logo_geo
მეუფე დიმიტრი: შავი ღრუბელი ჩემს თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ, არ ვიცი - რატომ
- +

2 მარტი. 2017. 21:48



ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ „ერთ რამეს ვგრძნობ - ეს შავი ღრუბელი ჩემს თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ, არ ვიცი - რატომ". მეუფე დიმიტრიმ იმედი გამოთქვა, რომ „დადგება დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება". ამასთან, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიერ პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ წერილის საქმის კურსში იყო, თუმცა მასში უფრო „იურიდიულ მოუწესრიგებლობას" ხედავდა.

 

„რითია ეს ყველაფერი განპირობებული?! ალბათ, ეკლესიის არაკეთილმოსურნეების ერთგვარი ჩანაფიქრია. მე მის უწმინდესობასაც ვეუბნებოდი გერმანიაში ყოფნის დროს, რომ ერთ რამეს ვგრძნობ - ეს შავი ღრუბელი ჩემს თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ, მთელი გულწრფელობით, დღესაც არ ვიცი რატომ?! არ ვიცი, ალბათ, ამას მომავალი გვიჩვენებს. როგორც ბიბლია გვასწავლის: „გამოიძიე, გამოიკვლიე და სცანი ჭეშმარიტება". მე ვიტყოდი, რომ ალბათ, დადგება დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება.

 

რაც შეეხება წერილს, მე ვიყავი საქმის კურსში. სინოდის ბოლო სხდომის წინ, მამა გიორგიმ, როგორც საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, მითხრა, რომ გაამზადეს საპატრიარქოსთვის თავის დროზე, წლების მანძილზე გადაცემული ტერიტორიების და სხვა ქონების შესახებ ერთგვარი მოხსენება. მე იურიდიული მოუწესრიგებლობა უფრო დავინახე. შინაარსი დაახლოებით მითხრა, მაგრამ როგორც ასეთი, წერილი არ წამიკითხავს", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ და დასძინა, რომ მამა გიორგის არ ექნებოდა პატრიარქისთვის წერილის გადაცემის პრობლემა, ვინაიდან მასთან სხვებზე მეტად შეეძლო შესვლა და სიახლოვე.


გარდა ამისა, მედიასთან შეხვედრაზე მეუფე დიმიტრი მამა მიქაელ ბოტკოველთან დაკავშირებით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას არაკორექტული უწოდა.


„მამა მიქაელთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სოსო ოხანაშვილი იყო არაკორექტული. მე სოსოს დავურეკე და ვუთხარი, რომ ის არასწორად მოიქცა, როდესაც მან მოძღვარი სიცრუეში დაადანაშაულა. მამა მიქაელმა თქვა ძალიან მარტივად, რომ სოსო ოხანაშვილი ის დღეები საპატრიარქოში არ დაუნახავს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ სოსო ოხანაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, როგორც იქნა მის მიერ აღქმული", - განმარტა მეუფე დიმიტრიმ.


 

big_banner
არქივი