logo_geo
გელა ზედელაშვილი - ცხოვრება პრესით
- +

8 მარტი. 2017. 18:35


 

 

„შვილიშვილი სახლიდან რომ მაცილებს, პირჯვარს გადაიწერს და მეუბნება  - ჯვარი გეწეროსო - აი, ესაა სიყვარული", - გვეუბნება  ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. უკვე 11 წელია გაზეთ „ალიას" ჟურნალისტია და წლებმა ადამიანური ურთიერთობების „ექსპერტიც" გახადა. როგორც გვითხრა, ბევრმა უღალატა, მაგრამ უკვე ისე მიეჩვია, ღალატსაც აღარ აქცევს ყურადღებას - ღალატიც გაუფასურდა, ჩვეულებრივი მოვლენა გახდაო, - აღნიშნავს. ამბობს, რომ რევანშისტია, ბავშვობიდან „აჩმახებდა" და სულ გასაკრიტიკებელ მასალას ეძებდა. პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ურთიერთობებზეც  საუბრობს და გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ „ჟურნალისტები ბრძოლაში  წინ ხაზზე ვართ და მერე - გამარჯვებულებს ვშორდებით..."

 

 

 

ბავშვობა

 

ლაპარაკი არ არის რთული, მუშაობა და კითხვების დასმა უფრო რთულია. შესაძლოა, პირიქითაც იყოს, არ ვიცი, საკითხს გააჩნია. ისე, გამოგიტყდებით და რთულ ამპლუაში აღმოვჩნდი...


სიღნაღის რაიონში, სოფელ ჯუგაანში დავიბადე. საბავშვო ბაღში არ მივლია. არ ვეთანხმები, რომ ამბობენ, რომ ის ეპოქა -  საბჭოეთი და ა.შ., რომელშიც მე დავიბადე, შავბნელი იყო. საბჭოთა კავშირს არ მივტირი, მაგრამ იმ პერიოდში იყო გარემოება, რომელშიც ბავშვი ცხოვრობდა ლაღად და უდარდელად და ბავშვს სულ არ აინტერესებდა მაშინ, ის რა წყობაში ცხოვრობდა.  ყელსახვევსაც მოვესწარი, მაგრამ მე არ მიტარებია.


ჩემზე საუბარს დავიწყებ იმ პერიოდიდან, საიდანაც ცნობიერება მეწყება. როცა  ცნობიერება ჩამომიყალიბდა, მაშინვე წერა დავიწყე. მაშინ გავაცნობიერე, რა უნდა მეკეთებინა. ყველა ბავშვს აქვს რაღაც ოცნება. ჩემს კლასში ზოგიერთს კოსმონავტობა სურდა, ზოგიერთს უნდოდა, სოსო ცინცაძე გამოსულიყო... პოლიტოლოგობა გვინდოდა და ვბაძავდით.


სკოლაში კედლის გაზეთი გვქონდა და მისი რედაქტორი ვიყავი. იქაც „ვაჩმახებდი"... მაშინაც სულ ვეძებდი, ვინ გამეკრიტიკებინა. ალბათ, გენში მაქვს. მაშინ ორი საბავშვო გამოცმა იყო - „ნორჩი ლენინელი" და „პიონერი". ბევრი დღეს ცნობილი ადამიანი თანამშრომლობდა მათთან. სხვათა შორის  - ლაშა ნადარეიშვილიც, ლექსებს წერდა - ნორჩი პოეტი გახლდათ. მე წერილებს ვწერდი - რა ხდებოდა ჩემს სსოფელში, ჩემს სკოლაში... როგორი უნდა ყოფილიყო მოწავლე  - როგორ უნდა მოქცეულიყო და არ  უნდა მოქცეულიყო. 1975-ში „ნორჩი ლენინელის" დაარსებიდან 50 წლისთავი აღინიშნა ფილარმონიაში. სიგელი გადმომცეს და მომენიჭა „ნორჩი კორესპონდენტის" წოდება.


რადიო მიყვარდა. ის იყო მაშინ ჩვენი „ფეისბუქი". ჩვენ ვიყავით „რადიო-ხულიგნები" და საკმაოდ ბევრი. გადამცემს ვაწყობდით ჩვენ თვითონვე და ეთერში გავდიოდით. ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ვეცნობოდით, მუსიკას ვუშვებდით - „ავჭლისა გზატკეცილო, კარგი ხარ..." და ა.შ.


ეს იყო აკრძლული, სამშობლოს ღალატი. 3-4 წელი გამოსასწორებელ კოლონიაში გიშვებდნენ, თუ დაგიჭერდნენ. ბევრი დაიჭირეს,  მაგრამ მე ვერ მიჭერდნენ. ტალღებს ეტყობოდა ლოკატორის მოახლოება. ვთიშვდი და იქ მთავრდებოდა. ერთხელ სოფლის ხელმძღვანელმა გამომიჭირა, დამიბარა კაბინეტში - მათრია, სულ სამშობლოს მოღალატე მეძახა, მაგრამ ჩემი მოგვარე იყო და ბოლომდე არ გამწირა.


პარადოქსი იყო ის, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და ოფიციალურად გავფორმდი ჟურნალისტად, რადიოში დავიწყე მუშაობა.


სიყვარული

 

სიყვარულით გაგიჟებული და გადარეული არასდროს ვყოფილვარ. სკოლის პერიოდში ვინც კი მომეწონა, ყველა ბებიაჩემის ნათესავი აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ აეხსნთ და ეთქვათ, რომ ნათესავის შეყვარება არ შეიძლება - ჯოხით დამდევდნენ.


შემოქმედება

 

ვენახში მუშაობა არ მიყვარდა, სულ ძალით მივყავდი მშობლებს. მიყვარდა წერა, კითხვა და ხატვა. ვწერდი - რომანებს, მოთხრობებს. ლექსის წერა ოდნავ მოგვიანებით დავიწყე, მართალია, დავწვი, მაგრამ დავიწყე. არ ვწერდი ტრაგიკულ სიყვარულზე. უმეტესად პატრიოტულ მოტივზე ვწერდი.


პროფესია

 

მამაჩემს უნდოდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე გამოვსულვიყავი. თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე არა, მთავარი აგრონომი მაინც. პირველ ჯერზე დავუჯერე, ვისწავლე, ჩავაბარე და სამი წელი დავკარგე. ამის მერე იყო თოიძე, რომლის დამთავრების მერეც ვასწავლიდი სკოლაში - ხატვას და ხაზვას. მერე იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვათა შორის, მისაღები გამოცდები სულ 5-იანებზე ჩავაბარე, რაც იმ დროში - ქრთამის და კაცის გარეშე იშვიათი შემთხვევა იყო.


სოფლელები და ქალაქელები

 

შეცდომაა, როდესაც ადამიანს  „სოფლელოთი" მიმართავენ. თბილისში ყველა სოფლელი ვართ. აბა, გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ არაა სოფლელი. ბოლო დროს „სოფლელოს"  „ხიხო" დააატეს და „სოფლელი ხიხოთი" ამკობენ ადამიანებს.  ამ დროს, სოფელელი სულაც არ არის ხიხო. ხიხოებს ქალაქშიც ბევრს ვხედავ. შესაძლოა, ვერ იყოს ძალიან გაქექილი სოფლელი  -- ქალაქელივით, მაგრამ ქალაქში რომ გიჟი და შეუგნებელი მხვდება, ამდენი სოფლეშიც არა.

 

„ალია"

 

„ალიამდე" იყო ჩავარდნა, პერიოდი, როცა არ მუშაობ, ზიხარ და ელი, როდის დაგიძახებენ. რაც ძალიან არასწორი მიდგომა ყოფილა. თუ შენ არ შეაწუხებ, შესაძლოა, ვერც წარმოიდგინონ, რომ რამე გჭირდება... ბოლო ორი არჩევნები რამდენი ვიმუშავეთ, რამდენ ვინმეს ვედექით მხარში, მაგრამ გამოვიდა, რომ არავისაც არ ვედექით მხარში, არავის ახსოვხარ, არავინ გკითხულობს...


მოკლედ - „ალიაში" სანამ მივიდოდი, ამ გაზეთიდან წამოსულები გაზეთზე ყველა ცუდს მეუბნებოდა.  ისეთ რამეებს დაგავალებენ, არ გააკეთებო... როგორც მერე გავარკვიე, ყველა გაშვებული  იყო კონკრეტული მიზეზებით  - ზოგი უნიჭობით და ა.შ. იყვნენ ნაწყენები და მათი საუბრებიც იყო შესაბამისი..


გაზეთი ჩემთვის არის პური, სულიერი საზრდო. ყველა სახის მედიაში მიმუშავია, მაგრამ გაზეთი სულ სხვაა. ინტიმია. ვისაც გაზეთი არ აქვს გავლილი, მიმაჩნია, რომ არაფერი არ აქვს გავლილი. არასდროს გამომიყენებია პიროვნული შურისძიებისთვის გაზეთი, მაგრამ თუკი შეურაცხყოფა მომაყენა ვინმემ, პასუხი გამიცია. რამდენიმე წლის წინ დედოფლისწყაროს დეპუტატი გავაკრიტიკე. მერე  წასულა, ჩემი ნათესავები უნახავს და ცდილობდა, გაერკვია - რა დამიშავა მე. რა სისულელეა, ჩემთვის რა უნდა  დაეშავებინა?  დეპუტატი ხომ უცოდველი კრავია, ფრთიანი ანგელოზი და ა.შ.


არასდროს მქონია ცნობადობის ამბიცია. რადიოში გადაცემებიც კი მიმყავდა, მარამ იქ არ ვიყავი ცნობადი. „ალიამ" გამიჩინა ამბიციები - რომ გავაკრიკიტო გასაკრიტიკებელი და გასალანძღი გაილანძროს.


„ალიაში" 11 წელია ვმუშაობ და ამ გაზეთმა წარმოაჩინა ჩემი შესაძლებლობები. პირველად ამ გაზეთმა აღმოაჩინა ეს. დღეს, ვფიქრობ, რომ რეალზებული ვარ. რაც მაწუხებს, ვწერ, ვმუშაობ... საზღვრები არ მაქვს.


ჩემთვის დღეს ავტორიტეტები არიან ის მედიაგამომცემლები, რომლებიც ბაზარზე ავტორიტეტულები არიან. კარგად აკეთებენ და უძღვებიან მედიასაშუალებებს. არ ვგულისხობ „რუსთავი 2"-ს. ეს უკანასკნელი სულაც არ მიმაჩნია ტელევიზიად. ფაშისტური ორგანიზაციაა - ჩემი შეფასებით. ჩემთვის მისაბაძი და სამაგალითოა გიორგი ბრეგვაძე. ამ ადამიანმა შეძლო და წითელი ზოლი გაავლო ქართულ ჟურნალისტიკაში  -  გაუძლო ამდენ პოლიტიკურ ბატალიას, ამდენ პროვოკატორს და პროვოკაციას. შექმნა ამბიციური გაზეთი და მოიყვანა. „პალიტრა მედია" კარგია, მთელი იმპერია შექმნა.


მედია და პოლიტიკა

 

როდესაც ნამდვილი ჟურანალისტი ხარ - არ ინდობ არც შინაურს, არც გარეულს. მე ბუნებით არ გამომდის თანამდებობის პირებთან მეგობრობა. ყოფილებთან შეიძლება. ზოგადად ჟურნალისტებს ასეთი ბედი გვაქვს - ვიბრძვით ვიღაცასთან ერთად, გაიმარჯვებს ის ვიღაცა და იწყება ახალი ბრძოლა. შესაძლოა, ვიმეგობრო ბრძოლის პროცესში, მაგრამ როგორც კი იმარჯვებენ, ეს ურთიერთობა რატომღაც მთავრდება. არც ისინი იკლავენ თავს ურთიერთობით  - ასეთი მიდგომა აქვთ პოლიტიკოსებს - სანამ სჭირდები, ახსოვხარ, გამოგიყენებს და დაიკარგება. ბრძოლაში ვართ წინ ხაზზე და გამარჯვებულებს ვშორდებით.


სამოქალაქო თვითშეგნება

 

რადიოში გადაცემები მიმყავდა. სიუჟეტებსაც ვაკეთებდი. 1991-91 წლების ყველა დიდმა უბედურებამ ჩემს თვალწინ გაიარა. იქ ვიყავი და საკუთრი თვალით ვუყურებდი ყველაფერს. სულ ზეპირად ვიცი, როგორ გააგდეს ზვიად გამსახურდია. ტელევიზიის კიბეებზე რომ მოღალატეები დასხდნენ - აი, ის ვითომ ნაღები საზოგადოება. სინამდვილეში შავი ნაღები საზოგადოება. ვინც შევარდნაძეს უჭერდა მხარს, ყველა იქ იჯდა. ზვიად  გამსახურდია დიდქტატორიაო და 7 თვე არ აცალეს. სინამდვილეში ჰუმანისტი იყო. ესენი კიდევ, ვითომ ევროპულს აწვებოდნენ - შევარდნაძე გვიშველისო... კარგად მახსოვს, ტელევიზიით გვაუწყეს - ზვიად გამსახურდია ქვეყნიდანაა გაძევებული და სამშობლო თავისუფალიაო.


სხვათა შორის, დღესაც იგივე ხდება. ჩემთვის ძალიან ნაცნობი სურათებია. ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა, ჩემი თანამშრომლები სცენარებს წერდნენ, ფილმების გადასაღებად ემზადებოდნენ... მაგრამ როგორც კი შეტრიალდა სიტუცია, დაწვეს ყველა მასალა და მერე უკვე შევარდაძეზე დაიწყეს მასალების შეგროვება. მუდამ მლიქვნელობის ზეიმი იყო და არის ჩვენს ქვეყანაში, სულ ამ წრეზე დავდიოდით და დავდივართ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ჩვენ ის ხალხი ვართ, ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული ერთმანეთს რომ ვხოცავთ.


ერთ დროს ასლან აბაშიძე იყო ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. მასზე ამბობდნენ, რომ ის იყო მომავალი პრეზიდენტი, შევარდნაძე გადადგებოდა და ის მოვიდოდა. მაშინ ასლან აბაშიძე ინახავდა ინტელიგენციის იმ დიდ ნაწილს, რომელსაც ინახავს დღეს ბიძინა ივანიშვილი. გამოუცა წიგნები, დაუდგა სპექტაკლები და ა.შ. მერე რაც მოხდა, ვიცით... მარტო დარჩა ასლან აბაშიძე. ვინმეს ახსოვს? ღმერთმა ნუ ქნას, ფეხი წაუცდეს ბიძინა ივანიშვილს... ვინმეს გაახსენდება? მეეჭვება...





 

big_banner
არქივი