logo_geo
„ომი ბოროტებაა“ - საუკუნეს გადაცილებული ომის ვეტერანი მასწავლებლის ისტორია
- +

25 იანვარი. 2020. 15:30

 

 

ომზე ფილმების ნახვისას, ყოველთვის ტირის - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამოცდათხუთმეტი წლის შემდეგაც, იქ ნანახი და განცდილი, სიმძაფრეს არ კარგავს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრებ, საუკუნეს გადაცილებულ შალვა კუპატაძეს, ჩვენთან მოსაყოლი მართლაც ბევრი აღმოაჩნდა.

 

„ომს ტელევიზორშიც რომ ვხედავ, მძიმედ განვიცდი, თავისით მეტირება. ამაზე საშინელი, რა უნდა მოხდეს. რამდენი სიცოცხლე წაიღო, რამდენი ბავშვი და ქალი შეიწირა“, - უყვება „პრაიმტაიმს“ ომის ვეტერანი.

 

20 წლის ასაკში საბჭოთა არმიაში დამ გააცილა. მაშინ ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ის და მისი თანატოლები, ყველაზე დიდი საშინელების - ომის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ.

 

„დედ-მამა ადრე გარდაგვეცვალა. არმიაში ჩემმა დამ გამაცილა. მშვიდად იყო, რას წარმოიდგენდა, ომი თუ დაიწყებოდა. მეც იმედი მქონდა, დავბრუნდები, ოჯახს მივხედავ- მეთქი“, - ამბობს შალვა კუპატაძე.

 

ომმა ბალტიისპირეთში მოუსწრო და დაიწყო ჯოჯოხეთი, რომლის მსგავსი, ახალგაზრდა, გამოუცდელ ბიჭს ვერასოდეს წარმოედგინა.

 

„დღე და ღამე ერთმანეთში იყო არეული. მოიწევდნენ გერმანელები, ცეცხლის ალში ხვევდნენ ყველაფერს. სიცივეც იყო, შიმშილიც, ბევრი გაჭირვებაც და რაც ყველაზე უფრო დიდი სისასტიკეა , სიკვდილი გხვდებოდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე“, - იხსენებს მძიმე დღეებს ვეტერანი.

 

შალვა კუპატაძე ყვება, რომ ყველაზე მძიმე ტრავმა მას, მეგობრის სიკვდილმა მიაყენა. ომმა იმსხვერპლა მისი 19 წლის მეგობარი ვანის რაიონის სოფელ დიდი გომარეთიდან, დავით ხიზანაიშვილი.

 

„19-20 წლის ბიჭები ვიყავით. ის ერთადერთი ქართველი იყო ჩემს ნაწილში. ცეცხლი წამოვიდა და ყველა გავიქეცით, ამასობაში დავკარგე. როცა დავბრუნდი, გაზეთის საშუალებით მის ოჯახს ვეძებდი. მისი ძმა გამომეხმაურა და აქ ჩამოვიდა. შვილებიც კი არ დარჩა, ხომ წარმოგიდგენიათ“, - სევდიანად იხსენებს შალვა კუპატაძე.

 

ერთ-ერთ ოპერაციაზე, დაზვერვაზე წასული რიგითი კუპატაძე კისერში მძიმედ დაიჭრა. კარგა ხნის მკურნალობის შემდეგ, სამშობლოში დააბრუნეს და სოფელ ნაფარეულის სკოლაში სამხედროს მასწავლებლად დანიშნეს. ახლა სხვებს ამზადებდა ომში წასასვლელად, ბრძოლასა და ომის კანონებს ასწავლიდა.

 

ამის შემდეგ იყო ოჯახი, სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი, თორმეტი შვილთაშვილი და შვილთაშვილების კიდევ ორი შვილი.

 

ახლა 101 წლის ვეტერანი სოფელ ფშაველში ცხოვრობს. ხალისიანად ფუსფუსებს და ვაზსაც უვლის. არც ასაკი აშინებს და არც შრომა. ოჯახი, თავისი მრავალრიცხოვანი შთამომავლები და სამშობლო უყვარს. ერთადერთი, რის გაგონებაც არ უნდა, ეს ომია.

 

„ეს აღარ უნდა განმეორდეს. უმძიმესი იყო 2008 წლის ომი. ახლა მესმის ხშირად, თითქოს ირანი და ამერიკა უნდა შეებრძოლონ ერთმანეთს. ომის დაშვება აღარ შეიძლება, უდიდესი ბოროტებაა. ადამიანი დაიბადა სიცოცხლისათვის - ამბობს საუკუნეს გადაცილებული ვეტერანი და დარწმუნებულია, რომ ამქვეყნად, მშვიდობა - ომს, სიცოცხლე - სიკვდილს მაინც აჯობებს“, - განაცხადა ომის ვეტერანმა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი