logo_geo
დღეს ოთო გურგენიშვილი 28 წლის გახდებოდა
- +

8 ივნისი. 2021. 16:48

 

21 წლის რუსთაველი გმირი, რომელმაც ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გარდაიცვალა...

 

დღეს ოთო გურგენიშვილი 28 წლის გახდებოდა.

 

ოთო გურგენიშვილი 1993 წელს დაიბადა და 2014 წელს გარდაიცვალა.

 

იყო მწერალი.  მუშაობდა „საქართველოს ბანკსა“ და კომპანია „ალდაგში“. 2019 წელს რუსთავის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა.

 

ის 21 წლის იყო, როცა რუსთავში ბავშვი იხსნა უცილობელი სიკვდილისგან: მცირეწლოვან ბავშვს გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის“ ჯიპი თვითონ მას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.

 

ოთო ლექსებს წერდა. მან თავის ფეისბუქ-გვერდზე (ოთო გურგენიშვილის პოეზია) უკანასკნელად დედის სურათი დადო და მოეფერა: დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით! მიყვარხარ, დედა.

 

ოთო გურგენიშვილი

 

„ვინ ვიქნებოდი, მე რომ არ ვიყო?

ალბათ მეორე ჩემი პატენტი.

თუნდაც რომ ცოდვა კუბოდ  წავიღო,

იქაც ვიტყვი, რომ  მზეს დღედ ვატევდი.

ოქროს ტოლჩაში მოვსვავდი მთვარეს,

ვარსკვლავს მოვწყვეტდი ღამისფერს ციდან.

შავ ზეწარს ავხდი დღენათევ ღამეს,

გავთენდებოდი მღელვარე ზღვიდან.

საყვარელ ყვავილს შევთხზავდი ფუნჯით.

ვარდის ფურცლებით მოვრთავდი ბილიკს.

მოლაყბე მასას შევცვლიდი მუნჯით,

უჟმურ ხასიათს ვაქიშპებ ქილიკს.

 

***

 

შავი სასმელი

ხის ლიანდაგზე მიმაფრენდა მატარებელი,

სვებედს მიქსოვდა შეცდომებზე  ნაიალაღარს.

თმაში შემიჩნდა ჭაღარებად დამბადებელი,

წლები და როგორც ზეცა იღებს წვიმის იარაღს –

გადატენის და დაუმიზნებს ფერთა პალიტრას,

რომ გადაშლილა ცის კაბადონზე ასე უხამსად.

ცისარტყელა ვარ შემოსძახებს ღამის მაისად.

სხივებს აწევს და მეგობრობისას დალევს მუხასთან.

კუპეში ვზივარ  და მიყურებს ხეთა სტეპები,

ვეღარ ვითვლი და მეპარება ძილი ღამისა.

საღამოს ვსხედვართ ფინჯან ჩაიზე  მე და მეფენი,

თუმცა ერთ–ერთმა  ჩაის მაგივრად შხამი დამისხა.

ხის ლიანდაგზე ისევ მიჰქროდა მატარებელი,

ხეთქავდა რელსებს უკუღმართი ბედის  ბორბალით.

მთვარე კი როგორც დედამიწის ღამის მხლებელი,

იწერდა პირ–ჯვარს ცის საკიდელს წმინდა ტროპარით.

მე კი სათავეს ვუძებნიდი ცხოვრებას დიდხანს,

როგორც ობობა ახლად ნაქსოვ ისლის ფარაჯას.

მერე კი რთველი შემოდგომისას რქაწითელს ისხამს,

ყურძენს შეუთხზავს ოქტომბერის მწიფე ბალადას.

გუგუნი ყრუ და გუგუნი ავი მიაპობს რელსებს,

მე კი ვზივარ და კვლავ მიმზერენ ხეთა სტეპები.

გადმოვათეთრებ თაბახებზე მურიან  ლექსებს,

კუპეში ვსხედვართ ფინჯან ჩაიზე მე და მეფენი.

 

***

 

მეეზოვე

ძველ თბილისში ხეტიალობს მეეზოვე,

აივლის და ჩამოივლის ისე,ვითომ

ვერ შენიშნა მტრედები რომ ზეცას ქსოვდნენ,

და მათ ქსოვას მადლი ჰქონდა, მტრედზე თითო ...

ძველ თბილისში ხეტიალობს მეეზოვე,

ძველ თბილისსაც დაჰკარგვია რაღაც ძველის.

ფიქრობს,ადრეც უფიქრია,რომ ესოდენ

ძველ უბნებში ვერ კამათლობს კამათელი.

ძველ თბილისში ხეტიალობს მეეზოვე,

ორთქლი ასდის კოჟრიანი ხელებიდან.

მე ფანჯრიდან ემოცია ვერ მოვზომე,

მინდოდა რომ გადა-მე-ხატ-ფერებინა -

ნაქსოვ ცაზე,მტრედებმა რომ მოგვიქსოვეს,

ძველ თბილისსაც შეერია რაღაც ძველი.

მინდა მთელმა საქართველომ,რომ იცოდეს:

ძველ თბილისში კიდევ დარჩა თბილისელი.

 

***

 

კურთხეულ იყოს

გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი,

ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე.

დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი,

შენი ტუჩებით სიყვარულის ნიჭი მარგუნე.

როგორც ამომშრალ კალაპოტებს უნდათ შევსება–

მდინარის წყლით და გაზაფხულის ნიაღვარებით.

ვითარც ზღვაოსან მეზღვაურებს ღამით ევსებათ,

მონატრება და მშობლიური სოფლის მკლავები.

მონაბერი ხარ მთის კალთიდან გრილი თვალებით,

ტალღა ხარ სევდით აზვირთებულ კლდის საკაროზე –

და ბანს გაძლევენ ღრუბლიანი ცის ნაპრალები,

მე კი ლექსს დავწერ რომ გავშალო მთელს სამყაროზე.

დაღლილობისგან ხელები მტეხავს, რამდენი ვწერე,

დაბუჟებულ თითს ვაქანავებ გრილ ნიავ–ქარში.

აღმოსავლეთის მზე დააბიჯებს და ლურჯი ღელე,

ისე აიმღვრა როგორც ბეღურა ფუტკრების სკაში.

კურთხეულ იყოს წმინდა წამები როცა ვემთხვიეთ,

ზეცას ჩუმად და სიყვარულის გვდიოდა სისხლი.

ხელი ჩამკიდე თბილი მზერით როგორც ზეციერ –

თანავარსკვლავედს მოჰყვებოდა საუზმედ ნისლი.

გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი,

ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე.

დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი,

შენი ტუჩებით სიყვარულის ნიჭი მარგუნე.

 

big_banner
არქივი