logo_geo
მეუფე შიო: თუ ვინმე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლისა, სწორედ ილია მეორე გახლავთ
- +

12 მაისი. 2021. 17:57

 

 

„ნება მომეცით, თქვენთან ერთად ჩვენი მილოცვა გავუგზავნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმიტომ, რომ თუ დღეს ვინმე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლისა, სწორედ ის გახლავთ“, - ამის შესახებ დღეს მახათას მთა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა.

 

მან ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაული ასევე მრევლს, სრულიად საქართველოს მიულოცა და სულიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მეუფეს განცხადებით, პატრიარქის ღვაწლის ნაყოფი ჭეშმარიტად სამოციქულოა.

 

„ნება მომეცით, თქვენთან ერთად ჩვენი მილოცვა გავუგზავნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმიტომ, რომ თუ დღეს ვინმე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლისა, სწორედ ის გახლავთ. სწორედ ის გახლავთ ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით ატარებს ამ დიდ ნიშნებს. მისი ღვაწლის მასშტაბი, მისი ღვაწლის ნაყოფი ჭეშმარიტად სამოციქულოა. ჩვენ დღეს ამას ვხედავთ, ვიმკით და ვმადლობთ მას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

მისი თქმით, ცხოვრებაში მთავარია, რომ ადამიანმა იპოვოს მესია და აღიაროს იესო ქრისტე.

 

„უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რაც არის მთავარი ამ ცხოვრებაში. ამიტომ მოვიდა, ამიტომ იწილხვედრა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ წარმოიგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომ გვასწავლოს, რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში და რა არის მთავარი ადამიანისთვის. ამაზეა საუბარი დღევანდელ სახარებაში, სადაც არის ანდრია პირველწოდებულის სიტყვები, როდესაც იგი მიდის პეტრესთან და ეუბნება: „ჩვენ ვიპოვეთ მესია, რომელიც არის ქრისტე“. აი, ეს არის მთავარი ცხოვრებაში, რომ ადამიანმა იპოვოს მესია, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით; შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი“, - აღნიშნა მღვდელმთავარმა.

 

მისი თქმით, ის ვინც იპოვის მესიას, პოულობს გზასა და ჭეშმარიტებას.

 

„ვინც არის ქრისტეს გარეთაა, ის რჩება სიცოცხლის გარეთ, იმიტომ, რომ ადამიანი არის მარადიული არსება, მარადიული პიროვნება და მარადისობისთვის არის მოწოდებული. იესო ქრისტეს გარეშე კი ამ მარადისობას ადამიანი ვერასდროს იმკვიდრებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„როგორც მოგახსენეთ, ეს ორი მოვლენა, რომელსაც აღვნიშნავთ დღეს, იმასთან ერთად, რომ საქართველოსთვის ბოძებული იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არის უმთავრესი ნიშნები ჩვენი ერის საზეპუროობისა. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, გაქრისტიანებისა და მოციქულების ქადაგების შემდგომ, ჩვენი ერი ცდილობდა, ეს მთავარი საუნჯეები შეენახა და ამისთვის ეცხოვრა, მიუხედავად მრავალი წამებისა და ტანჯვისა. უფალმა ინებოს, გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ჩვენი ერის გადარჩენის გზა და გავხდეთ თანაზიარნი ამ საზეპურო ერისა, იმიტომ, რომ მარტო წარმომავლობით ქართველობა არ ნიშნავს საზეპურო ერის წევრობას“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფომ დღევანდელი დღე სახელმწიფო დღესასწაულად აღიარა, რაც დიდი მოვლენაა.

 

„ეს არის დიდი მოვლენა, როცა ქვეყანა და სახელმწიფო აღიარებს ღვთისმშობლის წილხვდომილობას უდიდეს მოვლენად, რომელმაც ჩამოაყალიბა და ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იყო ჩვენი ერის რაობისა, ვინაობისა და სულიერებისა“, - დასძინა მეუფე შიომ.

big_banner
არქივი