logo_geo
რაზე ესაუბრა უკანასკნელად გურამ დოჩანაშვილი ეთერ თათარაიძეს
- +

6 აპრილი. 2021. 10:54

 

 

დღეს ქართველი ხალხი უკანასკნელ გზაზე აცილებს თავის „დოჩანას“. წავიდა სევდიან-ღიმილიანი, ცრემლიანი თვალებით, იდუმალი და სულივით ჰაეროვანი…

 

გარდაცვალების შემდეგაც გვაგრძნობინა, რომ ადამიანი მოკრძალებული უნდა იყოს. მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვაზე მეუღლეს უარი „ათქმევინა“. საბურთალოს სასაფლაოზე შვილი ელოდება, 22 წლის ირაკლი… ვაჟი, რომლის უდროოდ წასვლამ, 1990 წლის შემდეგ ტკივილიანი გემოთი აცხოვრა. მიუხედავად ამისა, თავისი ტრაგედიით არავინ დაუმძიმებია.

 

 

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე „პრაიმტაიმთან“ თავის სინანულს გამოთქვამს, რომ ვერა და ვერ გაბედა ბოლო დროს ბატონი გურამის მონახულება.

 

 ეთერისთვის და ამირან არაბულისთვის ნაჩუქარ წიგნს, მწერალმა ასეთი წარწერა გაუკეთა:

 

„ძალიან რომ შემაჭირვებს ცხოვრება, ქალბატონო ეთერო და ბატონო ამირან, შვებად მახსენდება, რომ თქვენ ხართ ამქვეყნად და ვმხნევდები…“

ეთერ თათარაიძე: – რა უმძიმესი დღეები გვაქვს. აღარ შემიძლია. როგორი ადამიანი შესვენდა სამებაში… გამოვასვენეთ ერთი და შევასვენეთ მეორე. ეს ძალიან მოსათმენი ამბავია. როგორი ადამიანებისგან უცებ გაიცალა საქართველო. ძალიან განვიცდი ამას. რა ფერი დარჩა ჩვენს ქვეყანას. რაღამ უნდა გაგახაროს…

 

 

 

ამ მოსვლა-წასვლა წინ ვერაფერი უდგება, მაგრამ დაჩვეული რომ ხარ და იმედი რომ გაქვს, შეგრძნება რომ გაქვს, რომ მას არასოდეს არაფერი მოუვა…

 

 

 

დღემდე ვერ ვიღებ იმ ფაქტს, რომ ვახუშტი კოტეტიშვილი სიკვდილს დაემორჩილა. დღემდე არ ვიცი, “ჩუბჩიკა” მიწაში როგორ წევს. ვერ ვიგებ. ამაზე ფიქრს მაშინვე უკუვაგდებ, ვერიდები, გავექცევი ხოლმე. მაგრამ არაფერი შველის. ვერ გაექცევი. სამაგიეროდ, სულიერ ძალა გიტოვებენ.

 

 

 

გადაშლილი უნდა გედოს დოჩანაშვილი და ხშირად კითხულობდე. მისი მსგავსი ადამიანები გხდიან ადამიანს ადამიანად. აი, მსგავსი მწერლის კითხვა, მასთან მეგობრობა ხომ ფუფუნებაა.

 

 

 

წიგნზე წარწერა… ჩემთვის ძალიან უხერხულია ასეთი რამის გამოქვეყნება. ბატონი გურამი გვათამამებდა და ძალიან გვემეგობრებოდა. თუ სადმე შევხდებოდით, გაგვაჩერებდა, ვსაუბრობდით, ალალი ურთიერთობით.

 

არ ვიცი, როგორ გვეფერებოდა, როგორ ვვუყვარდით, მართლა გულწრფელად. არაფერს არ იგონებდა. სიყვარულისთვის გაჩენილი ადამიანი იყო. ყველა უნდა ჰყვარებოდა.

 

 

 

მე ვთვლი, რომ თუ გურამ დოჩანაშვილს იცნობდი, ეკლესია აღარ გჭირდებოდა. ქრისტიანი და ნამდვილი იყო, კეთილშობილი რასაც ჰქვია, ის იყო.

 

 

 

ღვთიური იყო, არ ვაჭარბებ… გადამეტებული მეტაფორებით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ გურამი ასეთი იყო.

 

 

 

რას იგონებდა, როგორ მაცინებდა. საათობით ვლაპარაკობდით. მეტყველების დროს სიტყვას რას უშვრებოდა. საიდან სად გადადიოდა, გადმოდიოდა. არაცნობიერად ისეთ ენერგიას მაძლევდა, რითიც მერე ჩემი სული ცოცხლობდა. მასთან ურთიერთობის მერე, შემდეგი დღეები მიხაროდა. დიდ მწერლებს რომ კითხულობ, მერე ხომ რაღაც დაგყვება და ფიქრობ, რა გიხარია… მერე აცნობიერებ, რომ ამ სიხარულის მიზეზი ამ ადამაინების ნააზრევია.

 

 

 

მე რომ ყველაფერი მტკივა, შინ რომ უგონოდ დაღლილი შემოვალ და “ჩუბჩიკას” ნახატებს როგორც კი შევხედავ, როგორც წყალი გადაუგდო (თუშური გამოთქმაა, კალაპოტს რომ შეუცვლი, წყალი რომ სხვა მიმართულებით წავა), ასე გადამვარდება ავადმყოფობა. ნამდვილი ხელოვნება და შემოქმედება ასეთი წამალია ადამიანისთვის.

 

 

 

თავის ტკივილზე ხომ არასდროს ჰყვებოდა, არც გაგრძნობინებდა, რა დარდს დაატარებდა. პირიქით, ვითომ სულ ხალისიანი იყო. ყვებოდა რაღაცას და თვალები ეცრემლებოდა. მის ღიმილში სევდა და ტკივილი იდო.

 

 

 

სინათლიანი და გასხივოსნებული “დოჩანა”… ისე შეგხვდებოდა, სიყვარულით დადნებოდა.

 

 

 

ხშირად საღამოს ლოცვებზე ვხდებოდით საპატრიარქოში.

 

ვიღაც გოგოებს და ბიჭებს მიგზავნიდა, აბა, ნახე, ნიჭიერია ხალხურ სიმღერაშიო? აბა, ეს ხომ ძალიან ნიჭიერია, მოუსმინეთო, გვეტყოდა. ეტყობა, თავისი გარდაცვლილი შვილის სიყვარულს, ახალგაზრდების სიყვარულში დებდა.

 

 

 

ბოლოს, სადღაც ერთი თვის წინ, მუხათწყაროდან დარეკა. ვისაუბრეთ დიდ ხანს… ეთერო, ჩამოსვლას არ ვაპირებ. შოშიებს ვხედავ, დაფრინავენ, მიდიან-მოდიან. იცი, აქ რა კარგია. აბსოლუტური სიმშვიდეაო. მანდ კორონა მძვინვარებს და აქ მაგის მომტანიც არავინ არ არისო. რა საყვარელი იყო, რაებს მელაპარაკებოდა.

 

 

 

სულ ვგეგმავდი, რამე მომემზადებინა და მოულოდნელად სტუმრად მივსულიყავი და მენახა… მივხვდი, რომ მუხათწყაროში ჩაიკეტა და ამირანს ვუთხარი, ორ-სამნაირ გულიან ხინკალს გავამზადებ და წავიდეთ, ვნახოთ-მეთქი. თან ძალიან კარგი შავი ღვინო მქონდა, ესეც წავიყოლოთ, წამლად დალევს-მეთქი.

 

ამირანი ფრთხილობდა, რამე არ გაგვყვეს და არ გადავდოთო. ჩვენ მხოლოდ შვილიშვილებს ვნახულობთ, იშვიათად სტუდენტებს… მაგრამ მაინც მოვერიდეთ ამ სიტუაციაში მის ნახვას.

 

ასე გადავდეთ ნახვა და ახლა ძალიან ვნანობ, რომ ისე წავიდა, მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ. ისე მტკივა, ისე მტკივა, როგორც მამა მოგიკვდეს და უახლოესი უფროსი მეგობარი. ძალიან მწყდება გული…

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი