logo_geo
გოგი კუპრეიშვილი: გიგი უგულავა 6 დღე იჯდა ჩემს კაბინეტში, ჭურჭელიც კი გაიტანა!
- +

23 იანვარი. 2017. 20:37


 

 

„მე ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილს შევხვდი, როცა მთავარი პროკურორი იყო, დავწერე განცხადება და მცნეს დაზარალებულად. ხმამაღლა ვაცხადებ: ჩემი დაკავების პროცესს თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე, გივი თარგამაძე. ამ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულები: გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ღვინიაშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს ხალხი განსაზღვრავდა ნებისმიერი ადამიანის ბედს მიშა სააკაშვილის დადგენილების მიხედვით, ეს ხალხი იყო თავად კანონი" ,-  ამის შესახებ აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგი კუპრეიშვილი expressinfo-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.



„2004 წლის მარტში, აპრილში, თებერვალში ჩემგან ითხოვდნენ, რომ მიმეწოდებინა ინფორმაციები და ოჯახთან ერთად გადმოვსულიყავი თბილისში, კონსპირაციულ ბინაში საცხოვრებლად, როგორც ასლან აბაშიძის რეჟიმს გამოქცეული გენერალი. მე ეს არ შევასრულე და ამიტომაც დამსაჯეს.

 

ეს შემომთავაზეს ზურაბ ადეიშვილმა და ამირან მესხელმა. 2004 წლის 12 მარტს პირადად მესაუბრნენ. როდესაც ესენი შემოვიდნენ აჭარაში, გიგი უგულავა მოვიდა და დაჯდა ჩემს კაბინეტში, 5 რიცხვში რომ შევიდა, 11 რიცხვამდე იჯდა.

 

ჩემი კაბინეტი გადატენა იარაღით, იძახებდა ბიზნესმენებს და ბოლომდე წეწავდა, ფულს აწერდა. ასევე ორგანიზებას უკეთებდა ძვირადღირებული აპარატურის გატანას, ასევე ძვირადღირებული ხატებისა და სხვა ძვირფასი ნივთების გატანას. ეს იყო კონტრაბანდული გზით გატანისას ჩამორთმეული ხატები და ნივთები. არსებობდა კატალოგი, სადაც ეწერა მონაცემები და ინახებოდა უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთ ოთახში, სხვაგან სად უნდა შეგვენახა? ეს გახლდათ მართლმადიდებლური ეკლესიის ხატები, თანაც ძალიან ძვირადღირებული. ასეთი რამის გატანა აკრძალულია. სად წაიღეს, არ ვიცი. რაც კი უშიშროების სამინისტროში ღირებული იყო, ყველაფერი წაიღეს. ვიმეორებ, ძვირადღირებული აპარატურაც გაზიდეს, ამას ვადასტურებ, ოღონდ სად წაიღეს, არ ვიცი. ჭურჭელიც კი წაიღეს, ხომ წარმოგიდგენიათ? სოსო გოგიტიძის კაბინეტიდან ოდეკოლონები, პერანგები და ფეხსაცმელები გაზიდეს. ესენი ახლა რაღაც კანონებზე და ხალხის კეთილდღეობაზე ლაპარაკობენ, სირცხვილი არ არის? 320 ათასმა კაცმა გაიარა მაგათ წნეხში, სად არიან ეს ადამიანები?!

 

როდესაც გიგი უგულავა ჩემს კაბინეტში დაჯდა, მისი განკარგულებით გადმომიყვანეს თბილისში, იმ დროს გამომწყვდეული ვიყავი მოდულის შენობაში, "კაპეზეში". შემდეგ იქიდან გამამწესეს ორთაჭალის ციხეში. წელიწადი და ერთი თვე ახლობლებს არ მაკარებდნენ, ბავშვების სურათები მოვითხოვე, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ციხის ადმინისტრაციას აუკრძალეს, სურათები არ გადასცეთ, გოგი კუპრეიშვილი ინერვიულებსო. წარმოგიდგენიათ, როგორი ცინიკოსები და დაუნდობლები იყვნენ? წელიწადი და ერთი თვე მხოლოდ ეკა ბესელია შემოდიოდა ჩემთან, ოჯახის წევრებიც კი ვერ მნახულობდნენ. ესენი ლაპარაკობენ დღეს ევროპულ ღირებულებებზე? ამათი პროკურორი ითხოვდა 12 წელს, მაგრამ მომისაჯეს 8 წელი, თითქმის 5 წელი ვიჯექი. 2 წელი შეწყალება გამიკეთა პატრიარქმა, მადლობა ამისთვის. თითქმის 10 წელი დავკარგე ამათთან ჭიდაობაში, ცხოვრების საუკეთესო წლები. ამ პერიოდში საკუთარ შვილებსაც კი არ მაჩვენებდნენ.

 

მოგვიანებით გივი თარგამაძეს ჩოლოქზე შევხვდი და ვილაპარაკეთ. მე ეს ყველაფერი გავაკეთე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეო. მან ვახტანგ კომახიძეზე თავდასხმის საქმე შემითითხნა, ტერაქტის ორგანიზებაში დამდო ბრალი, ვერ დამიმტკიცა და ბოლოს ზურაბ ადეიშვილმა მოიგონა ასანიძის საქმე, თითქოს მე ვლახავდი მის უფლებებს, ციხეში მყავდა უკანონოდ გამომწყვდეული. ადეიშვილმა კარგად იცოდა, რომ დასავლეთში ამაზე ხმას არავინ ამოიღებდა, მე ხომ ადამიანის უფლებებს ვლახავდი? თენგიზ ასანიძეც დაარწმუნეს, შენი მტერი გოგი კუპრეიშვილიაო. არადა, ყველამ კარგად იცოდა, რაშიც იყო საქმე. 2005 წლამდე ასანიძესთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მის მეუღლესთანაც და მთელ ნათესაობასთანაც, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, რა უთხრეს, არ ვიცი, სასამართლო პროცესზე ყველამ აქეთ შემომიტია. არაფერი აღარ აინტერესებდათ, ჯოხი საბოლოოდ ჩემზე გადატეხეს.

 

მე ბრალს ვდებ ექვსეულს, გიგი უგულავა ერთ-ერთი იმათთაგანია. ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში და სჩადიოდა უამრავ დანაშაულს. გარდა იმისა, რომ მე ჩამსვეს ციხეში, წამართვეს ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. სასამართლო წესით დაუსაბუთებლად ჩამითვალეს", - განაცხადა კუპრეიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი