logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული
- +

18 ივნისი. 2021. 20:14

 

 

„გადაადგილებაზე შეზღუდვაც სავარაუდოდ მოიხსნება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ კომენდანტის საათიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

მეოთხე ტალღის სრულად თავიდან აცილების მიზნით ცერცვაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონზე პირბადის ინტენსიური ტარებისკენ მოუწოდებს.

 

„ჩემი მოსაზრებაა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი გვეყოლება.

ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი. მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე. თუ ზაფხულში გავუძლებთ და არ შევამცირებთ პირბადეების გამოყენებას, პირბადეების მასობრივი ხმარება იქნება, დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის არ იქნება შესამჩნევი. ხოლო ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული. დარჩება ერთეული შემთხვევები, ერთეულ შემთხვევებს ვერ აღმოვფხვრით, რომელსაც კლინიკური სექტორი ისე იოლად გაუმკლავდება, რომ არ მოახდენს გავლენას ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი