logo_geo
გიორგი კეკელიძე: გეგულებოდეთ - კეპით, ნაკლები პროტოკოლით და ბევრი წიგნით
- +

14 მარტი. 2021. 20:38

 

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ხშირად მთავაზობენ ან მეკითხებიან, ვარ თუ არა დაინტერესებული პოლიტიკით - მოტივით ,,ყველას უყვარხარ", რაც თავის მხრივ, უკიდურესად დროებითი ამბავი მგონია - ბარემ, კიდევ ერთხელ, ცხად და საბოლოო პასუხს გავცემ - არა.

 

პოლიტიკაში ამ სიტყვის პოპულარულ გაგებას ვგულისხმობ, თორემ ზოგადი აზრით, ადამიანები პოლიტიკური არსებები ვართ და ამ საქმეში მეც ისე ვმონაწილეობ, როგორც ყველა თქვენგანი. მქონია თუ არა შემოთავაზება? დიახ, არაერთი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან. ჩემი პასუხი იცით - ცხადია, სრულიად გულწრფელი მადლობა შემჩნევისთვის, მაგრამ - „არა!“ და „არა“ - არა იმიტომ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა - ბინძური მხოლოდ მაშინ არის, თუ მას ცუდი ადამიანები მოირგებენ.

 

და „არა“ - არა იმიტომ, რომ მე ვინმეზე მაღლა ვდგავარ. უბრალოდ სხვა ვნება მაქვს, სხვა ინტერესები. იქ, სადაც მხედავთ, გარდა ერთი-ორი გაკეთებული საქმისა, მგონია, რომ საჯარო მოხელის სტანდარტი მაინც შემოგთავაზეთ - სხვადასხვა ხელისუფლებასთან და განსხვავებულ პარლამენტის თავმჯდომარეებთან მუშაობისას ერთხელაც ვერ დაძებნით ჩემს სახელისუფლო ან სხვა პარტიათა სასარგებლო მოქმედებას. ვერც საკუთარი თანამშრომლებისთვის აზრის გამოხატვის მცირედ შეზღუდვას დაგვაბრალებთ - სრულიად პირიქით კი, უამრავ მაგალითს იპოვით. ეს მეამაყება და ჩემი პოლიტიკაც ეგ არის. მგონია, რომ ვარ პატრიოტი მოქალაქე და შესაბამისად, მაქვს დაუფარავი აზრი სხვადასხვა საკითხის მიმართ - ეს ხან ერთს აწყობს, ხან მეორეს, მაგრამ ამის მიხედვით არასდროს დამიწყვია ფიქრი.

 

მქვია მწერალიც და ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმ პროფესიის ხალხს არ უხდება ვინმეს ლიქნა, ვისაც დამკვირვებელი და ამ დაკვირვების სხვისთვის განმდობი ჰქვია. გავიარე არაერთი საცდური და ბეწვის ხიდი - გარედან ყველაფერი სხვაგვარია, შიგნიდან კი სხვანაირად დუღს. მოკლედ, ყოვედღიური პოლიტიკა არ არის ჩემი ასპარეზი. ისედაც უამრავ საქმეს მოვედები და სამის დამატება განვიზრახე: კინო, ფოლკლორი და სოფლის მეურნეობა. პირველი ეკრანთან და წიგნებთან ყოფნას მოითხოვს, მეორე ხალხთან და მესამე - მიწასთან. ჰო, ცოტა ფოტოხელოვნებაც. მაქვს ჟინი, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს - ნაკლები სიძულვილით და მეტი შრომით. დამოუკიდებლობით, რომელიც ფიქრში ვარჯიშს ეფუძნება, ფიქრში ვარჯიში კი განათლებას მოითხოვს. აი, მანდ კი გეგულებოდეთ - კეპით, ნაკლები პროტოკოლით და ბევრი წიგნით. საჯაროობით დაღლა და მობეზრება მაქვს - გიდასტურებთ. ამ აზრით ნელ-ნელა ჩრდილისკენ გავჩოჩდები, თუმცა ეს მოშვერილ კამერას იგულისხმებს და არა გაკეთებულ საქმეს.

 

თქვენთვის და თქვენი გიორგი კეკელიძე“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

big_banner
არქივი