logo_geo
კადრი სიმსონი: ამ კურსის შესანარჩუნებლად, შევთავაზე, რომ დიალოგს რეგულარული სახე მიეცეს და ამ მიზნით, ბატონი ვიცე-პრემიერი მომავალ წელს ბრიუსელში მოვიწვიე
- +

16 ნოემბერი. 2023. 18:02

 

 

„ეს იყო წარმატებული და მდგრადი პირველი მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით შემდეგომ ნაბიჯებზე და ამ კურსის შესანარჩუნებლად, შევთავაზე, რომ დიალოგს რეგულარული სახე მიეცეს და ამ მიზნით, ბატონი ვიცე-პრემიერი მომავალ წელს ბრიუსელში მოვიწვიე. ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი შეხვედრა, იყო პირველი იმ მრავალთაგან, რომელიც მომავალში გვექნება ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისა და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“, - განაცხადა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ.   

 

კადრი სიმსონის განცხადებით, მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი ენერგეტიკის სექტორზე ერთობლივი მუშაობის ინტენსიური პროცესის შედეგია.

 

„სულ რაღაც ერთი კვირის წინ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროსაბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში რამდენიმე კვირაში მიიღებს. ევროკომისია სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ჭეშმარიტ მისწრაფებას, იყოს თავისუფალი და დემოკრატიული გაერთიანების ნაწილი და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული მიღწევაა, მაგრამ ეს ასევე არის პროცესის დასაწყისი“, – აღნიშნა მან.

 

ევროკომისარის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განიხილეს მიმდინარე საკითხები, ასევე რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. მან დადებითად შეაფასა ენერგეტიკის დარგში მიღწეული შედეგები და აღნიშნა, რომ დიალოგის დროს განხილული იქნა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

 

„ჩვენ განვიხილეთ რეფორმები, ინვესტიციები და ასევე ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ჰარმონიზაცია აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არამედ ეს წესები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ენერგოუსაფრთხო და ქვეყანამ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ არსებობს საერთო გაგება და კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს დაუჭერს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფინანსური დახმარებითაც“, - განაცხადა კადრი სიმსონმა.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დიალოგის ფორმატში განიხილეს საქართველოს პოტენციალის სრულად გამოკვლევის შესაძლებლობები განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ ასევე განვიხილეთ მსგავსი პროექტების ინვესტიციების პერსპექტივა. ეს მზარდი ინდუსტრიაა და სწორედ ამიტომ საქართველოში ჩვენთან ერთად მოვიწვიეთ ჩვენი ფინანსური პარტნიორები - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საინვესტიციო ბანკი და KFW განვითარების ბანკი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

„ევროკომისიამ აღიარა ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მისწრაფება. ახლა საქართველომ უნდა შექმნას საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა გატარდეს. წარმატებებს გისურვებ ამ საქმეში“, - განაცხადა ევროკომისარმა კადრი სიმსონმა.

 

 

big_banner
არქივი