logo_geo
გელა ჩარკვიანი: ის არ მომკვდარა - „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“
- +

24 თებერვალი. 2017. 21:08




მუსიკოსი, ირაკლი ჩარკვიანის, „მეფის", გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. გთავაზობთ ფრაგმენტს გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან - „ნაცნობ ქიმერათა ფერხული":


„ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2"-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, - მითხრა ქეთათომ ტელეფონით. - იქნებ მოხვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია".


პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა" ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს" ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთანხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი - სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის" ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში" ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში" გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი" და „შერეკილები", რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა.


რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა - მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე.


მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით" თამაშებს - რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას.

 

 „აბა, გარითმე ხალი!" უმალ პასუხობდა - „მსხალი". „აბა, კიდევ? „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი". „გეყოფა". „აბა, მოიგონე პარადოქსი". „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ". „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი". დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი". „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა". „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?" „კარგია", - მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ.


მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, - მალე გოგო გვეყოლება და გადავწყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ - ნანაო.


პატარა ნანამ გვასახელა - თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV"-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე - დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა.


ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე.


კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვაობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2"-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი Breaking News-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათასგვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე.


ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი - ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის - ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე - მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა".

 



 

big_banner
არქივი