logo_geo
ზაზა სვანაძე: ვინც ელისოსთან არაა, „სუსის“ აგენტია? ხვალ მაკა მოსიაშვილსაც შეიძლება „დაჰკრას“ – „სუსი“ გაწერინებდა ამ მასალებსო!
- +

29 მაისი. 2017. 21:23



გთავაზობთ ამონარიდს „ქრონიკა+"-ის ყოფილი ჟურნალისტის ზაზა სვანაძის ინტერვიუდან:


ზაზა სვანაძე: - რადგანაც თავად ელისომ დაწერა - ზაზამ დამბლოკაო, მხოლოდ ამიტომ ვამბობ საჯაროდ ამ „დაბლოკვის" მიზეზს, თორემ პირადი საუბრების გამოსაფენად არ მოვსულვარ აქ. ძალიან გთხოვთ, ჩემი ნათქვამი სიტყვა - სიტყვით გამომიქვეყნოთ! კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - არ ვაპირებ სხვათა ომში ჩარევას, არც სეირის ყურებას! კილაძესთან საზოგადოების გარკვეული ფენების - კოლეგების, პოლიტიკოსების, რიგითი ადამიანების დაპირისპირება ზაზა სვანაძისგან სრულიად დამოუკიდებლად დაიწყო, უბრალოდ, ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა, რომელიც ჩემამდე მეგობრობდა და თანამშრომლობდა ელისოსთან, საკმაოდ მძაფრად უპასუხა მის ზოგად სტატუსს სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების შესახებ. ჩემი შემთხვევა უფრო მძაფრია - ხოლო პასუხი ბევრად მსუბუქი. აქვე მოგახსენებთ ჩემს ვარაუდებსაც და სხვებს რომ არ დავემსგავსო, ვერსიას ფაქტად არ გავასაღებ. ჩნდება განცდა, როცა ელისო კილაძემ ჩვენი ყოფილი თანამშრომლისგან და დიდი ბიოგრაფიის მქონე ჟურნალისტისგან ირინა გოგოსაშვილისგან საფრთხე იგრძნო, მისთვის უჩვეულო თავმდაბლობა გამოავლინა, რევერანსები უძღვნა და მე, მოსალოდნელი საფრთხის წინ  „დაბალი ღობე" მნახა. დიახ, ბოლო დროს, ქალბატონი რედაქტორი, მაკა მოსიაშვილთან დუეტში, უცნაურად „მტესტავს". ვინ აქეზებს?! ვისი სჯერა ?! არ ვიცი - ეს მისი არჩევანია!  მასზეც ათასი რამე მოუყოლიათ, მაგრამ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგეების თუ ფარული მტრების მიერ ტირაჟირებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საჯაროდ კითხვებს რატომ დავუსვამდი?  ზემოთაც ვისაუბრე და ვიკითხავ - მან და მაკამ რომ წამშალეს მეგობრებიდან ისე, რომ არც გამაგებინეს, ამ საქციელს აქვს გამართლება? უმიზეზო იგნორი მათ დაიწყეს! მაგრამ მათგან განსხვავებით, კილაძემ წამშალა-მეთქი, ერისთვის და ბერისთვის არ მომიდია! ახლა რაც შეეხება ნინო ჯღარკავას... კი, მასთან მეც მქონდა დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ეს იქამდე იყო, ვიდრე კილაძესთან საქმეს დავიჭერდი. იმ პერიოდში, კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებდით ერთმანეთს. არც დღეს ვართ მეგობრები, ოთხი წელი იქნება გასული, რაც ნინო არ მინახავს! ბოლოს „ობიექტივის" შესასვლელთან, ლიფტის წინ დავცილდით ერთმანეთს. შეგიძლია მშვიდად იყო, ელისო! - არანაირ დავალებებსა თუ ინსტრუქციებს არ ვიღებ  არც ჯღარკავასგან და არც სხვებისგან! ეს ჩემი ღირსების საკითხია! ერთიცაა: რატომ „დაგბლოკე"  სოციალურ ქსელში? - იმიტომ, რომ იმ დროს ვცემ პატივს, რაც შენთან ერთად გამიტარებია. ნანა თვალაბეიშვილს ვცემ პატივს, კარგის მეტს რომ არაფერს არ ამბობს ხალხი მასზე... მოგიფრთხილდი, ისე არ მინდოდა პასუხის გაცემა, როგორ პასუხებსაც სხვა მიიღებდა შენს ადგილას! არ მინდოდა საჯაროდ ჩემი წყენის გამოფენა, მაგრამ მაიძულე! აკი სულ მაფრთხილებდი შემოგდებულ „წყაროებზე" და არ მეგონა, ასეთ ანკესზე თუ წამოეგებოდი!


აქვე, არ გამომრჩეს იმის თქმაც, რომ მედიასთან შეხება -18-19 წლიდან მაქვს - იქამდე კი გავიზარდე გაზეთ სამტრედიის „მაცნეში". მერე ხელოვნებას ვეზიარე, - იყო არტი, შემდეგ სამოქალაქო პროტესტი. ეს შენც შესანიშნავად იცი, თავი რომ არ ვიქო ზედმეტად და ელისომაც - მე „ქრონიკა+"- მდე ვიყავი ჟურნალისტი. პირველი პოლიტიკური სტატია 20 წლის ასაკში დავწერე, თეატრალური ინტიტუტის გაზეთ „ანტრაქტში"- შევარდნაძის პოლიტიკას არ ვემხრობოდი, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტივისტები გავაკრიტიკე. აი, ისინი, თანამდებობების და ფულის გამო რომ იდგნენ ქუჩაში „კმარას" ეგიდით. სხვათა შორის, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა - ნაცების დროს აღმასვლაც მქონდა. ჩემი სპეციალობით, შეკვეთებსაც ვღებულობდი, სულ ვჩანდი წამყვან გადაცემებში, მაგრამ მე კონფორმისტი არ ვარ! დროსტარებას და ტაშ-ფანდურს ეკლიანი გზა ვარჩიე - სიმართლის გზა! ჰოდა დღეს, ელისო კი არა, ვინც არ უნდა იყოს, როგორ უნდა გამიბედოს ასეთი კითხვების დასმა? სააკაშვილს იმიტომ კი არ ვაკრიტიკებდი, იგივე რომ მომესმინა ჩემი რედაქტორისგან?! ოცდაათიან წლებში, ჟურნალისტის პროფესია ასე გამოყოფილი არ იყო და ასე არ აღიარებდნენ - გაზეთებში სტატიებს მწერლები და პუბლიცისტები წერდნენ. სტალინის „მანქანას" ჰყავდა თავისი ელიტა. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ისინი ითავსებდნენ სტალინის და „ენკავედეს" პიარს - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები იყვნენ რაღაც გაგებით. კარის ინტელიგენცია ქმნიდა ბელადის კულტს, წერდნენ პარტიის მაამებელ ლექსებს, იგონებდნენ გამონათქვამებს. სწორედ იმ დროის ასეთი „შედევრია" ცნობილი გამონათქვამი - „კტო ნე სნამი, პროწივ ნას".  მერე ხვრიტავდნენ ამ ხალხს.. ვინც მათთან არ იყო, მათი მტრების სიაში ხვდებოდა. დავიჯერო, აქეთკენ მიდის თავისუფალი სიტყვის ქომაგი-რედაქტორი? ვინც ელისოსთან არაა, „სუსის" აგენტია? მრჩება შთაბეჭდილება, ხვალ მაკა მოსიაშვილმა ჟურნალისტობას თავი რომ დაანებოს და სხვა გზა აირჩიოს, შეიძლება მაკასაც „დაჰკრას" - „სუსი" გაწერინებდა ამ მასალებსო! ვინც წავიდა, ყველა „სუსთან" როგორ უნდა იყოს კავშირში? აბსურდია ეს!

 

- შენივე  კოლეგასთან, ასევე „ქრონიკა +"-ის ყოფილ ჟურნალისტთან ნელი ვარდიაშვილთან მეგობრობაც ირონიულად დაგიკომენტარა ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, თუმცა შევეშვათ ამ თემას. რატომ წამოხვედი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან?


- რაც შეეხება ნელი ვარდიაშვილს... მასა და ელისოს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო და იქვე დამთავრდა. ქალბატონი ნელისგან ელისო ანგარიშების ჩაბარებას ითხოვდა მაშინ, როცა ის საკუთარი მედიასაშუალების ღირსებას იცავდა. მე შევეცადე კიდეც ვარდიაშვილის დაცვას, მაგრამ ნანა თვალაბეიშვილმა მთხოვა, არ ჩავრეულიყავი მათ კონფლიქტში. ბრალდება კილაძის ცნობილი ხელწერით კვალიფიცირდა - თურმე, ნუ იტყვით და, ახლად დაარსებული „euronews.ge" „სუსის" ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიდედრთან ყოფილა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ და გეტყვით: სააგენტო „euronews.ge"-ს არავითარი კავშირი არა აქვს „სუსთან"! სხვათაშორის, რატომღაც, არც გამკვირვებია. ეს რომ წავიკითხე, გამეღიმა... ახლა, რაც შეეხება სამსახურიდან ჩემს წამოსვლას. გიორგი, ჩავთვალოთ, რომ კითხვას გვერდს ვუვლი... ეს შიდა სამზარეულოა და თუ ჩათვლის საჭიროდ, კილაძე მიზეზებზეც თავად ილაპარაკებს. აქვე, ამასაც გეტყვით, რომ რედაქციიდან წამოსვლის შემდეგ თავად ერთი-ორჯერ შემომთავაზა კიდეც სამსახურში დაბრუნება, რასაც ვერ დავუკარგავ - უბრალოდ, უმადურობაში ჩამეთვლება. თუმცა, ჩემი სხვა გეგმების გამო აღარ დავბრუნებულვარ. მიხარია, რომ არც ვალი მაქვს მისი და დღემდე დამოუკიდებელ ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს!


ან, ჭორებს რომ ავრცელებენ, თითქოს ელისომ შექმნა ზაზა სვანაძე და თითქოს მისი „ინფორმატორიც" ვარ - მათ ვპასუხობ: მე სადაც ვყოფილვარ, ყოველთვის პროფესიული და ადამიანური პასუხისმგებლობით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას!


თუმცა, პროფესიული ურთიერთობების მიღმა ყალიბდება ადამიანური  ურთიერთობებიც, რომლის ფარგლებშიაც უშუალო, არაფორმალური საუბრების დროს ვცვლით აზრებს, ინფორმაციებს... სხვათაშორის, მასაც ძალიან ბევრი და ზედმეტად კონფიდენციალური ინფორმაციებიც მოუყოლია ჩემთვის და რა ვქნა, ახლა საჯაროდ ვპოსტო?

 

- ერთსაც გკითხავ: მიხეილ სააკაშვილი ტირანია და სახელმწიფო დამნაშავე?


- რა თქმა უნდა! მეტსაც გეტყვით: შეიძლება, ვინმეს არ მოეწონოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: დიახ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა!


რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე და არაერთ მეგობარზე გამოცდილი ჯალათობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ პირადად სააკაშვილიც და განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი აუცილებლად უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე!

 

- ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ვაღიაროთ, ლანძღვის ნიაღვარი წამოვა კილაძისგან და მისი გარემოცვისგან...


- რა, მოვედი და აღსარება ჩაგაბარე? მან ძალიან კარგად იცის, რომ ზაზა სვანიძე ცილს არ დასწამებს და აკი, არც გამილანძღავს ამ ინტერვიუთი...მან საჯაროდ დამწამა ცილი და საჯაროდვე ვპასუხობ! დანარჩენი ელისო კილაძის და მისი „წყაროების" სინდისზე იყოს, თუ ასეთები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არსებობენ!


ძალიან მომწონს ეს ფრაზა - „თუ გსურთ, რომ თქვენზე ფეხები არ გაიწმინდონ, ფიანდაზად არ უნდა დაეგოთ!" ამიტომ, დიახაც, არ ვაპირებ სენტიმენტალურობას, არ ვაპირებ იმის აღნიშვნას, რომ გულნატკენი ვარ, არ ვაპირებ ზედმეტად მოკრძალებული და მიამიტი, გულუბრყვილო ადამიანის როლის თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ფიცხი ვარ, როგორც წესი, წუთიერი წყენებით არ ვხელძღვანელობ, თუმცა ეს ყველაფერი არამც და არამც არ უნდა ხდებოდეს ჩემი თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე! საყვედურების თქმაც ვიცი, მაგრამ თუ ვინმეს მეგობრად მივიჩნევ, პირადად გავესაუბრები - გარე თვალის გარეშე, 100 % -იანი გულწრფელობით! საჯაროდ ხალხს არ ვასეირებ! მეგობარს, კოლეგას, თავადაც უნდა ეყოს იმდენი შეგნება, რომ სოციალურ ქსელში ტატამი არ გამიმართოს! თუ მტრების სიაში ვინმე ჩამსვამს, თუ ვინმეს შოუ და სკანდალი უნდა - არც ამის მეშინია და ჩემგან რევერანსებს ნუ ელის! შოუ და სანახაობა ზაზა სვანაძისგან ისწავლა ბევრმა ამ ქვეყანაში! დიახ, მე ის ზაზა სვანაძე ვარ, რომელსაც ცილისწამებაზე და ბოდვებზე ყოველთვის ერთი პასუხი აქვს! ბოროტი იქნებით თუ კეთილი, ოდნავ მაღალი თუ გამხდარი, მეგობარი თუ ვირტუალური „ფრენდი", კოლეგა თუ მატყლის მწეწავი, - ფურთხზე ერთი პასუხი მაქვს - გემიჯნებით!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=8451


 

big_banner
არქივი