. მე და მაიკო დეისაძემ გავაკეთეთ პროექტი - ფიროსმანის ფერისცვალება. პროექტი, საერთო ჯამში 15 ტილოს მოიცავს. ეს იყო ფირსომანის გადამღერება ახლებურად, სადაც იყო ეროტიული ნაწილიც. წარმომედგინა ფიროსმანის ვნებანი, როდესაც მარგარიტა დაინახა და ა.შ. ეს ფოტო, 1/1.5მ-ზე გაიყიდა 1000 დოლარად. ასე ძვირად არ გაყიდულა საქართველოში ფოტოგრაფია.


სტუდენტობა

 

არასდროს მიფიქრია, რომ ხელოვნების მიმართულებით  წავსულვიყავი. პროფესიით სამთო ინჟინერი ვარ. ტექნიკით ვიყავი გატაცებული და ამიტომაც გადავწყვიტე ამ მიმართულებით წასვლა. რადგან ფოტოგრაფია შევისწავლე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფოტოგრაფი გავხდი.  ეს, ერთ-ერთი უნარი იყო, რომელსაც როცა მინდოდა, მაშინ ვიყენებდი.  სტიპენდიაც მქონდა - 35 მანეთი.


ამ პროფესიას ძალიან ვუმადლი. სამჯერ ვიყავი უბედურ დონბასში, მიწისქვეშაც მიმუშავია 2000 მეტრს ქვემოთ. ამან საოცრად დიდი პრაქტიკა და განცდა მოგვცა სამყაროსადმი. სერიოზულ მოგონებად დამრჩა ის ყველაფერი - ხელში ნიჩაბი მეჭირა და ვირულად ვმუშაობდი.  იმაზე მეტი ვირული შრომა არ არსებობს. დღეს რომ გამოდიან მეშახტეები და დემონსტრაციებს აწყობენ, მე ძალიან კარგად მესმის მათი.


პოლიტიკა

 

პოლტიკურად ძალიან აქტიური ვარ. ძალიან ანტიმიშისტი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა მნიშვნელოვანი პორტრეტი ჩემი გადაღებულია. მანვე თქვა, ჩემი გაპრეზიდენტება - 5% მაინც შენი  დამსახურებააო. მართლაც ასეა და ეს ცოდვა მეც მადევს კისერზე.


საქართველოში არ არსებობდა იმაზე უზნეო ადამიანი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია.  იმ დროს ტელევიზიითაც კი გამოვედი და „დავახურე თავზე". „მამა-შვილურად" ვუთხარი მერაბიშვილებს და მისნაირებს -  ნუ ატრაკებთ! სანამ ეს ყველაფერი  უარყოფითად არ მობრუნდება ისევ თქვენზე-თქო.  ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.  მერაბიშვილი ციხეში ზის, სააკაშვილს ხვალ-ზეგ მოკლავენ. მიშა სააკაშვილისგან განსხვავებით, თვით შევარდნაძესაც კი ჰქონდა რაღაც ადამიანური თვისებები. სულ ხიფათში ვიყავი, სულ წინა ხაზზე.


არჩევნების წინ დამიბარეს „შუშის სასახლეში". ბიძინა ივანიშვილმა თბილად მიმიღო და მითხრა - იქნებ, სომხურენოვან რეგიონში მაჟორიტარი გახდეო. სად ვიცოდი ამდენი სომხური - ავუხსენი ეს ფაქტორი. ამის მერე, ერთ დღესაც მირეკავს სოზარ სუბარი, შევავსე ანკეტა, როგორც დეპუტატობის მსურველმა. ჩაიარა არჩევნებმა, დედაჩემი გახარებულია, რომ ვარ პარლამენტარი.  პირველი სხდომამდე სამი დღით ადრე მივდივარ „ქართული ოცნების"  ოფისში და იქ მეუბნებიან - იურა, შენ არ ხარ პარლამენტში, როცა ანკეტას ავსებდი, მძიმე არ გქონდა სწორად დასმული  და ამ მძიმის  შედეგად, არ შეიძლება  იყო პარლამენტარიო.  ასე გამაცურეს.


მანამ, ერთი კვირით ადრე გურამ ოდიშარიამ დამირეკა - იურა, პარლამენტარის მანდატს ხომ არ გაცვლილი ჩემი თანაშემწის მანდატშიო - ჩვეულებრივი ბრძოლა მიდიოდა სკამებისთვის. კულტურას პარლამენტიდანაც კარგად მივხედავდი დ ამიტომაც ვუთხარი  - არა.


პარლამენტის პირველ სხდომამდე, ერთი საათით ადრე სუბარი მირეკავს ისევ - ხომ არ დავუბრუნდეთ ძველ ვარიანტსო - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება, იმიტომ, რომ დიდი წვლილი მქონდა შეტანილი ძველი „ჩათლახების" ჩამოგდებაში და ახალი „ჩათლახების" მოყვანაში (გთხოვთ, სტილი შეინარშუნოთ).


12 ნოემბერს წარმადგინეს კულტურის მინისტრის მოადგილედ. იმ დღესვე დაიწყო ჩემზე შეტევები. წამოსწიეს ოკუპაციის მუზეუმის თემა, სომხობაზე ჰქონდათ გადატანილი ყურადღება - ამ სომეხს რა უფლება აქვს, მინისტრის მოადგილე იყოსო და მისთანანი. მახსოვს, ძალიან აქტიურობდა რუსი „ჟურნალისტი", ნაძირლების გენერალი - პანფილოვი და ირაკლი ღლონტი - ახალგაზრდა თაობის ნაძირალა. ასპარეზი რომ მიეცეს, მიშა სააკაშვილს აჯობებს ნაძირლობაში.  


პირველი თვენახევრის განმავლობაში მქონდა კაბინეტი, მანქანა მემსახურებოდა... ხელფასი არ მქონდა, რატომღაც... თვენახევრის შემდეგ გამომიძახა გურამ ოდიშარიამ და მეუბნება - არ დაგამტკიცეს მინისტრის მოადგილედო. მას მერე ორი წელი გავიდა და დღემდე არ მეუბნება, ვინ არ დამამტკიცა.


მთელ ამ ისტორიაში, უწყებაში დოკუმენტურად არსად არის ნაჩვენები, რომ მე ვიყავი კულტურის მინისტრის მოადგილე. მერე შემოთავაზეს მრჩევლის პოსტი, დაბალ ხელფასზე, არ მომცეს არც სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი. ერთხელ გავაპროტესტე კიდეც - არ უნდა მქონდეს სამუშაო მაგიდა? უსაფუძვლოდ არ ამიღია ხელფასი ცხოვრებაში-თქო, ეს 600 ლარი, ბევრია თუ ცოტა, რაში უნდა ეხადათ? სულ ვმუშაობ. ოდიშარიამ მიპასუხა - ნეტა მე ვიყო, იურა, შენს დღეში, არაფერი ვაკეთო და ფული მივიღოო... ასეთ ვითარებაში მამყოფეს ერთი წლის განმავლობაში. ეს ფული მოდიოდა ანგარიშზე - ალბათ, ეს ჩემი მორალური კომპენსაცია იყო. შემდეგ წამომიყენეს მოთხოვნა - ან ყოველდღე იარე, ან უნდა გაგათავისუფლოთო. არ დავთანხდი თავისთავად - არაფერს არ ვაკეთებდი და ტყუილად რატომ უნდა მეარა?! პატარა კაცია გურამ ოდიშარია, ყველას მას „აწვებოდა" - ვერ გაუძლო ზეწოლებს. ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა ჩემი ადგილი.


ეს ყველაფერი რომ დასრულდა, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი სომხურ ეკლესიასთან ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში, კონიაკი დავლიეთ ერთად. მაშინ ერთი უცნაური ფრაზა მითხრა ბიძინა ივანიშვილმა - იურა, შენთან მიმართებაში დავჩმორდითო... ჩემი პასუხი იყო - რამ დაგაჩმორათ?.. მოკლედ: პირველი ადამიანი ვიყავი, რომელიც არსებული ხელისუფლების პირობებში  შეწირა „დანოსებს", ამ დასმენებს და ა.შ.


ცხოვრებაში უფრო ადრე რომ შემხვედროდა ჭკვიანი ხალხი, ბევრად მეტს  მივაღწევდი. რაჭველივით ვარ, გვიან-გვიან ვაკეთებ და ვხვდები რაღაცებს. ბოლომდე არარეალიზებული ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში უნდა წავსულვიყავი... შესაძლოა, წავიდე კიდეც, მაგრამ ჩემს საყვარელი ადამიანი, ჩემი მეორე სიყვარული - მაიკო ამას ძალიან ეწინააღმდეგება და ეს არის ჩემი მუხრუჭი.


საერთო ჯამში - ერთი ხელმოცარული, გაუბედურებული ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელიც სულ ვალებშია. ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში შეძლო გაეკეთებინა გაცილებით მეტი, მაგრამ გააკეთა ძალიან ცოტა. ჩემს შვილიშვილებს რომ ვუყურებ თვალებში, ვხედავ, რომ მე მათ ვერ დავუტოვე ბედნიერი მომავალი. ეს არის ძალიან ცუდი განცდა. უფრო მეტი რამ მინდოდა გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა, მგონია, არ დასრულებულა ჩემი სიმღერა...



P.S. ცნობისთვის: იური მეჩითოვი - 1972-1975წწ. იყო „საქგიპროშახტის" ინჟინერი;

1975-1980წწ. პროფსაბჭოს კინომოყვარულთა სტუდიის მეთოდისტი;

1980-1990წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ფოტოგრაფი;

1986 წლიდან გაზეთ „ქართული ფილმის" ფოტოკორესპონდენტი;

1992-1996წწ. რუსთაველის თეატრის ფოტოგრაფი; 

1996-2002წწ. „ფოტობანკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

1998-2002წწ. კულტურის ინსტიტუტის მხატვრული ფოტოგრაფიის პედაგოგი;

2002 -2004წწ. „მთავარი გაზეთის" ფოტორედაქტორი;

2008-2010წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

2011 წელს დაარსა და მუშაობდა ლექტორად „მეჩითოვი დეისაძის ფოტოსახელოსნოში";

2012 წელს  წარდგენილი იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ.

 

ასევე, არის ორასამდე ჯგუფური და პერსონალური ფოტოგამოფენის მონაწილე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; მუშაობდა  მთელ რიგ გამოცემებზე, როგორც დიზაინერი, ფოტოგრაფი და ფოტორედაქტორი; არის ბევრი ფოტოგრაფიული პროექტის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის დაკვეთით განხორციელებული 5 პროექტი; პოლიტიკური, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი ხასიათის პუბლიკაციების და ასევე რამდენიმე პროზაული ნაწარმოებების ავტორია. გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში.

 

 

 


 

big_banner
არქივი