logo_geo
ბლიც-ინტერვიუ დინი ვირსალაძესთან
- +

18 მაისი. 2021. 12:48

 

 

 

სახელი: დინი.

 

გვარი: ვირსალაძე.

 

პროფესია: მუსიკოსი, პიანისტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.

 

– მოგონება ბავშვობიდან...

 

– წაღვერში გვაქვს აგარაკი და მახსოვს, როგორ დავდიოდით ტყეში და ვუყურებდით ციყვებს – მაშინ ეს ჩემთვის ჯადოსნური სამყარო იყო.

 

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– ალბათ, ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა „ლაღიძის წყლების“ გამყიდველობა მინდოდა, ისე მომწონდა (იცინის). დაახლოებით მე-4–მე-5 კლასში, როცა ბალეტზე დავდიოდი, ბალერინობაზე ვფიქრობდი. მოგვიანებით, მე-7 კლასში, ფიზიკოსობა მსურდა. ყველა საგანს ძალიან კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მიყვარდა ტექნიკური საგნები, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალიზირებულ ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, სადაც მთავარი ღერძი მუსიკა იყო. მუსიკა ყოველთვის თან სდევდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ჩემი ინტერესები დროსთან ერთად იცვლებოდა, სულ სხვადასხვანაირი იყო.

 

– ჩემი პროფესია განაპირობა...

 

– ვფიქრობ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ძალიან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. ჩემი დიდი ბებია, ანასტასია ვირსალაძე, საქართველოში საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი იყო. პეტერბურგის კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ჩამოვიდა თბილისში და უამრავი გამოჩენილი პიანისტი გაზარდა, მათ შორის ელისო ვირსალაძე – მამიდაჩემი. ჩემზე ამ ფესვებმა იქონია გავლენა და მუსიკა ბუნებრივად შემოვიდა ჩემში. დედა მუსიკოსი გახლდათ, მამა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმია, გადასარევად უკრავს.

 

სპორტული ცხოვრება...

 

– სპორტიც სულ თან სდევს ჩემს ცხოვრებას. ბავშვობაში ჩოგბურთზე დავდიოდი და ბუნებრივია, ჩოგბურთელობაც მინდოდა, მაგრამ ხელს მიშლიდა დაკვრაში, მაჯა დამიმძიმდა, მტკიოდა და ჩემი სპეციალობის პედაგოგმა კატეგორიულად მოითხოვა, თავი დამენებებინა. გარდა ამისა, ჩემს ცხოვრებაში ცურვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როცა აუზზე მივდივარ ხოლმე, კილომეტრზე ნაკლებს არ ვცურავ, მაგრამ ბოლო წლებში საცობების გამო ვეღარ ვახერხებ მისვლას – დიდ დროს მართმევს. პატარა ვიყავი, როცა დამოუკიდებლად ვისწავლე ორთვლიანი, „გონოჩნის“ ველოსიპედის ტარება. პინგ-პონგიც თავად ვისწავლე. საერთოდ, სპორტში რასაც მოვკიდე ხელი, გამომივიდა.

 

ჩემი მეტსახელი...

 

– დინის მეძახდნენ სახლში, მაგრამ პასპორტში დინარა მიწერია. დროთა განმავლობაში ყველამ აიტაცა დინი. უცხოეთშიც მარტივად იმახსოვრებენ ამ სახელს და დავრჩი დინით. ისე, დინარა ძალიან მომწონს, იშვიათი და ლამაზი სახელია.

 

– პირველი წარმატება...

 

– ღრმა ბავშვობაში იყო, სკოლამდელ ასაკში. სატელევიზიო მუსიკალურ სპექტაკლ „წითელქუდაში“ ვმონაწილეობდი, სადაც წითელქუდა ვიყავი, თან, დედაც უკრავდა. ეს სპექტაკლი ინგლისურ ენაზე იყო, რასაც დიდი აღფრთოვანება და აჟიოტაჟი მოჰყვა.

 

– ადამიანში ვაფასებ...

 

– ერთ თვისებას ვერ დავასახელებ. ძალიან მიყვარს გულწრფელი, თავმდაბალი, კულტურული და ინტელიგენტი ადამიანები.

 

წარმატებული ადამიანი არის...

 

– ის, ვინც თავის ცხოვრებაში საკუთარ ფუნქციას მოძებნის და საყვარელი საქმით იქნება დაკავებული. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ეს არა მარტო წარმატება, არამედ დიდი ბედნიერებაა.

 

– რისკი...

 

– ვრისკავ, მაგრამ უაზროდ არა. მაგალითად, საჭესთან რომ ვზივარ, არ გავრისკავ, რომ სიჩქარე „ავკრიფო“. გააჩნია მომენტს. თუნდაც შეიძლება, იმიტომ დამერქვას რისკიანი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ დავდექი თხილამურებზე. ჩემთვის ეს რისკი იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა, ავისრულე ეს სურვილი და ახლა ნებისმიერი ტრასიდან დამოუკიდებლად შემიძლია დაშვება.

 

– მაკვირვებს...

 

– ხალხის უზნეობა და თავხედობა, მაღიზიანებს კიდეც. ეს ყველაფერი კი ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა.

 

ვერიდები...

 

– კონფლიქტებს.

 

– მწამს...

 

– სიყვარულის, მეგობრობისა და ბევრი რაღაცის. რელიგია ძალიან პირადი თემაა და ჩემთვის დავიტოვებ.

 

ბედისწერა...

 

– ალბათ, არსებობს. ნაწილობრივ ადამიანიც მონაწილეობს საკუთარი ბედის წერაში, მაგრამ რაღაც არსებობს ამის გარდა. იღბალი აუცილებელია წარმატებისთვის, ნებისმიერ სფეროში, თუმცა ადამიანზეც ბევრია დამოკიდებული. დაჯდე და მარტო იღბალს ელოდო, ასე არაფერი გამოვა. შენც უნდა შეიტანო წვლილი. შრომისა და წვალების გარეშე ლურსმანსაც ვერ ჩააჭედებ კარგად.

 

– სიყვარული...

 

– დიდი ნიჭი და ცხოვრების აზრია, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს. ყველაფერი სიყვარულია ამ სამყაროში. უფლის მიმართ სიყვარული აუცილებელია. ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ პურების ცხობით, ამას ისეთი სიყვარულით ვაკეთებ, რომ გამორიცხულია, კარგი არ გამომივიდეს. ვერ წარმოვიდგენ, რამე გააკეთო, სიყვარული ჩააქსოვო და ის არ გამოვიდეს. არ შეიძლება, ადამიანებს შორის სიყვარული არ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს დედმამიშვილური იქნება, დედაშვილური თუ მეგობრული. სიყვარული არის არსებობის არსი და ის, რაც გადაგვარჩენს.

 

როცა პირველად შემიყვარდა...

 

– სკოლაში პირველივე კლასში მომწონდა ბიჭი, მისი ხმაც კი მომწონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა. მე მგონი, მასაც მოვწონდი, კარგად ხატავდა და მიხატავდა ხოლმე რაღაცებს. მერე მერხზე დამიდებდა ყოველგვარი სიტყვების გარეშე (იცინის).

 

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

 

– ბევრი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, ყველაფრის პატიება შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია, ადამიანებს პატიების უნარი გვქონდეს. სულგრძელობა რთულია, მაგრამ არც ადამიანების დაკარგვაა მარტივი. თუ ერთმანეთს არ ვაპატიებთ, არფერი გამოვა.

 

– მეშინია...

 

– გველებისა და ვირთხების.

 

– არ მომწონს...

 

– ტყუილები. არასდროს ვუსვამ ზედმეტ შეკითხვებს ადამიანებს, ძალიან ახლობლებსაც კი. აქედან გამომდინარე, როცა თვითონ წამოიწყებენ რაღაცაზე საუბარს და ამ დროს მატყუებენ, ძალიან ვღიზიანდები.

 

– შემშურებია...

 

– ღმერთის წყალობით, ეს სიტყვა რას ნიშნავს, არც ვიცი და მადლობელი ვარ. ზოგს რომ ვაკვირდები, როგორ ავადდებიან ამ შეგრძნებით, ვოცდები, ეტყობა, საშინელი სენია. კიდევ კარგი, რომ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის. სხვა თუ რაღაცას აკეთებს, უბრალოდ, გულწრფელად მიხარია და მორჩა.

 

– სამაგიეროს გადახდა...

 

– არასდროს მიცდია, მსგავსი რამ არც დამიგეგმავს, მაგრამ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ყოველთვის არ არის საჭირო ადამიანები უპასუხოდ დატოვო, უნდა მიახვედრო, რომ კრეტინი არ ხარ.

 

ბოდიშის მოხდა...

 

– ვცდილობ, ისე მოვიქცე, ბოდიში არ დამჭირდეს, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ ჩემი საქციელი არასწორია, ნამდვილად არ მიჭირს მობოდიშება. ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება, თუმცა მაინც ვაკონტროლებ საუბარს, ქცევას და ვცდილობ, ვინმეს არ ვაწყენინო.

 

რთული პერიოდი...

 

– მქონია მსგავსი პერიოდი და არა ერთხელ. ცხოვრება ასეა, რთულ პერიოდს ისევ კარგი მოჰყვება, ასეთი მონაცვლეობა აქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ზოგჯერ პირადს ეხებოდა, ზოგჯერ სხვა რამეს.

 

– ვაგროვებ...

 

– ძალიან მიყვარს მცენარეები და ჩემს შუშაბანდში ორანჟერეა გავაკეთე. ვაგროვებ ქოთნებს და ყველა ქოთანში სხვადასხვა ტიპი ცხოვრობს – ეს შეიძლება იყოს ცხოველი, თოჯინა, სარწყავი და ასე შემდეგ. გასალამაზებლად ჩამომაქვს ხოლმე უცხოეთიდან, არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ჩემი კოლექცია იყო, უბრალოდ, ამათი შეგროვება ძალიან მიყვარს. სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ვყიდულობ მსგავს ნივთებს. საერთოდ მიყვარს სილამაზე, ესთეტი ვარ. მომწონს ლამაზი ნივთები და გარშემო სილამაზის შექმნა, მით უმეტეს, თუ ეს არაფრისგან მოხერხდება, უფრო აზარტში მაგდებს.

 

– თავისუფლება...

 

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ალბათ, მაგიტომაც გავხდი მუსიკოსი. თავისუფლება ბევრ რამეს განაპირობებს. ის არა მარტო ურთიერთობაში, ყველაფერში იგრძნობა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისთვის, ხელოვანისთვის კი პიროვნულ თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს.

 

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

 

– ბებიას რჩევა მახსოვს. რაღაცას რომ განვიცდიდი, მეტყოდა: „ყველაფერი გაივლის“. ეს მართლაც ასეა. იმ მომენტში გგონია, რომ არასოდეს გაივლის, მაგრამ რაღაც დროის მერე ის პრობლემა შეიძლება, ღიმილითაც კი გაგახსენდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი