logo_geo
ბარბარა სამხარაძე: ჩემს ქვეყანაში მეორე ქალი პრეზიდენტი ვიქნები
- +

8 აპრილი. 2021. 01:33

 

 

ბარბარა სამხარაძე მაყურებელმა პირველივე გამოჩენისთანავე შეიყვარა. ეს არა მარტო მისი გამორჩეული ხმისა და შესრულების მანერის, არამედ მისი განწყობის ბრალიცაა. ის ირგვლივ დადებით აურას ასხივებს. ახლახან ბარბარამ ბიზნესიც წამოიწყო, ახალი სამსახურიც დაიწყო, გურამ შეროზიასთან ახალი დუეტიც ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.

 

ბარბარა სამხარაძე: ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადავშალე. ეს არის ახალი სამსახური – კახეთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული სამსახურის მენეჯერი გავხდი. ეს ახალი სიტყვაა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამის არც გამოცდილება მაქვს და არც სურვილი მქონია, იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ სკოლის ასაკში ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას. განათლების სფეროში ჩემს მოსვლას ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი, თუმცა მუშაობის პროცესს რომ ვაკვირდები, კარგად გამომდის (იცინის). არ ყოფილა, ჩემგან შორს. არ ველოდი. ექსპრომტად მოხდა ამ სამსახურის შემოთავაზება, მოულოდენლი იყო და ვთქვი, ვცდი-მეთქი. ვიხუმრე კიდეც: მიკროფონის გარდა არაფერი მკავებია ხელში და რეგიონული სამსახურის მენეჯერობასაც, იმედია, სიმღერ-სიმღერით გავუძღვები-მეთქი (იცინის). თან, სიმღერაც არ მისწავლია, ისე ვმღეროდი. ასე რომ, ეს წელი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო ჩემთვის. უფრო სწორად, თავად დავტვირთე.

 

– დატვირთვაში ბიზნესს გულისხმობ, რომელიც ახლახან წამოიწყე?

 

– დიახ, ზუსტად. ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო. მოკლედ, ჩემს დას დაბადების დღეზე აჩუქეს საჩუქარი, რომელიც ხელოვნური ყვავილებით იყო გაფორმებული. სიმღერას ვწერდი, სოციალურ ქსელში რომ დამედო. ისეთი სახალისო სიმღერა იყო, ვიფიქრე, სიახლეს შევიტან–მეთქი – დავახვიე აბადოკზე მავთული და ის ხელოვნური ყვავილები დავამაგრე. ამ ჩემმა გაკეთებულმა აქსესუარმა ისეთი გაზაფხულის განწყობა შემოიტანა, რომ სხვანაირად ამამაღერა. როცა ვიდეო ავტვირთე, ბევრმა მომწერა, სად შეიძინე, მეც მინდაო. მაშინ გამიჩნდა იდეა და გადავწყვიტე, ბიზნესი დამეწყო. სხვათა შორის, „აბადოკები“ ბავშვობიდან მიყვარდა. ბებიაჩემი ბაზარში დადიოდა და ოჯახს რაც მოგვყავდა, იმას ყიდდა. სულ ყიდულობდა „აბადოკებს“ და მოჰქონდა. ზოგადად, ჩემი აზრით, რაც სხვებისგან გამოგარჩევს, ის ყველას უყვარს და ამ მხრივ, არც მე ვიყავი გამონაკლისი. თან, თუ „აბადოკი“ ფერადი და ლამაზია... მოკლედ, სრულიად დაუგეგმავად, ყვავილებიანი „აბადოკების“ კეთება გადავწყვიტე, რაც სხვებსაც გააბედნიერებდა, გააფერადებდა, გამოარჩევდა და გამომივიდა. უკვე რამდენიმე გავყიდე. ქუჩაში რომ შეგხვდეთ გოგონა, მსგავსი აბადოკით, დარწმუნებული ვარ, ყურადღებასაც მიიქცევს და გულშიც გაიფიქრებთ: აუ, რა საყვარელიაო (იცინის).

 

– სახელი თუ დაარქვი შენს, ეგრეთ წოდებული, ბრენდული „აბადოკების“ ბიზნესს?

 

– ბევრი ვიფიქრე, რა სახელი შემერჩია ჩემი ბიზნესისთვის და გამახსენდა: მამა „ბაბიტოს“ მეძახის. ხოდა, მეც ასე დავარქვი: „ბაბიტო“, რომელიც სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირდება. სხვათა შორის, მამას ხშირად ვერ ვნახულობ და „ბაბიტოს“ რომ მიკვეთავენ, ყველა მყიდველთან მამაჩემი ასოცირდება (იცინის). უკვე 13 ცალი გავყიდე და არც ისე ძვირად, სულ 20 ლარი. სულ პირველად დედას ახლობელმა შემიკვეთა, ფულს არ ვართმევდი და მითხრა: ბიზნესი ასე არ გამოვაო და ფული ჯიბეში ჩამიკუჭა. ჩემს დაქალს რომ ვუთხარი, ბიზნესი დავიწყე-მეთქი, მითხრა: ბიზნესმენს მაშინ დაგიძახებ, ექვსასი ათასს რომ გაყიდიო (იცინის).

 

– ახლახან გურამ შეროზიასთან დუეტიც ჩაწერე და კლიპიც გადაიღეთ. გურმმა თქვა კიდეც: ამ გოგოზე პირველივე დანახვისთანავე შეყვარებული ვარო. რაზეა სიმღერა და ადვილად დაგითანხმა დუეტში სიმღერაზე?

 

– გურამს მანამდე არ ვიცნობდი, თუმცა სოციალური ქსელიდან ვიცოდი, ვინც იყო. რომ მომწერა, ახალი სიმღერის ჩაწერა მინდა დუეტში და ამ სიმღერაში შენი ხმა მესმისო, ცოტა დავიბენი (იცინის). მოკლედ, საჩვენებელი მასალა რომ გადმომიგზავნა და მოვუსმინე, ამ სიმღერაში ჩემი თავი დიდად ვერ დავინახე და ასეც ვუთხარი. მერე უფრო კარგი ხარისხის ჩანაწერი გამომიგზავნა, ავყევი სიმღერას და მოუხდა ჩემი ხმა. დუეტი ერთ დღეში ჩავწერეთ, ორ დღეში კლიპის კადრებიც გადავიღეთ და სულ მალე შემოგთავაზებთ ძალიან კარგ სიმღერას – „მომენატრები“ და კლიპს. შემომთავაზებთ. სიმღერა სენსიტიურ თემებს შეეხება, ცოტა სევდიანია, თუმცა იმედის მომცემი. სხვათა შორის, გურამი ჩემსავით მხიარულია და რომ ვუთხარი, სამომავლოდ მეც შენსავით ლექტორობა მინდა-მეთქი, მითხრა, დაგეხმარები, ყველაფერში გვერდით დაგიდგებიო. გურამის სახით, დასაყდენი ძალა და მეგობარი შევიძინე. მეც და გურამიც დედაქალაქში ჩამოსულები ვართ და ხშირად ვხუმრობდით ამ თემაზე: ორივე „ჩამოთრეულები“ ვართო (იცინის). თავიდან, სამი დუბლი გავაფუჭე, ისე ბედნიერი ვმღეროდი და გურამი მეჩხუბებოდა: სიმღერა მონატრებაზეა და მხიარულად ნუ მღერიო (იცინის). კლიპს რომ ვიღებდით, უკანა ფონზე პრეზიდენტის სასახლე ჩანდა და გურამს ვეუბნებოდი: ერთ დღესაც, იქ გიმასპინძლებ-მეთქი (იცინის).

 

– ესე იგი, პრეზიდენტობასაც გეგმავ?

 

– შორეულ პერსპექტივაში – რატომაც არა? მეორე ქალი პრეზიდენტი ვიქნები ჩემს ქვეყანაში, მანამდე თუ არავინ მოვიდა (იცინის). დამცინიან: დიპლომატიურ შეხვედრაზე ყვავილებიანი „აბადოკით“ რომ მიხვალ პრეზიდენტი ქალიო (იცინის).

 

– ბარბარა, მახსოვს, უცხოეთის კონკურსზე გასვლას ფიქრობდი. რა ხდება ამ მხრივ?

 

– გაგზავნილი მაქვს მონაცემები ბრიტანეთის „ნიჭიერში“ და ველოდები. თუ მიწვევა მომივიდა, დავიდგამ თავზე ჩემს ყვავილებიან „აბადოკებს“ და ბრიტანეთისკენ გავუყვები გზას (იცინის).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი