logo_geo
ჟანა ასანიძე - თქვენ მას ასეთს ნამდვილად არ იცნობთ!
- +

8 ივნისი. 2017. 03:46


 

წლების წინ, თბილისში ისიც რაიონიდან ჩამოვიდა.  როგორც თავად აღწერს, ერთი, არაფრით გამორჩეული გოგო იყო, რომელსაც მაშინ არც გავლენიანი" მშობლები ჰყავდა და არც დიდი ავტორიტეტის მქონე, ბიძგის მიმცემი ახლობლები. ასე იწყებდა... იხსენებს, რომ ერთ-ერთ ტელეეთერში მაია ორჯონიკიძემ წამოაძახა  კიდეც - ჟანა ასანიძე სოფლიდან ჩამოეთრა და აქ ქართვე ინტელიგენციას დაგვერიაო.

 

პირველად „ჯორჯიან ტაიმსში" შევხვდი. მას მერეც ხშირად გადაკვეთილა ჩვენი გზები. სულ გაუგებრობებში, სკანდალებში და თავგადასავლებში მყოფი მახსოვს, მოკლედ - მუდმივად სალაპარაკო თემა იყო. გვიყვება - „ერთხელ, როცა სტატიის გამო გამლანძღეს, 2-3 თვე არაფერი დამიწერია, ვიწექი და ვტიროდი, ისე შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, ძლივს გამოვედი ამ შოკიდან და მერე კიდევ იყო მომენტი, როცა გავილანძღე, პოლიციაში დამიბარეს... ამ ამბის მერე მამაჩემმა მითხრა, აქამდე პატიოსნად მომიტანია ოჯახი და რა ქვეყნის სალაპარაკო გაგვხადე, რას წერ ასეთს, კიდევ კარგი, ბიჭი არ ხარ, თორემ ციხეზე სიარული არ აგვცდებოდაო..."

 

კიდევ ერთი რამით იყო გამორჩეული - კოლეგიალურობით. არასდროს ამბობდა უარს, ადამიანებისთვის დახმარების ხელის გაეწოდებინა, კოლეგები გაეთვალისწინებინა...

 

საზოგადოებაში მის მიმართ დღესაც ორი, რადიკალურად განსხვავებული  დამოკიდებულებაა. ერთ ნაწილს ძალიან უყვარს და აფასებს, მეორენი საპირისპიროდ არიან განწყობილი. თავად ასე გვიხსნის: „ჩემზე ზოგნი ცუდს ამბობენ, რადგან არ მიცნობენ და უაპელაციოდ შეუძლიათ ადამიანის განსჯა, ზოგნი კი - დადებითს ამბობენ და ეს სტიმულს მაძლევსდაუმსახურებელი ლანძღვის, შეურაცხყოფის გამო გული ისე მტკენია, რომ არასდროს დამავიწყდება და თავი იმით დამიმშვიდებია, არ მიცნობენ და გარეგნულად, ეტყობა, ასეთად აღმიქვამენ-თქო".

 

ბევრი რომ არ ვწეროთ, - ჟანა ასანიძე გულწრფელი ადამიანია და ამაში ქვემოთმოყვანილი მონოლოგითაც დარწმუნდებით.

 

 

 

ბავშვობა

დავიბადე 1982 წლის 16 იანვარს, ჭიათურაში. მშობლები და ძმა მყავს, რომლებიც დღეს თბილისში ცხოვრობენ. ჭიათურაში ცხრა კლასამდე ვსწავლობდი, მერე გურიაში, ლანჩხუთში მამიდამ წამიყვანა და იქ დავამთავრე პირველი კლასიკური სკოლა-გიმნაზია.


როგორც ჩემი კლასელები ამბობენ, საოცრად წყნარი და უპრეტენზიო მოსწავლე ვიყავი. დღეს ყველას უკვირს, „ენა როგორ დამიგრძელდა". გამორჩეულად ქართული და სამართალმცოდნეობა მიყვარდა და მუდმივად ვიცოდი ხოლმე გაკვეთილი. ტექნიკური საგნები არ მიყვარდა და თავიდანვე ვიცოდი, რომ მომავალში ჩემს პროფესიასაც არ განსაზღვრავდნენ.


გურიაში სწავლის დროს „მეორე სუნთქვა" გამეხსნა და ზუსტად მაშინ დაიწყო ჩემი ჟურნალისტური კარიერა, ასე მიმაჩნია. მე-10 კლასში ვიყავი, პირველი კრიტიკული წერილი რომ დავწერე და ფოსტით „კვირის პალიტრაში" გამოვაგზავნე. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს წერილი რად დამიჯდა, კინაღამ რაიონიდან გამომაძევეს, თან ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სულ არ ჰგავდა მე-10 კლასის მოსწავლის დაწერილს. ამის მერე ადგილობრივ გაზეთში კორესპონდენციებს ვწერდი ხოლმე და თან ისეთი დიდი ადამიანის ხელწერით, ახლაც რომ ვკითხულობ ხოლმე, მიკვირს საკუთარი ასაკის გარჩევა. ძალიან პატარა ასაკში ვაკეთებდი ინტერვიუებს.  დღემდე მახსოვს, 21 წლისაც არ ვიყავი, ედუარდ შევარდნაძეს რომ შევხვდი და არ დამიჯერა, როცა ჩემი ასაკი გაიგო.


ვერ გეტყვით, რომ ლაღი ბავშვობა მქონდა. ჩვენს თაობას „დაკარგულ თაობას" უწოდებენ და ასეც იყო. შევარდნაძის ე.წ. ავადსახსნებელ პერიოდში ყველა ოჯახს უჭირდა, მათ შორის, ჩვენც. უშუქობას და უგაზობას მთელი რიგი სხვა სოციალური პრობლემებიც ერთვოდა. არ მსიამოვნებს ხოლმე იმ პერიოდის გახსენება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ პერიოდმა დიდწილად განსაზღვრა ის, რომ ძალიან ფილანტროპი ვყოფილიყავი. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, სულით ლეიბორისტი ვარ-თქო, რადგან სულ დაჩაგრულის, ღარიბის, უქონელის, სოციალურად შეჭირვებულის მხარეს ვარ.


ვიხსენებ ხოლმე, რომ იმ დროს ოცნებებიც კი მწირი მქონდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ჩემი პროფესიით შევძლებდი, ოცნებები ამეხდინა. ისეთ გაყინულ პერიოდშიც კი, დაღამებისას, ძილის წინ სულ ვფიქრობდი, აი, ახლა სკოლას დავამთავრებ და მერე? ამის მერე ჩემი თვალსაწიერი ვერ მიდიოდა. 


გამუდმებით ვწერდი და ვკითხულობდი, არ ვთამაშობდი, დღემდე ჩემს მეგობრებს ეცინებათ, რომ არ ვიცი არცერთი თამაში, კარტიც კი, სამაგიეროდ, მიკროფონი მეჭირა ხელში და პარლამენტის სხდომების პარლელურად, ჩემებურ რეპორტაჟებს გადმოვცემდი ხოლმე. ბაბუას განსაკუთრებით უყვარდა ჩემი მოყოლილი ამბები, სულ სხვა ემოციით და განცდებით ვუყვებოდი ხოლმე.



სკოლა

ჩემი სკოლა მაღალი ინტელექტუალური რესურსით გამოირჩეოდა, ერთ-ერთ მოწინავე კლასში  ვსწავლობდი, თუმცა,  მახსოვს, ძალიან გვიჭირდა სწავლა, წიგნების არარსებობის, მასობრივი სიცივის და სასკოლო ატრიბუტიკის გარეშე. ერთი ჩანთით დავდიოდით წლების მანძილზე, ვათენებდით ღამეებს გაკვეთილების სწავლით, მეორე დღეს კი ქურთუკებით  ვისხედით გაყინულ ოთახებში და ასე გადიოდა თვეები. ახლა ამ ყველაფერს რომ ვუყვები ჩემს შვილს, არ სჯერა, მაგრამ ეს რეალობაა. სახლიდან სკამი წამიღია, რომ გაკვეთილზე მერხთან დავმჯდარიყავი, შეშა მიგვქონდა, რომ იმ დღეს სითბო გვქონოდა. შატალოზე სულ ერთადერთხელ ვიყავი და ბევრი ვიცინეთ, მათემატიკის მასწავლებელი რკინიგზის ლიანდაგებზე მოგვდევდა და თან გვეჩხუბებოდა - გაიქეცით, გაიქეცით, თუ არ გინდათ სწავლა, არც მე გამოგეკიდებით დაფით და ცარცითო. საოცარი კლასელები მყავდა, დღეს ყველა მათგანი რეალიზებული და წარმატებულია. წლების შემდეგ ერთმანეთი ვიპოვეთ და ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. ჩემთვის სულის ზეიმია, როცა ჩემი კლასელი ფიქრია კუპატაძე თავისი ჩვეული ემოციურობით ამბებს მიყვება, ძველ ამბებს ვიხსენებთ ხოლმე და ასე გადის დღეები. დღეს ჩვენი შვილებიც მეგობრობენ და ეს მაძლიერებს. დრო, როცა ერთად არ ვიყავით, უკვე აწმყომ სრულად შეავსო და მომავალში უფრო და უფრო განმტკიცდება. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, განსაკუთრებით ქართულის პედაგოგმა იქონია დიდი გავლენა ჩემზე, წლების შემდეგ იხსენებდა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჟურნალისტი გავხდებოდი.


სტუდენტობა

გამუდმებით მესმოდა, როგორ სჭირდებოდა იმ დროისთვის კოლოსალური თანხა უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას და ათში ერთი ადამიანი თუ შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ყველაზე მძიმე პერიოდი იყო მაშინ, როცა ერთ დილას დედამ მითხრა, ჟანა, იცოდე, თუ ახლა ვერ ჩააბარებ, ხომ იცი ჩვენი შესაძლებლობები? იმის საშუალება არ გვექნება, რომ მომავალ წელს წამოგიყვანოთ თბილისშიო. ეს სიტყვები დღესაც ისე მძაფრად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო.


მისაღებ გამოცდაზე როცა ბილეთი მომივიდა, თავში ყველაფერი ამერია ნერვიულობისგან, იმ დროს თვალწინ მამიდაჩემი დამიდგა, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ გზაზე დავეყენებინე და მაშინ ვთქვი, რომ მე მას იმედებს არ გავუცრუებდი, წელს სტუდენტი გავხდებოდი. როცა მეორე დღეს ნიშნები გამოაცხადეს, სამი მაღალი ნიშნის მქონე სტუდენტთაგან ერთ-ერთი მე ვიყავი. ამ დღიდან ჩემი მიზანსწრაფულობის თამასა ძირს არასდროს დაცემულა. მე ეს შევძელი ისე, როგორც შევძელი ბევრი რამ ცხოვრებაში ამის შემდეგ.


პროფესიის არჩევისას აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულად არ ყოფილა, არასდროს მდომებია ექიმობა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან მოდური ტენდენცია იყო, მინდოდა, მამიდის კვალს გავყოლოდი და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე მაგისტრატურა დავამთავრე, ვფიქრობდი, მეცნიერებაშიც მეცადა ბედი, მაგრამ ჟურნალისტობამ ისე განსაზღვრა ჩემი ცხოვრების წესი, რომ ვერც კი წარმომიდგენია დღეს ჩემი თავი სხვაგან და სხვა სფეროში.


ჩემს დროს არც ისე მჩქეფარე სტუდენტური ცხოვრება იყო, პარალელურად გაზეთ „ალიონში" ვმუშაობდი და აი, იქ ვბობოქრობდი. როგორც სტუდენტს, ნაკლებად მიცნობდნენ, უფრო ჟურნალისტად მიცნობდნენ, რადგან იმ დროს უკვე ყველა კითხულობდა ჩემს სტატიებს. „ალიონი" ჩემი პირველი სამსახური იყო, რომელიც გაბედული და კრიტიკული სტატიების გამო დაიხურა. შინაგანი პროტესტი ყოველთვის გარეთ გამომქონდა, გავლენების ქვეშ არასდროს ვექცეოდი, სწორედ ამ დროს ვისწავლე და გამოვიმუშავე ის თვისებები, რაც ახლა, როგორც ქალს, გამაჩნია.


რამდენჯერაც დავეცი, იმდენჯერ ავდექი, თანაც უფრო ძლიერად. არასდროს ვწუწუნებდი, როცა რამე არ მქონდა, ვიბრძოდი დაუსრულებლად და ამით ხასიათის სიმტკიცეს ვსწავლობდი. ბოლო დროს ვისწავლე ტირილიც, თორემ მგონი, არც არასდროს მიტირია, რადგან ეს ყოველთვის დიდ სირცხვილად მიმაჩნდა ჩემნაირი ქალისთვის. ამას ვასწავლიდი უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტებს 7 წლის მანძილზე და დღესაც, ხანდახან თუ მასტერ-კლასს ჩავატარებ, სულ მგონია, რომ ყველა ადამიანს ვასწავლი, როგორ აუდუღდეს სისხლი ძარღვებში თავისი პროფესიის გამო.


პროფესია

არასდროს მინანია ამ პროფესიის არჩევა, რადგან ჩემი რეალიზება მხოლოდ ამ სფერომ შეძლო. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტობას ვერ ისწავლი, ეს შენი შინაგანი მდგომარეობაა. ან ხარ ჟურნალისტი, ან არა,  შუალედური არ არსებობს. ხშირად მიფიქრია, გავა წლები, როგორ ამიდუღებს სისხლს ისევ ის ემოცია და ქაოსი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩემი თანმდევი. ალბათ სადმე, სუსხიან დილას ბუხრის წინ ვიჯდები შვილიშვილებთან ერთად, ვუყურებ ტელევიზორს, სადაც სიუჟეტში სტენდ-აფზე დგას ახალბედა ჟურნალისტი და ფეხები გამექცევა იმ შემთხვევის ადგილისკენ, მომინდება, ისევ იქ ვიდგე და მიკროფონით ხელში ვაწვდიდე ახალ ამბებს, მერე ალბათ შვილიშვილებს მოვუყვები ყველა იმ თავგადასავლის შესახებ, რომელიც უხვად მქონია ცხოვრებაში.


კარიერა

ჩემი სერიოზული სამსახური ზრდასრულ ასაკში „ჯორჯიან თაიმსი" იყო, მახსოვს, გოგა ხაინდრავას ინტერვიუში 60 ლარი გადამიხადეს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული გახდა, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი, ბევრი სიმწარეც ვნახე, რომლის გახსენებაც ახლა არ მინდა, მაგრამ ვნახე შედეგები, რომელმაც შემქმნა ჟურნალისტად.


ჟურნალისტიკაში ინტრიგა თანმდევი პროცესია. ხშირად სკანდალური სტატიის გამო დავუკითხივარ პოლიციას, ვყოფილვარ საზოგადოების სამსჯავროზე, ყველაზე მძიმე მომენტი ჩემს კარიერაში იყო ერთი ფაქტი, როცა შვილმკვდარი დედისგან ინტერვიუ ავიღე იმ დროს, როცა ის შვილის კუბოსთან იდგა და ტიროდა. არ ვიცი, მაშინ ეს რამ შემაძლებინა, ალბათ იგივე დრო რომ იყოს, ამას ვერც კი მოვახერხებდი, მაგრამ ხშირად დამვიწყნია, რომ ქალი ვარ, ადამიანი ვარ, ჟურნალისტობა სულ სხვა ძალაა. ვირუსივითაა, თუ ერთხელ შეგეყარა, მერე მისით ხარ დაავადებული და ისეთ რამეებს გაკეთებინებს, რომელსაც, როგორც ქალი, ვერ შეძლებდი.


მეორე შემთხვევა მახსოვს ასევე მძაფრად, როცა 2008 წელს, ორჭოსანში რუსული ტანკების  შემოსვლა შეგვატყობინეს. ამ დროს სამსახურში ვიყავი და ყველა იმას ფიქრობდა, რა ექნა, თუ მოვლენები ფატალურად განვითარდებოდა. მაშინ მახსოვს, როგორ ვთქვი მშვიდად, მე არსად წავალ, უბრალოდ შესაძლოა, ქალაქიდან ჩემი შვილი გავიყვანო-თქო. ეს დედის ინსტინქტი იყო, საკუთარ თავზე არც მიფიქრია. რომ ვიხსენებ ამ სიტყვებს, არ ვიცი, რამდენად სწორად ვთქვი,  ჩემი შვილი  იმ დროს მხოლოდ 5 წლის იყო. ორი წლის შემდეგ მოსკოვში ვიყავი ახალგაზრდა ჟურნალისტების კონკურსზე და მახსოვს, როგორი გაბრაზებული ტონი მქონდა, კინაღამ ხელით შევეხე ერთ რუსს, რომელმაც მითხრა, უვარგისი მთავრობა გყავდა და ომი იმიტომ წააგეო. ამ დროს სულ კრიტიკული ვიყავი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მისგან ეს წინადადება ისე აგრესიულად მივიღე, რომ სულ მაკანკალებდა სიბრაზისგან. ხელისუფლების ღირსების დაცვა ჩემი სტილი არასდროს ყოფილა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ის ჩემს ქვეყანას შეეხო და თან ცინიკურად, ამის ატანა კი თავმოყვარე ქართველს, მით უმეტეს, ჟურნალისტს არ შეუძლია. ცეცხლს პირველი არასდროს ვხსნი, მაგრამ თუ გავხსენი, მჭიდის დაცლამდე ვისვრი.


გულწრფელი ვიქნები და გამოვტყდები, პროფესია პირადი ანგარიშსწორებისთვისაც გამომიყენებია. ერთი-ორჯერ, მაგრამ ეს იმდენად იყო შეფუთული, რომ დღემდე არავინ იცის. შურისძიება ჩემი სტილი არაა, მაგრამ  ანგარისწორება ალბათ ჩვეულებრივი მომენტია - გაძლევენ მიზეზს, შენ მოქმედებ!


თავი მორიგ ეტაპზე სახელმწიფო უწყებაში, საჯარო სამსახურში წარმომიდენია.  პრინციპში,  სტარტი უკვე აღებული მაქვს.



სიყვარული

პირველი სიყვარული ალბათ ბაღში იყო... იმ ბავშვმა წერა მასწავლა და ამიტომ შემიყვარდა ალბათ. ხანდახან ვხუმრობ, რა „მეშჩანი" ბავშვი ვიყავი-თქო...

ნამდვილი სიყვარული უკვე ზრდასრულ ასაკში გამოვცადე. როგორი ვარ შეყვარებული? ვერ ვიტყვი, რომ ბრმა, თუმცა თავდავიწყებით სიყვარული შემიძლია, მით უმეტეს, როცა ამას ობიექტი იმსახურებს. თუ არ იმსახურებს, დაუნდობელი ვხდები. წვრილ-წვრილი ფლირტების შესახებ საუბარი არ ღირს, თუმცა გრძნობებს რაც შეეხება, ის ჩემს ცხოვრებასაც განსაზღვრავს და განწყობასაც. 

ბოლო დროს ვაკვირდები, რომ პროფესიული უნარ-ჩვევები პირად ცხოვრებაში იმდენად მერევა ხოლმე, რომ ძალიან რთულია, გავარჩიო, რომელი უფრო მძლავრია ჩემში - ქალი თუ ჟურნალისტი...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სრულყოფილი სიყვარული ჩემი შვილია, ყველა სხვა დანარჩენი უბრალოდ თანმდევი პროცესია. სიყვარულში მაქსიმალისტი ვარ - ან ყველაფერი, ან არაფერი. აქაც არ მესმის შუალედური რგოლი. როცა მიყვარს, სამყაროს ვერ ვხედავ და როცა გული მიტყდება, ერთ დღეში შემიძლია ადამიანის გულიდან ამოღება ისე, რომ მოგონებებიც კი არ დამრჩეს.

რთულად ვიყვარებ, მაგრამ უცნაურია, რომ ვისთანაც ურთიერთობა მქონია, მის ცხოვრებაში ისეთ კვალს ვტოვებ,   რომ ვერც ჟამთა ცვლა და ვერც ატმოსფერული ნალექი ვერ ახერხებს მის წაშლას. ადამიანური ურთიერთობები ჩემი ჰობია და მაქსიმალურად ვიხარჯები. ერთხელ, ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა,  შენდაუნებურად გაქვს ის თვისებები, რომელიც საინტერესოს გხდის და როცა მიდიხარ, უბრალოდ კი არ მიდიხარ, დიდი დოზით რჩებიო.

საინტერესო ურთიერთობები მხიბლავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესები, მოსაწყენ ურთიერთობებში ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ. ადამიანებს მუდმივად უწევთ რეჟიმში ყოფნა, როცა ჩემთან არიან. ყოველთვის ვთვლიდი, რომ მიზანსწრაფულ ადამიანებს აქვთ შანსი. როცა აგდებ კარიდან, უნდა შემოვიდეს ფანჯრიდან - ასეთი „თავხედი" მამაკაცები მომწონდა ყოველთვის და პარადოქსია, რომ ცხოვრებაში უმეტეს წილად ასეთი „თავხედები" მხვდებოდნენ ხოლმე. ზოგადად პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მაქვს ჩემი კრიტერიუმები, რითაც ვგეგმავ ჩემს პირად ცხოვრებას.

ახლა მაქვს პერიოდი, როცა ბევრ რამეს ვახარისხებ, გადაფასების ეტაპზე ვარ, იმას, რაც დისკომფორტს მიქმნის, ნელ-ნელა უკან ვიტოვებ...

მოკლედ, ბედნიერი ვარ, ძალიან გამიმართლა იმ ადამიანებში, ვინც ახლა ჩემს გვერდით არიან, ვინც დღის მანძილზე განწყობას იმით იქმნიან, მე როგორ ხასიათზე გავიღვიძე... ჩემთვის, მთავარია, ადამიანური კომფორტი და მეც აქეთ მივდივარ ახლა... ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, რომ ცხოვრებით მეტი ტკბობა მინდა და საკუთარი სურვილების პატივისცემა ვისწავლე. თუ რამე არ მინდა, არავის ინტერესების გამო არ გავაკეთებ, დათმობებზე სხვის გამო არ წავალ, სხვისი სურვილები თუ ჩემსას კვეთს, მე განზე ვდგები. იყო დრო, როცა საინტერესო თავგადასავლებით ვცხოვრობდი, ალბათ ასაკის ბრალიცაა, მაგრამ ახლა სტაბილურობას ვირჩევ. ვირჩევ იმ ადამიანს, ვინც მეტ კომფორტს მიქმნის ცხოვრებაში.


ჟანა ასანიძე და შემოქმედება

ორჯერ დავიწყე რომანის წერა, რომელიც რაღაცით ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ვერცერთი ვერ დავასრულე, ალბათ როცა ასაკში შევალ, მაშინ მივუბრუნდები. სხვა გატაცებები არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ჩემს შვილთან ერთად ფილმების ყურებაზე შაბათ-კვირას. ეს ჩვენთვის ერთგვარი რიტუალივითაა.


ლამაზი ქალი

განწყობა გვიქმნის სახეზე სილამაზეს, მე ასე მგონია. შეყვარებული, თვალებში ციცინათელებანთებული ქალი ყოველთვის ლამაზია, თავსაც სხვანაირად უვლის და გარშემომყოფებსაც პოზიტივს აძლევს. მე ყოველთვის მრცხვენოდა, რომ მეღიარებინა, დეპრესია მქონდა თუ პრობლემები, ამიტომაც სანამ არ დავძლევდი ამას, საზოგადოებაში არ ვჩნდებოდი. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ ნეგატივის დაძლევა უმოკლეს დროში. მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ ძლიერი ქალი ვარ და არ ვნებდები, ბევრი რამ არის ჩემში ისეთი, რაც მომწონს და ერთ-ერთი ეს თვისებაა, მე არასდროს დავეცემი. შეიძლება, ვლპებოდე შინაგანად, მაგრამ გარეგნულად ძალიან ძლიერად გამოვიყურები და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვახერხებ ამას.


სოფლელი და ქალაქელი

მეც სოფლელი ვარ, რაიონიდან ჩამოსული ერთი არაფრით გამორჩეული გოგო, რომელსაც არც თანამდებობის პირი მშობლები ჰყავდა და არც ავტორიტეტული, ბიძგის მიმცემები, თუმცა შევძელი საკუთარი თავის რეალიზება. ვფიქრობ, ამაში ინტელექტუალურ რესურსთან ერთად იღბალიც დამეხმარა.

ქალაქელობა და სოფლელობა, ჩემი აზრით, მენტალურ-პროვინციული ტერმინებია. ერთხელ, სატელევიზიო ეთერში მაია ორჯონიკიძემ განაცხადა - ჟანა ასანიძე სოფლიდან ჩამოეთრა და აქ ქართველ ინტელიგენციას დაგვერიაო. დღემდე ვერ გავარკვიე, სოფლიდან ჩამოთრეულს უფრო მეტი ღირსება აქვს თუ იმ ადამიანს, ვინც ამას ხაზი გაუსვა. მე არასდროს ვმალავდი და მეტიც, მეამაყებოდა, რომ ულამაზესი ჭიათურიდან ვარ. უზარმაზარ კლდეს ამშვენებს წარწერა „ჭიათურა ჩემი სიამაყეა", მე არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი არ ეამაყებოდეს.


მისაბაძი ჟურნალისტი

ინგა გრიგოლია, ლალი მოროშკინა - ეს ორი განსაკუთრებით.


იდეალური ჟურნალისტი

მიზანდასახული, შეუპოვარი, განათლებული. ვინც იცის, რა დროს რა თქვას და როგორ გათვალოს ხვალინდელი დღე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჟურნალისტებზე ვგიჟდები, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგანი პროტესტი, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ახლა აქ, ამ დროს, სახელმწიფოებრივად სხვა გზაა გამართლებული.


იდეალური პოლიტიკოსი

ასეთს არ ვიცნობ.


შექება და კრიტიკა

ხომ არიან ადამიანები, რომ ქება სწყინთ? ჩემთვის პირიქითაა, მე ის მოტივაციას მიმატებს. როცა ხაზს უსვამენ, რომ რაღაც კარგად გამომივიდა, ეს ემოციურად ისეთს მხდის, რომ ლამის მთები გადავაბრუნო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას არასდროს აკეთებს, დედაჩემია, მუდმივად უკმაყოფილოა ჩემი მიღწეულით და სულ იმის დამტკიცებაში ვარ, რომ შემდგომ ეტაპზე მისი კმაყოფილება მოვიპოვო. როცა ვინმე მაქებს, არ ტყდება, თუმცა მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ხოლმე, სახე როგორ ებადრება და უხარია. ლანძღვის და ცილისწამების მიმართ მე უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა. შეუძლებელია, ამდენი წელი იყო ჟურნალისტიკაში და ეს თვისება არ გქონდეს. ერთხელ, როცა სტატიის გამო გამლანძღეს, 2-3 თვე არაფერი დამიწერია, ვიწექი და ვტიროდი, ისე შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, ძლივს გამოვედი ამ შოკიდან და მერე კიდევ იყო მომენტი, როცა გავილანძღე, პოლიციაში დამიბარეს და მამაჩემმა მითხრა, აქამდე პატიოსნად მომიტანია ოჯახი და რა ქვეყნის სალაპარაკო გაგვხადე, რას წერ ასეთს, კიდევ კარგი, ბიჭი არ ხარ, თორემ ციხეზე სიარული არ აგვცდებოდაო. მაშინ ძალიან განვიცადე ეს და ცხოვრების შემდგომ ეტაპზეც, როცა მშობლებს ნებსით თუ უნებლიეთ გულს ვტკენდი, ძალიან განვიცდიდი ამას. რაც დრო გადის, მით მეტად ვაცნობიერებ და გული მწყდება, რომ ჩემმა მშობლებმა ბევრი ინერვიულეს ჩემს გამო.


რა აკლიათ დღეს ადამიანებს?

გულწრფელი სიყვარული, სიმართლეზე დაფუძნებული ურთიერთობები და ერთგულება. ერთგულებაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს.


ეტაპი ცხოვრებაში, რომელზე საუბარსაც თავს არიდებს

სამწუხაროდ, არის. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ეს ეტაპი. მეტად არ განვავრცობ ამ პასუხს.

ბევრ რამეს, განსაკუთრებით, პირად ცხოვრებაში ვნანობ, პროფესიაში - არ მახსენდება. ჩემი პროფესია ისე მიყვარს, რომ სიამოვნებით დავიწყებდი თავიდან ყოველგვარი სინანულის გარეშე.

 

ყველაზე დიდი, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია...

ყველაზე დიდი საგანძური მოვავლინე ამ ქვეყანას - ჩემი სალომე. შევდექი, როგორც ქალი და დედა. როცა მას ვუყურებ, სიამაყით ვამბობ ხოლმე, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. ხანდახან ვბრაზდები, თან მეამაყება, რომ ისიც ჩემსავით მეამბოხეა და ვერასდროს მოახვევ თავს შენს აზრებს, არგუმენტების და დასაბუთებების გარეშე. ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შვილის დედობა მარგუნა.


ვინ არის  ჟანა ასანიძე დღეს?

ვინ ვარ და რამდენად შევდექი, ეს ალბათ სხვა ადამიანების შესაფასებელია. ზოგნი ცუდს ამბობენ, რადგან არ მიცნობენ და უაპელაციოდ შეუძლიათ ადამიანის განსჯა, ზოგნი კი -დადებითს ამბობენ და ეს მე სტიმულს მაძლევს. დაუმსახურებელი ლანძღვის, შეურაცხყოფის გამო გული ისე მტკენია, რომ არასდროს დამავიწყდება და თავი იმით დამიმშვიდებია, არ მიცნობენ და გარეგნულად, ეტყობა, ასეთად აღმიქვამენ-თქო. ცხოვრებისეული გამოცდილების კვალდაკვალ მეც ბევრი რამ ვისწავლე და ვთვლი, რომ როგორც ჟურნალისტი, რეალიზებული, ხოლო, როგორც ქალი, ეშმაკზე რამდენიმე დღით ადრე დავიბადე, ამან განაპირობა ალბათ ის, რომ ჩემთან ურთიერთობა მოსაწყენი არასდროს არაა, არასდროს იცი, რას მოვიმოქმედებ, რა ნაბიჯის მერე რას ვიზამ, დილით რომ გავიღვიძებ, განწყობის შესაბამისად სიმშვიდეს მოგანიჭებ თუ აპლოკალიფსი გელოდება წინ. ადამიანების ნაბიჯების წინასწარი გამოცნობა შემიძლია, როცა თვალებში ვუყურებ, უთქმელის ამოცნობას ვახერხებ. ეს პროფესიის გავლენაა, პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში შესწავლილი თვისებებია, ყოველთვის ვხვდებოდი, როდის ჰქონდათ ჩემი მოტყუების მცდელობა. მაქვს ბევრი კარგი გეგმა და მას ეტაპობრივად მივყვები, ძალიან საინტერესოა ცხოვრება და მინდა, ამით ვისარგებლო.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი