logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი NATO-ში გაწევრიანებისთვის
- +

13 მაისი. 2021. 17:33

 

 

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა  სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების მზადყოფნის განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედით მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში მინისტრმა NATO-სთან მზარდი თანამშრომლობა აღნიშნა.

 

„ჩვენი თანამშრომლობა NATO-სთან არის მზარდი და ეფუძნება პრინციპს „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“. დღეის მოცემულობით ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი NATO-ში გაწევრიანებისთვის და საქართველო, მისი თავდაცვის ძალები ამ თვალსაზრისით სრულად არის მზად NATO-ში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამ კუთხით NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მაგალითად მოიყვანა.

 

„ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვემასპინძლა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ჩვენს ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა. NATO-ს ხელმძღვანელი პირების საქართველოსადმი და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოიხატება პრაქტიკულ დახმარებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

 

NATO-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაკეტით 16 ინიციატივა განისაზღვრა, მოხდა 2 ინიციატივის - ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება, ხოლო პაკეტს 3 ახალი ინიციატივა დაემატა. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც NATO-ს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

 

„საქართველო, თავის მხრივ, რჩება ერთგული NATO-ს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ. საქართველო ასევე, იცავს NATO-ს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას.

 

 

big_banner
არქივი