logo_geo
საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს
- +

14 ივნისი. 2021. 13:56

 

 

14 ივნისს სასტუმრო „გალერი ინ“-ის საკონფერენციო დარბაზში ქართველმა ხელოვანებმა გამართეს პრესკონფერენცია და ქართულ მედიას გააცნეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან წარსადგენი კოლექტიური მიმართვა.

 

წერილს ხელს აწერენ ავტორები, რომლებიც 2019 წლამდე გაერთიანებული იყვნენ საავტორო უფლებათა ასოციაციაში, რომელიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად მათ უფლებებს, თუმცა წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, თუ რა პრინციპით ხდებოდა მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებასთან დაკავშირებული ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების საკითხი. მსგავსი გაუმჭვირვალე პროცესი და ბევრი უპასუხო კითხვა ჰონორარების გამოთვლის პრინციპებთან დაკავშირებით გახდა იმის მიზეზი, რომ 2019 წლიდან ავტორებმა შეწყვიტეს თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან და 2019 წლიდან მათი ქონებრივი უფლებების მართვა მიანდეს სხვა, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას. ამ ასოციაციას გააჩნია შესაბამისი ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსები, რომ უზრუნველყოს ჰონორარების შეგროვება და განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი მეთოდით.

 

თუმცა, ამჯერად ავტორების მთავარ პრობლემას წარმოადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მომწესრიგებელი ნორმების ბუნდოვანება და ორაზროვნება, რაც უარყოფითად აისახება როგორც ხელოვანებზე, ისე ინდუსტრიაში ჩართულ ყველა პირზე. კერძოდ, საუბარია იმ ასოციაციის მხრიდან ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების მცდელობებზე, რომელთანაც ავტორ-შემსრულებლებს უკვე 2 წელზე მეტია შეწყვეტილი აქვთ აღნიშნული უფლებამოსილება.

 

კოლექტიურ მიმართვაზე ხელმომწერი ავტორები მზადყოფნას აცხადებენ, ნებისმიერი ფორმით მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვასა და სიტუაციის გაუმჯობესების პროცესში და იმედს იტოვებენ, რომ კულტურის კომიტეტი უმოკლეს ვადაში შესთავაზებს ვითარების გამოსწორების გზებს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი