logo_geo
დიზაინი, როგორც სივრცის ხარისხის გაუმჯობესების ხელოვნება — ინტერვიუ მარიამ ძამაშვილთან
- +

1 სექტემბერი. 2023. 21:15

 

 

ინტერიერის დიზაინერ მარიამ ძამაშვილის ნამუშევრებში მკაფიოდ იკვეთება ხელოვნებისადმი სიყვარული, ის ინტერესი და აღმაფრენა, რომელსაც, ოჯახის დამსახურებით, ბავშვობიდანვე ეზიარა. პროფესიულ არჩევანზეც, დიდწილად, იმ გარემომ იმოქმედა, რომელშიც გაიზარდა. დღეს კი ჩვენს მკითხველს საკუთარ კარიერულ გამოცდილებასა და შეხედულებებს უზიარებს.

 

მარიამ, როგორი იყო ის გარემო, რომელშიც იზრდებოდით? რა გახსოვთ ყველაზე მძაფრად ბავშვობიდან?

 

ძალიან პატარა ასაკიდანვე დაინტერესებული ვიყავი ხაზვითა და ხელოვნებით. მამაჩემი ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო, მისი საქმე მეც მიტაცებდა, ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა თუ როგორ ხაზავდა და მუშაობდა. მისი შემყურე მეც ვცდილობდი, ნახაზებთან მქონოდა ურთიერთობა. დედა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ამიტომ ბავშვობიდან მესაუბრებოდა ხელოვნებაზე. ხშირად მესმოდა დიდი ხელოვანების სახელები, ემოციებით მიყვებოდა მიქელანჯელოს, რემბრანდტის, ვან გოგისა და გოგენის შესახებ, მათ ნამუშევრებს მაცნობდა. ამასთანავე, 6 წლიდან დედამ სამხატვრო სკოლაშიც შემიყვანა, სადაც ხატვას, ქანდაკებას, ფერწერას  ვეუფლებოდი. ისეთ გარემოში გავიზარდე შეუძლებელი იყო ხელოვნება არ შეგყვარებოდა, შესაბამისად, ჩემმა მშობლებმა უდიდესი გავლენა იქონიეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებასა და მსოფლმხედველობის განვითარებაზე.

 

 

 

 

როგორ წარიმართა თქვენი გზა? სად მიიღეთ განათლება და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

 

სკოლის დასრულების შემდეგ, ჩემი ინტერესთა სფერო გავაერთიანე და ასე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. არქიტექტურასთან ერთად აკადემიაში ფერწერასაც ვსწავლობდი და ამ მიმართულებითაც ვიღრმავებდი ცოდნას. რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე ჩემი პროფესიით საქმიანობა, თუმცა, პარალელურად, ინტერიერის დიზაინსაც ვასრულებდი. გარკვეული დროის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ინტერიერის დიზაინზე მუშაობა მეტ სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომ გადავწყვიტე ამ სფეროსთვის მიმეძღვნა ჩემი ცოდნაც და მომავალიც.

 

 

 

 

გვესაუბრეთ მუშაობის პროცესზე, რა შთაგაგონებთ ყველაზე მეტად?

 

შთაგონებას მოძრაობისგან, მოგზაურობისგან, მუდმივი გადაადგილებისა და გარემოს ცვლილებისგან ვიღებ. ძალიან მეხმარება ხელოვნება და ფიქრი – შემოქმედებითი პროცესიც მისგანაა ნასაზრდოები, შედეგად კი იქმნება ნამუშევრები, რომლებსაც რაღაც ყოველთვის აერთიანებს. ეს რთული ასახსნელი, თუმცა მარტივი გამოსაცნობია. ხშირად უთქვამთ, რომ ჩემს ნამუშევრებს ცნობენ, რაც ვფიქრობ, ჩემი ქვეცნობიერისა და დიზაინის ზოგადი ხედვის დამსახურებაა და თითოეულ პროექტში ეს მკაფიოდ ჩანს.

 

როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს?

 

მიმაჩნია, რომ დიზაინი სივრცის ხარისხის გაუმჯობესების ხელოვნებაა. ჩემი ნამუშევრებიც სწორედ ამ ფილოსოფიის მატარებელია. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობიდანვე ხელოვნებასთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ამიტომ ვიცი რამდენად დიდი სიამოვნებაა მასთან ერთად ცხოვრება. შესაბამისად, ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში ავსახო ეს ყველაფერი, დიდი დოზით შევიტანო ხელოვნება და დამკვეთსაც მივცე საშუალება, მასთან ურთიერთობით სიამოვნება მიიღოს. მაგალითად, მიყვარს ცნობილი ან უცნობი ექსპრესიული ნამუშევრების პრინტის ან დეკორის სახით ინტერიერში გამოყენება, რასაც ხშირად ვაკეთებ.

 

 

 

 

რომელ თქვენს ნამუშევარზე გაამახვილებდით ყურადღებას?

 

ჩემი ნამუშევრებიდან, ალბათ, საკუთარი სახლის დიზაინს გამოვარჩევდი. ამ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ მქონია და სრულად განვახორციელე ჩემი სურვილები და ცხოვრებისათვის საჭირო  ყველა მოთხოვნა თუ იდეა. უამრავი ექსპერიმენტი ჩავატარე, რადგან სიახლეების არ მეშინია. შესაბამისად, შედეგიც ჩემთვის სრულიად კომფორტული და სასიამოვნოა, ამიტომ ეს პროექტი განსაკუთრებით მიყვარს.

 

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს? 

 

არქიტექტურა და დიზაინი ყოველთვის ზუსტად გამოხატავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. არქიტექტურაზე დაკვირვებით შეგვიძლია გამოვიცნოთ თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სოციალური, პოლიტიკური თუ განათლების მიმართულებით. არქიტექტურა ინფორმაციას გვაწვდის ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის შესახებაც. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული არქიტექტურისა და დიზაინის სივრცე ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფდი განათლების სიმცირეს, მასზე ხელმიუწვდომლობას, ზერელე დამოკიდებულებას საკითხებისადმი, არაპროფესიონალიზმს, ინტერნაციონალური და მასკულტურული იდეების შემოტანას ჩვენს რეალობაში, რაც ხშირ შემთხვევაში, კიტჩის სახით ხდება. აქედან გამომდინარე, არქიტექტურა და დიზაინი კარგავს სტილს და შესაბამისად, ხარისხსაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ თუ რა არის ღირებული და აუცილებელი ჩვენი ისტორიის, გამოცდილებისა და საყოფაცხოვრებო კულტურიდან გამომდინარე.

 

 

 

 

როგორ დაახასიათებდით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობას?  

 

ვფიქრობ, ქართველი დამკვეთი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება უცხოელისგან, გარდა იმისა, რომ მას მკაფიოდ არ აქვს გაცნობიერებული თუ რა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ იცის რა უნდა, ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა არის  ამისთვის საჭირო. დამკვეთთან ურთიერთობაც, ისევე როგორც, ზოგადად, ადამიანებთან, ძალიან ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. თუმცა პროფესიონალიზმი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ დიზაინერმა მსგავსი გამოწვევები გადალახოს, თითოეულ დამკვეთს სწორად მიუდგეს, რათა სრულად გაიაზროს, რა უნდათ მისგან და შესთავაზოს ის, რაც დამკვეთს სჭირდება. მქონია იმის გამოცდილებაც, რომ დამკვეთები ჩემი კარგი მეგობრები გამხდარან და დღემდე აქტიური ურთიერთობა გვაქვს.

 

 

 

 

 

 

საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება დამწყები ინტერიერის დიზაინერებისათვის, რას ურჩევდით მათ?

 

მომავალ დიზაინერებს ვურჩევ, არ შეუშინდნენ არანაირ გამოწვევას, პირიქით, მისი გადალახვა უდიდესი სიამოვნებაა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. მთავარი ფაქტორი, რამაც ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა, ის უდიდესი სიამოვნებაა, რომელსაც დასრულებული ნამუშევრების ფიზიკურად ხილვის შემდეგ განვიცდი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენ მიერ შექმნილ ინტერიერში ყოფნისას სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებოდეს. სწორედ ეს არის ხელოვნებით ტკბობა – როდესაც  ნამუშევარს უყურებ, ეხები, უსმენ და ამ სიამოვნებას ვერაფერი ცვლის…

 

 

 

 

 

big_banner
არქივი