logo_geo
ეკატერინე დგებუაძე: 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეფექტიანია
- +

23 ივნისი. 2021. 00:48

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშს აფასებს.

 

დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო „ხარისხიანი განათლების“ მაჩვენებლით მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში ოცდაათ და ევროპის იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

 

 „2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეფექტიანია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მიაღწიოს მდგრადი განვითარების მიზნით განსაზღვრულ ინდიკატორებს. ამ კუთხით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. მიმდინარეობს რეფორმა როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით.

მინდა ხაზი გავუსვა განათლებისა და მეცნიერების ათწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომლის შემუშავებაზეც ამჟამად ვმუშაობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. მასში აუცილებლად იქნება ასახული ის ინდიკატორები, რომელიც წარმოდგენილია მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ  კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებული 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და 56-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყანა 58-ე, ხოლო 2017 წელს – 66-ე პოზიციას იკავებდა.

 

საქართველოს წარმატება განაპირობა მიღწეულმა პროგრესმა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი – „ხარისხიანი განათლება“, აგრეთვე, მართლმსაჯულების ინდექსი, კორპორაციული გადასახადების სიმსუბუქე, პრესის თავისუფლება და სხვა.

 

 

big_banner
არქივი