logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსისგან ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. თავდასხმა პოლიციაზე არის თავდასხმა სახელმწიფოზე და მნიშვნელოვანია, შესაბამისი განმარტება მოვისმინოთ ლიეტუვის საელჩოსგანაც
- +

24 აპრილი. 2024. 11:47

 

 

„ერთ საკითხს მინდა შევეხო, გუშინ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ვგულისხმობ, ბატონ აუსტრევიჩუსს. ეს ევროპარლამენტარი, გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ამავე დროს, ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, თავდასხმა პოლიციაზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე.

 

„მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის არის, მათ შორის, ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება თუ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ამავე დროს, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს თავად ლიეტუვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს, როდესაც ნიკა მელია დააკავეს, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას, რომელიც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და თქვა, რომ ლიეტუვის მაშინდელი ელჩის განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

 

ასე რომ ეს ტენდენციები ქართულ პოლიციაზე თავდასხმისა, ლიეტუვის ელჩის მაშინდელი განცხადება, ახლა ლიეტუველი პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც ამავე დროს, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო და კარგი იქნება თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას და რატომ, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ მოლოტოვის კოქტეილებისა, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ, მათ შორის რომ ამ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ზუსტად იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსებით ხდებოდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი