logo_geo
„ქართველი ხარ, გენაცვალე?“ - გიორგი ჭილაიას საფეხბურთო მოგონება...
- +

9 აპრილი. 2017. 23:23



ვებგვერდი worldsport.ge მკითხველს მორიგი სალაღობო-საფეხბურთო მოგონება სთავაზობს.  ამჯერად ვებგვერდმა სიტყვა 1970-80-იანი წლების თბილისის „დინამოს" წევრს გიორგი ჭილაიას დაუთმო.



მარგალი რექო წიე?!


1980 წლის სეზონის ბოლოს არგენტინაში წავედით შეკრებაზე და პირველივე მატჩში ბუენოს აირესში  ბოკა ხუნიორსთან 1-1 ვითამაშეთ (მარადონა ჯერ არ თამაშობდა ამ გუნდში, 1981 წელს გადავიდა). გოლი რამაზ შენგელიამ შეაგდო. მეორე დღეს დასვენება გვქონდა და სასტუმროდან გარეთ გამოვედი - ახალგაზრდობაში სპორტული ჟურნალ-გაზეთების დიდი შემგროვებელი ვიყავი და მახლობელ ჯიხურში სპორტული პრესა მოვიკითხე. ჯიხურის გამყიდველი, დაახლოებით 70 წლის, აშკარად ჩვენებური გარეგნობის კაცი იყო, მაგრამ ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. როცა ავუხსენი რაც მინდოდა, კარგად დამაკვირდა და სუფთა ქართულით, აშკარად მეგრული აქცენტით მკითხა:


-ქართველი ხარ, გენაცვალე?


... ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან!!! ვიფიქრე სიზმარში ვარ-მეთქი... ისიც ძალიან აღელდა, მერე გონს მოეგო, ამოიღლიავა უამრავი ჟურნალი, დაკეტა ჯიხური და გამომყევიო-მითხრა. გავყევი, შინ წამიყვანა, სამამულო ომის მერე დარჩენილი ქართველი გამოდგა, ზუგდიდელი გურამ ღურწკაია! თურმე ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა, მებაღედ მუშაობდა ერთ გერმანელ თავადთან, თავი ისე შეაყვარა, მის ნათესავზე დააქორწინეს და როცა ბობოლა გერმანელები სამხრეთ ამერიკაში გაიქცნენ, თან წაიყვანეს. შინ მისი სამი ვაჟკაცი დაგვხვდა - ტარიელ, ავთანდილ და ფრიდონ ღურწკაიები! ბიჭები საკმაოდ მაღალანაზღაურებადი იურისტები იყვნენ. მარტო შვილები კი არა, მისი გერმანელი ცოლიც ქართულად სუფთად ლაპარაკობდა. ეგ კი არა, ცოტას მეგრულადაც უქცევდა... გაიშალა, მაგრამ რა სუფრა გაიშალა!!! მე მარტვილში გაზრდილი ვარ, მაგრამ ისეთი ღომი, ელარჯი, სულგუნი, შემწვარ-მოხრაკული ვარია, აჯიკა მომართვეს... კარგად შევთვერით და როცა სასტუმროში დაბრუნების დრო დადგა, აღელვებულები ერთმანეთს ტირილით დავემშვიდობეთ. სანამ ტაქსში ჩამსვამდა და ფულს გადამიხდიდა - მთხოვა:


-მე საქართველოში ვეღარ დავბრუნდები, დღე და ღამე ჩემი სახლი და მშობლები მელანდება, თუ კაცი ხარ, როცა ევროთასებზე ევროპაში მოგიწევს წასვლა, ზუგდიდური ერთი მუჭა მიწა ჩამომიტანე, აუცილებლად ჩამოვალ და გამოგართმევ, პატივისცემა ჩემზე იყოს...


ტაქსში ჩავჯექი, სიზმარში მეგონა თავი და ტაქსის მძღოლმა რომ მკითხა, სად წაგიყვანოო - ქართულად მივუგე - საბურთალოზე-მეთქი...


... გავიდა ერთი წელი, და 1981 წლის შემოდგომაზე, უკვე დიუსელდორფის ტრიუმფის შემდეგ ევროთასებზე ავსტრიაში მოგვიწია წასვლამ, 30 სექტემბერს თასების თასზე "გრაცერს" შევხვდით. ევროპაში გამოფრენამდე დავეთხოვე გუნდის ხელმძღვანელებს, ჩავედი ზუგდიდში, ვნახე მისი ნათესავები, ავიღე ერთი მუჭა მიწა მისი სახლიდან, გავახვიე ხელსახოცში და ჩენს სპორტულ ჩანთაში ჩავდე. მაგრამ საბჭოთა კაგებეს რა გამოეპარებოდა? საზღვარზე დამაკავეს, ეს რა არისო-მეკითხებიან. ვერაფერი ვუპასუხე, ვეხვეწე, მაგრამ მაინც ჩამომართვეს ის ზუგდიდური მიწა... ცრემლები წამომივიდა, კინაღამ პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე, რადგან არგენტინაში უკვე დარეკილი  მქონდა და იმ ერთი მუჭა მიწის გულისთვის ბატონი გურამი ავსტრიაში მოიჩქაროდა. მართლაც, თავის ბიჭთან ერთად ჩამოვიდა, ვენაში, დაგვხვდა, და ხმის კანკალით მკითხა - მიწა ხომ ჩამომიტანეო... ძლივს ამოვილუღლუღე, საზღვარზე დამატოვებინეს-მეთქი და თავი ჩავღუნე... ისევ თვითონ დამამშვიდა...


ამის შემდეგ ერთი-ორჯერ კიდევ დავურეკე, მერე კი დრო აირია და რუსეთში მოიწია თავის სარჩენად წასვლამ. 1993 წელს დავბრუნდი და ჩემმა ბავშვმა მითხრა - ვიღაცა მოხუცი მეგრელი კაცი იყო ჩვენთან და შენ გკითხულობდაო... მივხვდი, ის იქნებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუღია ნებართვა და 2 კვირით ჩამოსულა საქართველოში, უკვე ღრმად მოხუცი, 90 წელს მიღწეული, ზუგდიდში საკუთარ სახლში მისულა, მერე კი ჩემთან ჩამოსულა. გადავირიე, რაღა მაშინ აღმოვჩნდი რუსეთში-მეთქი... ეს იყო და ეს, მერე ტელეფონიც დავკარგე და მას შემდეგ ეს საოცარი კაცი აღარც მინახავს და არც რამე მსმენია...



 

მამუკა კვარაცხელია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი