ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) გადაშენების ზღვარზე მყოფი ცხოველების განახლებული სია გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „წითელ წიგნში“ შესული ცვლილებები IUCN-ს საერთაშორისო კონგრესზე, მარსელში გაჟღერდა. სპეციალისტებმა ცხოველთა 138 374 სახეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 38 543 (28%) გადაშენების ზღვარზეა.
კერძოდ, „წითელ წიგნში“ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე დიდი ხვლიკი - კომოდოს ვარანი. IUCN-ში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებისა და ტემპერატურის მატების გამო მომდევნო 45 წლის განმავლობაში მათი ბინადრობის არეალი სულ მცირე კიდევ 30%-ით შემცირდება. ამასთან, ვარანებს საფრთხეს კაცობრიობის საქმიანობაც უქმნის.
კაცობრიობის ქმედებების მსხვერპლი ასევე ზვიგენები და სკაროსები გახდნენ. ამ ოჯახის სახეობების 37% გადაშენების ზღვარზეა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 24%-ს შეადგენდა.
თუმცა, არიან ცხოველები, რომლებმაც პოპულაციის აღდგენა მოახერხეს. ასეთია თინუსი. ამ თევზის შვიდი სახეობიდან ოთხის პოპულაცია გაიზარდა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი 1948 წელს დაარსდა და 1400 წევრს აერთიანებს - სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს 100-ზე მეტი სახელმწიფოდან. 1964 წლიდან ორგანიზაცია რეგულარულად აახლებს „წითელი წიგნის“ სიებს და ველური ცხოველებით ვაჭრობას აკონტროლებს.