logo_geo
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება
- +

16 ნოემბერი. 2023. 16:57

 

 

„ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის საქართველოში ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომისრის ვიზიტის ფარგლებში დღეს პირველად შედგა მაღალი დონის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში. როგორც ჩვენ შევთანხმდით, მაღალი დონის დიალოგი უკვე რეგულარულად, ყოველ წელს გვექნება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა  მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში დღეს თბილისში პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ენერგეტიკულ საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ახალ გზას იწყებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, როდესაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების კუთხით. ამასთან, როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების შესრულების თვალსაზრისით -  ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.

 

„ამისთვის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა, მიღწეული პროგრესის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის მიმართულებით. ქვეყანას, რა თქმა უნდა, გააჩნია უდიდესი ენერგოპოტენციალი  განახლებადი ენერგიების კუთხით და ამ პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და ათვისების გზაზე ჩვენ ვგრძნობთ ევროპის და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მჭიდრო დიალოგი აქვს როგორც ევროკომისიასთან, ისე Energy Community-სთან. რეფორმების განხორციელების პროცესში კი ქვეყანა მუდმივად იღებს ტექნიკურ მხარდაჭერას ევროპელი მეგობრების მხრიდან. როგორც დღეს ლევან დავითაშვილისა და კადრი სიმსონის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

 

„ძალიან ბევრი მიმართულებით ქართული კანონმდებლობა უკვე შესაბამისობაშია ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მათ შორის შემოვიღეთ ენერგოეფექტურობის ეტიკეტირების ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნელ-ნელა ინერგება. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სადაც, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო დიალოგის ფარგლებში ასევე პროგრესი გვექნება. ასევე ვმუშაობთ ინსტიტუციური მოწყობის და გაუმჯობესების კუთხით, სადაც გადაცემისა და გენერაციის ფუნქციები მკაფიოდ იქნება გამიჯნული და ესეც, რა თქმა უნდა, უფრო პროგნოზირებადს გახდის და უფრო სამართლიან თამაშის წესებს გააჩენს ენერგოსისტემაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

როგორც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი