logo_geo
მიშა ფეიქრიშვილის სოფლური მიწისყივილი
- +

14 მარტი. 2017. 20:48


 

 

სადაც ის არის - ყველგან ხალისია.  დახვეწილი იუმორი აქვს და ამ უნარის წყალობით საზოგადოებაში, სადაც ის ხვდება, ყველა კომფორტულად გრძნობს თავს - ჟურნალისტიც და პოლიტიკოსიც. გადამდებად ხალისიანია...  კოლეგებისგანაც ხშირად მსმენია, რომ სადაც მიშა ფეიქრიშვილია, იქ ვერასდროს მოიწყენ.

 

ნახევარი ცხოვრება მიკროფონით ხელში გაატარა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ჟურნალისტის პროფესიისთვის ხანდაზმულია. პროფილის შეცვლაც კი არ უფიქრია - არასდროს.

ამბობს, რომ ყველანი - არა ბავშვობიდან, არამედ სოფლიდან მოვდივართ, მაგრამ ვერც ანტუან სენტ-ეგზიუპერს გავამტყუნებთ, რომელიც ამბობს, რომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ.

 

ასეა მიშა ფეიქრიშვილის შემთხვევაშიც - მთელი ბავშვობა პოლიტიკურ პროცესებს ადევნებდა თვალს, კითხულობდა პოლიტიკურ სტატიებს და  წერდა გაზეთში. ფაქტობრივად, მზა მოვიდა პროფესიაში.  ჩამოყალიბდა განსხვავებული ხედვის ჟურნალისტად და ასევე, განსხვავებულად ხედავს - კოლეგებს, პროფესიას, ადამიანებს დ ადამიანობას....

 

ბავშვობა

 

კახელი ვარ. საგარეჯოში დავიბადე. საგარეჯოშივე გვიზარდე და დავამთავრე სკოლა. როგორც ამბობენ, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. დღეს მეუბნებიან - ძალიან ცელქი და აუტანელი ბავშვი იქნებოდიო. ამ დროს,  ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი. წიგნებში და გაზეთებში მოკირკიტე... ახლა მეცინება ამაზე...  ბოლო წლებია  - ცოტა უფრო გახსნილი გავხდი. ვიყავი ძალიან ემოციური, ბევრ რამეზე ვნერვიულობდი. სტუდენტობის შემდეგ შევიცვალე რადიკალურად. 15 წლის და 35 წლის მიშა არიან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები. მე-7 კლასიდან ვწერდი ადგილობრივ გაზეთში. „ივრის განთიადი"- ასე ერქვა გაზეთს. დღემდე სოფელში მაქვს შემონახული. ხშირად გადამიშლია და გადამიხედავს ჩემს იმდროინდელ სტატიებისთვის.


მიშა ფეიქრიშვილი  და თბილისი

 

დედა თბილისელია, ხშირად მიწევდა ბავშვობაში თბილისში ჩამოსვლა და შესაბამისად, არ გამჭირვებია თბილისთან შეგუება მას მერე, რას სასწავლებლად ჩამოვედი. არასდროს არ განმიხილია თბილისის გარეშე ცხოვრებაც კი. როგორც ჩამოსულს, არ გამჭირვებია თავის დამკვირდების პროცესიც. სხვათა შორის, უნივერსიტეტში კურსი შედგებოდა ჩამოსულებით და ვხუმრობდი - ყველა ბავშვობიდან კი არა, სოფლებიდან მოვდივართ-თქო. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენ მოგვიწია იმათზე 10-ჯერ  მეტის გაკეთება, ვიდრე იმათ, ვინც თბილისში დაიბადა და გაიზარდა,  ალბათ, ამან მოგვცა ბიძგი, რამე ღირებული შეგვექმნა.


სოფლური გულწრფელობა აღმაფრთოვანებს. სოფლებში და რეგიონებში განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ცხოვრობენ. სოფელი ძალიან დიდ სულიერ საზრდოს მაძლევს. ზოგჯერ, ძალიან რომ გადავიღლები, ვნატრობ ხოლმე, ერთი ბუჩქი მაინც დავინახო. ალბათ, ეს სოფლური მიწის ყივილია...


პროფესია

 

ჩემი პროფესია, ჩემი პირველი და უკანასკნელი არჩევანია. ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ ეს საქმე მინდოდა მეკეთებინა. ვფიქრობ, მაშინ ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ტელევიზიამ და ტელევიზორისადმი ჩემმა დამოკიდებულებამ. მთელი ბავშვობის მანძილზე, მუდმივად დაინტერესებული ვიყავი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. დღესაც კი, ბევრი რამ მახსოვს თარიღებით...


თითქოს, წლების წინ დავიწყე მზადება ამ პროფესიისთვის, ასე გამოდის... სხვანაირად, ნორმაში არ ჯდება, რატომ უნდა უყუროს და იკითხოს გაზეთებში მეექვსეკლასელმა ბიჭმა პოლიტიკური  ამბები. გავიდა წლები და მერე მივხვდი, რამხელა  ფასი ჰქონდა იმ წლებს, იმ წლებში მიღებულ ინფორმაციას. მართალია, ბევრ რამეს ამოიკითხავ ისტორიაში, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საკუთარი თვალით გინახავს და გახოვს, რა ხდებოდა 15-20 წლის წინ. ეს საკითხი ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო და არის დამწყებ ჟურნალისტებში - რთულია მუშაობა, როცა არ გახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსების ბექგრაუნდები და ა.შ.       


იყო ჟურნალისტი, ნიშნავს, წახვიდე ჯარში. არასდროს იცი, რით იწყებ და ამთავრებ დღეს. 5 დღით ადრე როდესაც მპატიჟებენ ხოლმე სადმე, არ  ვიცი, რა პასუხი გავცე, იმიტომ, რომ 5 დღით ადრე კი არა, 5 საათით ადრე არ ვიცი,  სად ვიქნები 5 საათის შემდეგ, მაგრამ სწორედაც ეს არის ჩვენი პროფესიის ადრენალინი. კიევში დაძაბულობა რომ იყო, კვირა დღეს ქუთაისში წავედი, პარლამენტის სხდომაზე - თეთრი პერანგით... უცებ გადაწყდა, რომ კიევში უნდა წავსულიყავი. ბილეთები ისე იყო დაჯავშნილი, რომ სახლში შესვლასაც ვერ ვასწრებდი, პირდაპირ აეროპორტში მიწევდა მისვლა. ასე აღმოვჩნდი 20-გრადუსიან ყინვაში თეთრი პერანგით, ფერადი პულოვერით და თხელი ქურთუკით.

 

კოლეგები

 

არ ვიქნები კოლეგიალური და ვიტყვი, რომ უზრდელი ჟურნალისტებიც არსებობდნენ და დღესაც არსებობენ.  მე მგონია, რომ გამოვლენილი უზრდელობა, არის ერთგვარი თავის დაცვა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უზრდელობს. უზრდელი ჟურნალისტი - ვერასდროს იქნება პროფესიონალი. ბევრი ფიქრობს, რომ ჟურნალისტი აუცილებლად უნდა იყოს უზრდელი. არადა, არ არის ასე. ნამდვილად არ არის საჭირო, იმისთვის, რომ შენი საქმე კარგად აკეთო, ვინმეს ეუზრდელო. მორიდებული ჟურნალსიტებიც ძალიან კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.


14 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ. მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ ჟურნალისტიკას რომ ვუყურებ და  ვადარებ დასავლურ მედიას, არ ვფიქრობ, რომ სასტიკ და ცუდ ვითარებაში ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ძალიან ბევრი რამ გადაგვხდა თავს და თამამად შემიძლია ვთქვა - ქართველი ჟურნალისტები ბევრი ქვეყნის ჟურნალისტებზე უფრო მომზადებულიც არიან. ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, უნივერსალური ჟურნალისტები გვყავს - ერთ დღეს ომს აშუქებენ,  მეორე დღეს ლარის კურსზე ლაპარაკობენ. ასე არ არის უმეტეს ქვეყნებში - ძირითადად, ვიწრო პროფილით მუშაობენ.


დღეს, არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვიხარჯები, ვფიქრობ, მეტიც შემიძლია. 14 წელია ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებ და ისე ვარ, როგორც ავტომატი, ავტომატურად ვაკეთებ უკვე ყველაფერს... მაგრამ არ მინდა პროფილის შეცვლა. ვფიქრობ, ამ სფეროში ჯერ არ ამომიწურავს თავი. ახლა 35 წლის ვარ, 21 წლის ვიყავი, ჟურნალისტობა რომ დავიწყე. მაშინ რომ წარმომედგინა, 35 წლის კაცი მიკროფონით დარბოდა - ვიფიქრებდი, ამხელა კაცი რამ გააგიჟაო.


მედია და პოლიტიკა

 

ჟურნალისტიკიდან პოლიტიკამდე ერთი ნაბიჯია, მით უმეტეს, როცა პოლიტიკას აშუქებ. ვფიქრობმ, ბევრი ჟურნალისტი პოლიტიკაში ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნებოდა. ჟურნალისტი, ეს არის გამზადებული კადრი პოლიტიკისთვის - გამზადებული სპიკერია. აქვე, შესაძლებელია ვიდავოთ, რამდენად გაამართლა საქართველოში ჟურნალისტების პოლიტიკაში წასვლამ, მაგრამ არ ვადანაშაულებ ამ ჟურნალისტებს, თუ ვერ გაამართლეს, ზოგადპოლიტიკური ვითარებაა არაპროგნოზირებადი...


ჩემი თაობის ჟურნალისტები ლამის შევეზარდეთ იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც დღესაა სახეზე. ერთად ვიზრდებოდით. მედიაც ისევე ახალგაზრდაა, როგორც პოლიტიკა, ერთად გავიზარდეთ ორივე სფერო და პარალელურად ვვითარდებით. ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან ვარ ფამილარულ ურთიერთობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან მუშაობაში დამაკომპლექსოს. პირიქით - ვისთანაც უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, მათ მიმართ ვხდები ბევრად დაუნდობელი.


მისაბაძი ადამიანი

 

ცხოვრებაში არ მყოლია მისაბაძი ადამიანი. მიმბაძველობა, ფანობა და გაკერპება ჩემგან შორს  იყო და არის ყოველთვის. ადამიანებისგან მისწავლია ბევრი რამ. ბევრი რამ უსწავლებიათ კიდეც... თუკი დღეს რამეს ვაკეთებ და განსხვავებული ხედვა მაქვს საერთოდ, არის ჩემი ლექტორის, თემურ ფაფერაშვილის დამსახურება. ამ ადამიანმა, სადღაც, პროვინციიდან ჩამოსული ბიჭი, რომელიც იყო მომართული ურა-პატრიოტული განცდებით, დამაბრუნა და მყარად გამატარა მიწაზე. მისით მოვედი მომზადებული ჟურნალისტიკაში.


სიყვარული

 

ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა და უკან არც დამიხევია. გადაწყვეტილება ძალიან სპონტანურად მივიღე. ის, რაც მე გავაკეთე, რომ მსენოდა სხვაზე, ვიფიქრებდი,  კარგად ვერ არის...


ჩემი მეუღლე გავიცანი „ფეისბუქის" მეშვეობით, თუმცა, ერთმანეთის მეგობრებში როგორ აღმოვჩნდით, არც ერთს არ გვახსოვს. მისი ფოტოები იქცევდა ჩემს ყურადღებას და ერთ დღესაც გადავწყვიტე, გენერალურად დამეთვალიერებინა. ერთდროულად უამრავი ლაიქი მიუვიდა. ამის მერე დაიწყო საუბარი, სადღაც ორი კვირა ვსაუბრობდით, შევხვდით და გადავწყვიტეთ.... პირველივე შეხვედრისას, როდესაც გაიღიმა, მივხვდი, რომ მე ამ გადაწყვეტილებას არასდროს შევცვლიდი. იმდენად სწრაფად ვმოქმედებდით, გონს რომ მოვედით, უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით.


შემოქმედება

 

მუსიკისადმი მაქვს მიდრეკილება. ფორტეპიანოზე ვუკრავ, თვითნასწავლი ვარ, არც ერთი ნოტი არ  ვიცი, არ მივლია პედაგოგთან, მაგრამ საკმარისია, მელოდიას მოვკრა ყური და მაშინვე ვუკრავ. უბრალოდ, ამ ჩემს ნიჭს არ მივეცი გასაქანი. გვიანი არასდროს არ არის, მით უმეტეს, სიდედრი მყავს მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მუდმივად მეუბნება, რომ უნდა მამეცადნოს, მაგრამ ჩემი მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებ.


ვინ არის მიშა ფეიქრიშვილი?

 

მიშა ფეიქრიშვილი არის ერთი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც არადროს არავისი არ შურს და აუცილებლად უხარია სხვისი ბედნიერება.


როდესაც სხვისი ცხოვრება გტანჯავს, ვერც განვითარდები და ვერც გაიხარებ. როდესაც გიხარია სხვისი წარმატება, წარმატებუალდ მიდის შენი ცხოვრებაც. ან რატომ არ უნდა გიხაროდეს, ვინემ რამე წაგართვა, შენი მიისაკუთრა?!  გაზიარებული სიხარული - 10-ჯერ მეტი სიხარულია და გაზიარებული მწუხარება - ნახევარი მწუხარება. გაახარე და გაიხარე.


ზოგადად, ადამიანებისგან არ ვითხოვ ბევრს და, ალბათ, ამით ბევრ იმედგაცრუებას ვირიდებ თავიდან. არ ვართულებ ცხოვრებას  და მიყვარს ადამიანებთან მარტივი ურთიერთობები. ყველას ვურჩევ, რომ პრობლემები დაახურდავონ 10-თეთრიანებად და  მარტივად შეხედონ ყველაფერს. არ მჩვევია ნერვიულობა. ვერ ვნერვიულობ. მირჩევნია, გამოსავლის ძიებაზე გადავიდე. ცხოვრება იმდენად მშვენიერია, იმდენად მაგარია, იმდენად  მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, რომ როგორ შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდე.


არ მიყვარს წარსულს გამოკიდებული ადამიანები. საერთოდ ასეა, ვინც წარსულით ცხოვრობს, არ აქვს მომავალი და არ მიყვარს წარსულზე საუბარი -„რა კარგი დრო იყოს" კონტექტსტში. მე მგონია, რომ ყოველთვის კარგი დროა.


და კიდევ -  არ ვივიწყებ იუმორს. ვფიქრობ, სადაც არის იუმორი, იქ არის ცხოვრების ხალისიც. თუკი ადამიანს არ გააჩნია იუმორი, არ შემიძლია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.


გული  მწყდება, რომ ადამიანებს დღეს აკლიათ მოსმენის უნარი. არ ვუსმენთ ერთმანეთს.


ასევე, ადამიანებს აკლიათ ღიმილი, ეს ძალიან თვალშისაცემია და მაწუხებს. მაგრამ ალბათ, ამასაც აქვს თავისი მიზეზები, ადამიანები გავიფლანგეთ ჩვენს პრობლემებში. იმდენად არის დამძიმებული ყოველდღიურობა, რომ ვეღარ უსმენ და ვეღარ იმძიმებ თავს სხვისი პრობლემებით...




 

big_banner
არქივი