logo_geo
დავით გადელია: საქართველოში COVID19-ის მესამე ტალღის დაწყების საფრთხე რეალურია
- +

10 აპრილი. 2021. 21:28

 

„ძალიან დიდი საფრთხეა, რომ COVID19-ის მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყოს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.

 

„ისევ იძაბება ვითარება, ისევ რიგია კლინიკებში. გაიზარდა მომართვიანობა. ვამაყობდი, რომ პირველი ტალღა არ გაუგია მოსახლეობას, 100-ზე ნაკლები იყო ავადობის მაჩვენებელი. რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, რომ მეორე ტალღა დამძიმებულიყო. ეს განაპირობა პოლიტიკურმა აქტივობამ. იყო არჩევნების წელი. აქ მეორე ფაქტორია, შავი ზღვისპირეთის გახსნა და ნაკლები კონტროლი, ხოლო მესამე დიდი ქორწილები და ჭირის სუფრები. ზაფხულში და შემოდგომაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია უმძიმესი ნოემბერ-დეკემბერი. ამ პერიოდში ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს გაუტოლდა“, - განაცხადა დავით გადელიამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 287 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 711, გარდაიცვალა 3869 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი