logo_geo
„ყველა ჯარისკაცის მამა“ – როგორ გახდა სერგო ზაქარიაძე ქართველი ჯარისკაცის მამა
- +

10 მაისი. 2021. 14:11

 

 

 

„ჯარისკაცის მამა“ – ესაა ფილმი, რომელმაც დროს გაუძლო და მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარეს.

 

რეჟისორ რეზო ჩხეიძის მოგონებები ფილმის შესახებ:

 

„სცენარის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ ეს როლი სერგოს ეთამაშა. მივედი კინოსტუდიაში და საგრიმიოროში შევედი. ბატონო სერგო, ფილმის გადაღებას ვაპირებ, სამამულო ომის თემაზე-მეთქი. სამამულო ომზე იმდენი სურათია, ახალი რაღა უნდა გადაიღოო.

 

როდესაც ფილმის სიუჟეტი მოვუყევი, ატირდა – მე რატომ მომიყევიო. თქვენ უნდა ითამაშოთ-მეთქი. უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა… ბიჭო, რა კარგი რამეა! თუ ამ როლს ვითამაშებ, ბედნიერი ვიქნებიო. სერგოც ტიროდა და მეც. გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გაგვეკეთებინა, მთავარი როლი კი, სერგოს ეთამაშა.

 

ჩემ გადაწყვეტილებას, მთავარ როლზე სერგო ზაქარიაძე ამეყვანა, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხელმძღვანელობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. მათ სურდათ, რომ ეს როლი სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა, რადგან იმ დროისთვის, ის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი იყო. მე და სცენარისტმა სულიკო ჟღენტმა ეს როლი სერგოსთვის, დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ“… – ამბობდა რეზო ჩხეიძე.

 

ბევრმა არ იცის, რომ ფილმში სცენარისტ სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული – 18 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად, ომში მოხალისედ წავიდა. მტერთან მორიგი შეტაკებისას, მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. მამამ შვილის მოძებნა გადაწყვიტა და სანამ იპოვიდა, მძიმე და რთული გზა გაიარა.

 

რეზო ჩხეიძის ლეგენდარული ფილმის გადაღებიდან, 57 წელი გავიდა, მაგრამ ჯარისკაცის მამის გულიდან ამოხეთქილი სიტყვები –  „დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭო!“, დღესაც არავის ტოვებს გულგრილს. ის ერთნაირი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისგან, სრულიად განსხვავებულ გმირის სახეებს.

 

„ჯარისკაცის მამამ“ ეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო; 1965 წელს დაიმსახურა დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზე; რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე კი პრიზი „კაპიტოლიუმის იუპიტერი“ მიიღო. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ბატონ სერგოს, „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ პირველი პრიზი ერგო.

 

 

„მე ყოველი სახისადმი ერთნაირად ვარ განწყობილი. ხომ არის როლები, რომლებიც არ გამოვიდა? მე ისინიც მიყვარს. უფრო მეტიც, იმ როლებმა შემაქმნევინეს უფრო ფასეული და დიდი. ჩემი როლები, შვილებად მყავს წარმოდგენილი. დედას ხომ არ შეუძლია, რომელიმე მათგანს დააკლოს სითბო და ზრუნვა!… ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ „უდღეურობაში“ მე უფრო მიმიძღვის წვლილი. ამიტომ ყველა ერთნაირად მიყვარს“, – ამბობდა ზაქარიაძე.

 

ფილმის გამოსვლის შემდეგ, გურჯაანში დაიდგა ძეგლი – „ჯარისკაცის მამა”.

 

„იუნესკომ“ 2013 წელი , „ჯარისკაცის მამის“ წლად გამოაცხადა. დიდმა იაპონელმა კინორეჟისორმა აკირა კუროსავამ, სერგო ზაქარიაძის გმირი მსოფლიოს ყველა ჯარისკაცის მამად აღიარა. მსოფლიო კინოს გრანდმა ფედერიკო ფელინიმ კი ერთხელ, მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა: „ჯარისკაცის მამის“ შემდეგ, ომის თემატიკაზე კინოსურათის გადაღებას აზრი არა აქვს, რადგან ახალს ვერაფერს იტყვიო.

 

1965 წელს, მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე სერგო ზაქარიაძე და იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი ერთმანეთს შეხვდნენ. ამბობდნენ, მსოფლიოში ულამაზესმა ქალმა სოფი ლორენმა თავად მოისურვა სახელოვან ქართველ მსახიობთან ფოტოს გადაღება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი