logo_geo
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი
- +

21 ივნისი. 2021. 21:38

 

„დედაქალაქში 2018-2021 წლებში, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოქალაქეთა ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

როგორც მან აღნიშნა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა.

 

„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, შვიდი ძირითადი მიმართულება გვქონდა, რომელზეც კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების სახით, კონკრეტული დაპირებები გაიცა. მიმდინარე წლის ოქტომბერში გვეწურება უფლებამოსილება, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა.

მე, როგორც თბილისის მერი, ვალდებული ვარ, მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში, თუ რისი გაკეთება შევძელით. დღევანდელი ჩვენი ანგარიში სოციალურ პოლიტიკას ეხება, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.  დამეთანხმებით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია.  სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა, არ იზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ხელი არ შეუწყო მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ შეუქმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომლის შედეგადაც, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მოქალაქეებისთვის ხელშესახები გახდა.

 

„რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომელთაც ჩვენი - სახელმწიფოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ჯერ მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციების, შემდეგ კი ანტისოციალური პოლიტიკის შედეგად, ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მაგალითად, სახლის გაყიდვა უწევდათ. დღეს კი ჯანდაცვა არა პრივილეგია, არამედ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით იხარჯება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოციალურ მიმართულებას დედაქალაქის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია.

 

„უნდა გამოვყო პანდემია, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მინდა, საქართველოში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უხილავი მტერი, რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ. პანდემიის გამო, სწორედ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას ბიუჯეტის ნაწილში არცერთი თეთრი არ დაკლებია, რადგან თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და გადადება მოგვიწია. დღეს სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, რადგან ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ყველა პროექტი და პროგრამა გაგრძელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა აქვე, მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორისა და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიის პირობებში დაწყებული მოქალაქეთა დახმარების აქციაში მონაწილეობდნენ.

 

„მინდა, ძალიან კარგი პროექტი გამოვყო, რომელიც ერთგვარი სოლიდარობის აქტი იყო. რთულ ვითარებაში შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, დახმარებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. მინდა, ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში, მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

რაც შეეხება ბოლო წლებში გაწეულ საქმიანობას, კახა კალაძის განცხადებით, დაინერგა ახალი პროგრამები, არსებულები კი გაუმჯობესდა.

 

„მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოსახლეობის ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა; დავნერგეთ ახალი პროგრამები, არსებულები კი გავაუმჯობესეთ. კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა, რომელიც უნდა გაფართოვდეს და რაც მთავარია, მომსახურების ხარისხი გაიზარდოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რათა მეტმა ადამიანმა იგრძნოს მხარდაჭერა და თანადგომა. მე, როგორც ქალაქის მერი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყოს ქვეყანაში, ქალაქში და სოციალურად ძლიერი ოჯახები გვყავდეს. ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეგვაფერხა და პრობლემები შექმნა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება ძლიერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მომდევნო წლებში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს.

 

„მიღწეულით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რესურსი იმისა, რომ უფრო კარგად ვიყოთ და საინტერესო პროგრამები განვახორციელოთ. თავს არ დავზოგავთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

big_banner
არქივი