logo_geo
დღეს, ცნობილი პოეტის ნოდარ ჯალაღონიას დაბადების დღეა
- +

16 ივნისი. 2021. 16:47

 

 

1934 წლის 16 ივნისს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ჩხოროწყუსა და სენაკის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიის ლაურეატი ნოდარ ჯალაღონია.

 

1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1969 წელს - მოსკოვის მაქსიმ გორკის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მუშაობა დაიწყო ბათუმის მუზეუმში; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1955 წელს, ხოლო პირველი კრებული „სიმღერის გაზაფხული“ - 1959 წელს. 1964 წელს იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის კორესპონდენტი; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს ტელევიზიის სამეცნიერო-მეთოდური რედაქციის უფროს რედაქტორად; 1971-1974 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი; 1974-1993 წლებში - საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სატელევიზიო ფილმების სტუდიის ჯერ რედაქტორი, შემდგომ სატელევიზიო ფილმების სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1998-2001 წლებში ხარისხის მართვის თბილისის ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკასა და ქართულ ლიტერატურაში; გამოცემული აქვს ლექსების 27 და სტატიების ერთი კრებული; ძირითადი პოეტური კრებულებია: „სიმაღლე“ (1964), „ხმა“ (1972), „ლექსები“ (1974), „ყვავილების მიწა“ (1980), „კამერტონი“ (1983), „გზები და დღეები“ (1984). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ოსურ და სხვა ენებზე.

 

***

რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,

ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს,

მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,

კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.

ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,

ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.

ეს არის დიდი სირცხვილი, სიგლახეცა და სილაჩრეც,

როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.

დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?

დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

თუ ეს ცხოვრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ,

საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ,

ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია,

დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.

ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა,

ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა.

ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია,

ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.

აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს,

ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა.

ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა,

ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.

ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩაბლოს და აფხაზეთს,

ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე.

თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებით,

როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით!

 

***

 

ქართველები

დროს და წლების ქარიშხლებს სულ ფეხდაფეხ მოვყვებით,

აღარ გვაკლდა არასდროს არც მტრები, არც მოყვრები.

ისტორიის გზებზე და ბეწვის ხიდზეც ვაირეთ,

ანალებში ვტოვებდით ჩვენს სახელს და იარებს.

რადგან ჩვენს გაჩენაში უფლის ხელი ერია,

ვერც წლები და ვერც მტრები ვერა, ვერ მოგვერია.

ისტორიას აღვიძებს ჩვენი სისხლის წვეთები,

შემერები, მოსხები, ხალიბები, ხეთები,

კოლხები და ლაზები, იბერები, ქართები,

ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით.

ევროპას და აზიას ისევ მოველანდებით

ჩვენი სიგელ-გუჯრებით, ძველი ფოლიანტებით.

ჩვენი ოქროს საწმისით, ლეგენდებით, მითებით,

ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.

არ მოაკლებს უფალი მამულს შვილებს ერთგულებს,

შვილებს აღმაშენებლებს, შვილებს თავდადებულებს.

ჩვენი ჯიშით, ჯილაგით, რწმენითა და ფიქრებით

ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.

არც არასდროს გავქრებით, არც არასდროს დავშრებით,

ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით!

 

 

big_banner
არქივი