logo_geo
ილია მეორე: ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა
- +

2 მაისი. 2021. 03:03

 

 

ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

 

ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა.

 

ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ;

 

მიუხედვად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში, დარჩა ხატება ღვთის და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია; ეს ფასეულობები სრულიად არამატერიალურია, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი.

 

აღნიშნულ ღირებულებებს ითვალისწინებს და მათ ემყარება ნებისმიერი მიწიერი მეფობაც და მისი გამოვლინებაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სახით (თუნდაც მკვეთრად ათეისტური სულისკვეთებისა), რის გამოც იგი ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს წარმოადგენს;

 

ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა.

 

ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ცათა სასუფეველი ამქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში; მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად განმსჭვალავს ყოველივეს, - ხილულსაც და უხილავსაც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ. რა პირობები უნდა შევასრულოთ ამისთვის? ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც; ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს „არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6.12). ამასთან, ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: „მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“ (მთ. 22, 15,22), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც - ღმერთს. ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც ... მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა. იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31) „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ (ინ.13,34). „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (მთ.5,44) „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით“ (ინ.14,15)“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

big_banner
არქივი