logo_geo
მაკა ცინცაძის ღამით წასაკითხი „აღსარება“...
- +

24 ნოემბერი. 2016. 22:46

 

 

უყურებ ეკრანიდან მოსაუბრეს და შანსი არ გრჩება, მის მიმართ დადებითად არ განეწყო. ყველაზე ხშირად, მისი დანახვისას ერთი სიტყვა გიტრიალებს თავში - ლამაზი... გაიცნობ და უამრავ დადებითს აღმოაჩენ მასში. უშუალო, გულწრფელი, გაწონასწორებული... მოკლედ, კარგი ადამიანი. საუბრისას გამოგვიტყდა - ასეთი გულახდილი, თვით მეგობრებთანაც კი არ ვყოფილვარო (ალბათ, სიტუაციას არ მოუტანია, თირემ მეეჭვება, შენიღბულიყო). ვფიქრობთ, ამიტომაც არ გაგიჩნდებათ კითხვა - ახალბედა საიტზე, ახალი რუბრიკა ამ ადამიანის მონოლოგით რატომ დავიწყეთ. აქ ასპარეზს კარგ ადამიანებს ვუთმობთ...

 

იშვიათად, რომ ადამიანი იყოს ცუდი, უბრალოდ, ჩვენ არ გვსურს კარგი თვისებების დანახვა, მონდომება არ გვყოფნის..." - ამბობს ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ჩვენთან საუბრისას. ალბათ, მართლა ასეა... ამიტომაც, ვეცდებით, ბევრი კარგი ადამიანი დაგანახოთ იმ კუთხით, რა კუთხით დანახვაც ამ დრომდე არ გიცდიათ, მონდომება არ გეყოთ ან უბრალოდ, არ გიფიქრიათ, თუ ამდენი რამ იყო დადებითი მასში...

 

 

 

მაკა ცინცაძე და ოჯახი

 

დედა, მამა, ძმა ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი. დედა - ქეთი აფციაური, მამა - გოჩა ცინცაძე, ძმა - ანრი ცინცაძე. ანრი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს, მანამდე „იმედში" მუშაობდა ოპერატორად. ამბობს, რომ კარგად არის და ჩამოსვლას არ გეგმავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან გვენატრება. ამ ზაფხულს, იმედი მაქვს, ჩავალ და ვნახავ.


მამას მეორე ცოლი ჰყავს - ლალი ფიფია, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელთანაც ყველას ძალიან კარგი, თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ქორწილიც დიდებული იყო. მოკლედ ასე მოხდა, მთავარია, ყველა კარგად გრძნობს თავს და ბედნიერია, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.


 

 

ბავშვობა

 

ბავშვობა  ცისარტყელასთან ასოცირდება. ბევრი ფერით, საინტერესო, თბილი და სავსე. ვერ ვიტყვი, რომ რამე მაკლდა ან გადამეტებულად მქონდა. ყველაფერი ზომიერად. ალბათ, ისე, როგორც ყველა იმ ბავშვს, ვინც თბილ, ოჯახურ გარემოში იზრდება და მასზე ზრუნავენ.


საბავშვო ბაღი მკაფიოდ არ მახსოვს. მახსოვს თუთიყუში და ერთი მწვანეთვალება ბიჭი, რომელიც მიყვარდა. მასთან ერთად გადაღებული ფოტოც მაქვს. „დაისს" ვცეკვავდით და ჩემზე ამაყი და ბედნიერიც მგონი არავინ იყო. ზოგადად ცუდი მეხსიერება მაქვს, მაგრამ ეს ალბათ ერთგვარი თავდაცვაა - მხოლოდ კარგი მამახსოვრდება, ცუდს სიღრმეში და სიბნელეში ვინახავ და ვცდილობ, არასდროს გამოვუშვა.

 

 

 

სკოლა

 

სკოლის პერიოდი - ეს სამოქალაქო ომის პერიოდია. ისევე როგორც ყველასთვის - სროლის ხმა, იარაღიანი კაცები, უშუქობა, უგაზობა, უპირობობა, სანთლები, ნავთის სუნი, შეშა, სამზარეულოს გამურული ნივთები და არანაკლებ გამურული ბავშვები, რომლებიც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, რა გვჭირდა, მაგრამ ვხვდებოდით, რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი ხდებოდა.


იმ თაობიდან ვარ, რომელიც ამ ნეგატივის შედეგად ძალიან სწრაფად გაიზარდა. მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა. არის დეტალები, რომლის გახსენებაც არ მიყვარს და თითქმის არასდროს არათუ ვლაპარაკობ, არც ვიხსენებ, რადგან ის შეგრძნებები ცოცხლდება, რასაც მამის გაცილებისას ვგრძნობდი - როცა არ ვიცოდი, კიდევ ვნახავდი თუ არა. ეს ის არის, რაც არავინ არასდროს არ უნდა იგრძნოს!


საბედნიეროდ, მამა ცოცხალი დაბრუნდა, ბევრი ტრავმით, მაგრამ მისი ძალიან ბევრი მეგობრისგან განსხვავებით - ცოცხალი და უმნიშვნელოვანესი ეს იყო. ეს, იმ პერიოდის ერთი ნაწილია, საშინაო. ის, რაც ოჯახის წევრებმა და ძალიან ახლობლებმა იციან.


არის საგარეოც - ის, რაც ყველას გვაერთიანებდა და დღემდე შეპარულ-შეფარული  რომანტიზმით ვიხსენებთ - სანთლის შუქზე გაშლილი გულიანი სუფრა (რადგან კერძების მოსამზადებლად ბევრი არაფერი გვქონდა), ბანტიანი გიტარა და ქალაქური სიმღერები)...  კიდევ პატარა შინდისფერი ფანარი-რადიო. ალბათ, არ არსებობს ოჯახი, სადაც ეს ფანარი არ ჰქონდათ და მახსოვს, ღამით ჩართული პირველი რადიო 106,4, სადაც წლების შემდეგ დავიწყე მუშაობა, თუმცა ამაზე მოგვიანებით...


სკოლას რაც შეეხება, მახსოვს გაყინული კლასი, მაგრამ მონდომებული მასწავლებლები, რომელთა ამაგსაც ვერ გადავიხდი. 128-ე სკოლა დავამთავრე, ვაჟაზე და დღემდე ყველა განსაკუთრებულად მახსენდება. დიდი მადლობა მათ, რომ იმ უმძიმესი პერიოდის მიუხედავად, საქმეს სრული პასუხისმგებლობით ასრულებდნენ.


ბავშვები, რა თქმა უნდა, გაკვეთილებს ვაცდენდით, კუს ტბა, ლისი, ზოოპარკი, ვერე, „მზიური" და მიმდებარე ტერიტორია ათვისებული გვქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვსწავლობდით. ჰოდა, კიდევ, იმ პერიოდიდან სროლის ხმა შემორჩა ჩემს მეხსიერებას. დღესაც, ფოიერვერკის გაშვებისას, ჩემთვის ვფიქრობ „ოთხმოცდაათიანელები წინასწარ უნდა გააფრთხილო".

 

 

 

უნივერსიტეტი

 

სკოლის დამთავრების შემდეგ იყო უნივერსიტეტი.  პროფესიის არჩევას რაც შეეხება, მაგრად ვიწვალე. თავიდან ბებიის მსგავსად, ექიმობა მინდოდა და მთელი მონდომებით ქიმია- ბიოლოგიას ჩავუჯექი, ზოგადადაც მაინტერესებდა ეს საგნები და როცა ამბობენ, რომ ამ საგნებს ან ფიზიკას ვერ ვიტანდიო,  მგონი, პედაგოგის სისუსტეზე მიუთითებს. ანუ მან ვერ აუხსნა ბავშვს, თუ რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია.


რაც შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლას, მოგვიანებით გადავიფიქრე და ეკონომისტობა ავირჩიე იმ იმედით, რომ უფრო გამომადგებოდა. ასე რომ, მათემატიკაც  ვისწავლე და ჩავირიცხე უნივერსიტეტში.


დღევანდელი და გუშინდელი გადასახედიდანაც არჩევანი მართებულია. არის ზუსტად ის, რაც მინდოდა. მუდმივი ცვლილებები და სიახლეები. არც ინტრიგების და დაპირისპირების ნაკლებობას განიცდი, როცა საქმე პოლიტიკაზე გადის, რაც ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს და ამძაფრებს. სწორია - ჩემს გადაწყვეტილებას ვიწონებ.


სტუდენტობა მეც ისე მახსენდება, ალბათ როგორც ბევრ სხვას. სწავლის, სილაღის, იმედების, ქროლვის, რომანტიზმის, ოპტიმიზმის დროა.


 

 

კარიერა  

 

ჩემი პირველი სამსახური იყო ერთ-ერთ მარკეტოლოგიურ კომპანიაში. პატარა ვიყავი, ზაფხულში, ერთი თვე გავატარეთ ქუჩაში, გადატანითი და ირიბი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით. დილიდან საღამომდე დავდიოდით და თბილისის მასშტაბით, კარდაკარ ვაგროვებდით ინფორმაციას, თუ რომელი ფირმის წარმოებულ პროდუქციაზე იყო ყველაზე მაღალი მოთხოვნა. ანაზღაურება 150 ლარი. ვიყიდე კედები და ვიყავი ბედნიერი.


„მაესტრომდე" რამდენიმე სამსახურის გამოცვლა უკვე მოსწრებული მქონდა. რადიო „უცნობის" შემდეგ დამირეკა კახა ბექაურმა, მივედი გასაუბრებაზე, შემდეგ გაკეთდა ჩანაწერი, შევთანხმდით პირობებზე და შემდეგ იყო სტუდია. რაც შეეხება GDS-ს - „მაესტროდან" წამოსვლის შემდეგ დამიკავშირდა ვასილ მაღლაფერიძე, მივედი გასაუბრებაზე, გაკეთდა ჩანაწერი, შევთანხმდით პირობებზე, ისევ სტუდია და ამჯერად „20-30".


პროექტმა იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე წარმოვიდგენდი. შეიკრა გუნდი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმ საქმეზე ფიქრობს, რომელსაც აკეთებს. არის კომფორტული გარემო, არავინ არავის არ ჭამს, ვმეგობრობთ, რაც ტელევიზიაში მიღწევაა. რაც მთავარია, აქ „ეგ ჩემი საქმე არ არის" არ არსებობს და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩვენ არ ვქმნით ამბებს, ჩვენ მაყურებლამდე მიგვაქვს ფაქტები, ზუსტად იმ ფორმით და ისე, როგორც ხდება.

 

 

 

პირველი სიყვარული და ზოგადად სიყვარული, დამოკიდებულებები

 

პირველი სიყვარული ბაღში იყო. გიყვარს იმ მომენტში, იქ და იმ დროს. ყველა ადამიანიდან, მეგობრებისგანაც, რაღაც მნიშვნელოვანს იტოვებ, ისეთს, რაც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი, რაც სხვაში არ მეორდება  და თუ ცოტა გონიერებაც გყოფნის, ბევრს  სწავლობ. შემდეგ იზრდები და შეხედულებები, მოთხოვნილებები და მსოფლმხედველობაც გეცვლება. ის, რაც გუშინ მისაღები და სასურველი იყო, დღეს აღარ გხიბლავს და აღარ გაკმაყოფილებს, ეს ადამიანური ბუნების თავისებურებაა. მთავარია, იპოვო - ის ერთი,  შენში კი ძალა, სურვილი და მონდომება, რომ ბევრი დაბრკოლების, სიძნელის თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან ერთად გსურს დაბერება. ალბათ არსებობს ერთი და შემდეგ მის მსგავსს ეძებ. მაინც მგონია, რომ ის ერთი შენს გონებაშია, იდეალი, თუ როგორი უნდა იყოს საპირისპირო სქესის ის ერთი წარმომადგენელი და შემდეგ ვცდილობთ, ვიპოვოთ იმ „ერთის" მსგავსი. ზოგს უმართლებს, ყველას არა. ერთხელ მოდის თუ არა სიყვარული? ოტია გამახსენდა...

 

 

 

მაკა ცინცაძე და შემოქმედება

 

ვწერ - ძლიერი და ნეგატიური ემოციისას. ცეკვაში - მოვიკოჭლებ. ვცეკვავ მეგობრებთან ერთად და ორი ჭიქის შემდეგ. სიმღერა - უქმე დღეებში, მეგობრებთან ერთად, სადღესასწაულო სუფრასთან და გიტარასთან ან კარაოკესთან ასოცირდება.  ხატვა - ეს ცალკე თემაა - პირველად ვამბობ. მიყვარს სიურეალიზმი. ხატვისას ვისვენებ, ეს შენი ცნობიერის და ქვეცნობიერის ტილოზე გადატანის მომენტია, მოდის მაშინ, როცა განიცდი სულიერ შიმშილს, მედიტაციაა. ამ დროს მარტო უნდა ვიყო. მოთხოვნილების მიუხედავად, სამწუხაროდ, პროფესიონალურ დონეზე არასდროს მისწავლია. თითქმის არავინ იცის ეს ამბავი... არავინ იცოდა... მოკლედ, ეს ინტერვიუ ღამით წასაკითხი აღსარება გამომდის...

 

 

 

მაკა ცინცაძე და  ჟურნალისტური ინტრიგები

 

ჟურნალისტური ინტრიგების მსხვერპლი რამდენად გავმხდარვარ - არ ვიცი. ინტრიგების მსხვერპლი - რა თქმა უნდა.  იმედია, სამომავლოდაც ბევრი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რამდენიმე ნაბიჯით წინ ხარ. ინტრიგანი პატარა ადამიანია, ასეთს ვერ მოსთხოვ და არც უნდა მოსთხოვო სიძლიერე და თუნდაც ღირსეული  მტრობა. ადამიანების შინაგანი მხარე ყველაზე მარტივი დასანახი დაპირისპირებისას არის. ნათლად ხედავ, თუ რას აკადრებს,  პირველ რიგში, საკუთარ თავს.

 

 

 

მაკა ცინცაძე და პლასტიკური ქირურგი

 

არ ვიცი, რას წერენ „ბოროტი ხელები", ჩემს ცხოვრებაში გაცილებით საინტერესო ამბები ხდება, მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, ფბ გვერდზე - „ფანთაიმის მეგობარმა" დაწერა - „მაკა ცინცაძე პლასტიკური ქირურგიის შედევრიაო" და შემდეგ, რა თქმა უნდა აიტაცეს. ალბათ მიზანიც ეს იყო.


პლასტიკური ქირურგიისთვის ამ დრომდე არ მიმიმართავს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მივმართავ, ეს ალბათ 25 -30 წლის შემდეგ.  იჭორაონ, წერონ და იკითხონ, მთავარია, სახელი და გვარი არ შეეშალოთ. ზოგადად, მსგავსი თემები არ მანერვიულებს. ადამიანებს აინტერესებთ და მათ ინტერესისთვის მადლობაც კი უნდა გადავუხადო.

 

 

 

პოლიტიკა

 

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოსთა უმეტესობა ჩემი რესპონდენტია, მათი შეფასებისგან თავს შევიკავებ. საინტერესო გუნდის და შეთავაზების შემთხვევაში პოლიტიკაში წავიდოდი თუ არა?.. ეს არის თემა, რომელთან მიმართებაშიც ერთი და მყარი პასუხი მაქვს - არასდროს! თავისუფლება მიყვარს.

 

 


მაკა ცინცაძე - ქება და კრიტიკა

 

გააჩნია, ვინ გაქებს. შექება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუ ატყობ, რომ არ ფარისევლობს. როგორ მოქმედებს? არანაირად - წამიერია და ქრება, რის შემდეგაც შენს რუტინას უბრუნდები.


აი, კრიტიკა კარგია, გრჩება. ოღონდ კრიტიკა და არა ლანძღვა, ხშირად ერევათ. ესეც დამოკიდებულია მაკრიტიკებლის ობიექტურობა-კომპეტენტურობაზე. არის შემთხვევები, როცა მეცინება და არ ვიღებ. არის შემთხვევები, როცა კრიტიკა მოტივატორი ხდება.


მოკლედ, როცა საკუთარ თავთან რჩები, შენზე უკეთ ცოტა თუ მიხვდება, სად, რა, როგორ ჯობდა და რას რა დააკელი, მაგრამ ამას მარტივად მიხვდება ის, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი აქვს და შენზე ბევრად მეტი აქვს ნანახიც და გაკეთებულიც. ასეთს კრიტიკისთვის მადლობაც უნდა გადაუხადო, ფაქტობრივად, უფასო ტრენინგი და რჩევაა,მაგრამ პარადოქსია, ასეთები ხმას თითქმის არასდროს იღებენ. ძირითადად კი „კრიტიკა" შურით არის განპირობებული და მონდომებით გლანძღავენ „კრიტიკულ აზრს" ამოფარებულები.   

 

 

 

რა აკლიათ დღეს ადამიანებს?

 

დღეს ადამიანებს აკლიათ ღიმილი, ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა, დანდობა, ნდობა, გატანა, სილაღე, სიყვარული და ალბათ სხვა ბევრი რამ კიდევ. იშვიათად, რომ ადამიანი იყოს ცუდი, უბრალოდ, ჩვენ არ გვსურს კარგი თვისებების დანახვა, მონდომება არ გვყოფნის. სურვილი არ გვაქვს. გულგრილები ვართ. არადა, ყველაფერი, უმეტესწილად ჩვენს ნებაზე და ჩვენს მიერ აღებულ რაკურსზეა დამოკიდებული.

 

 

 

ვინ არის მაკა ცინცაძე დღეს?

 

მაკა ცინცაძე დღეს არის - კესარია ღამბაშიძის დედა. ეს ყველაზე ღირსეული და საპატიო სტატუსია ჩემთვის...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი