logo_geo
ჯაბა ხუბუა: ქართული ფეხბურთის თერგი არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელმან შექმნა იმედი
- +

2 აპრილი. 2021. 12:39

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.

 

„ბურთისტყაოსანი

 

რომელმან შექმნა იმედი, იმას ჰქვია ხვიჩა კვარაცხელია.

 

იმედის შექმნა კი ყოფილა ძალიან მაგარი რამე, როგორც რომ ბავშვის დაბადება. აი, სულ ახალი ადამიანი რომ ჩნდება, რომელიც მანამდე არ იყო და უცებ ის ხდება შენი ყველაფერი, ხდება ღონისა და სიცოცხლის მომცემი, როგორც მოძრაობა და მარტო მოძრაობა.

 

მოძრაობა და მარტო მოძრაობა, ჩემო თერგო!

 

ხოლო ქართული ფეხბურთის თერგი არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელმან შექმნა იმედი.

 

ბურთს რომ ფეხებში მოიგდებს, სუნთქვა ეკვრებათ არამარტო მეტოქის მცველებს, არამედ სუნთქვა გეკვრება შენც იმის მოლოდინში, რომ ახლა რაღაც განსაკუთრებული მოხდება, რაღაც ელეგანტური და თავბრუდამხვევი. შესაძლოა, გოლი არც იყოს, არც - კარში ზუსტი და სახიფათო დარტყმა, მაგრამ ერთი მოძრაობით კისრის მოსატეხად და კინჩხის მისაყოლებლად გაშვებული მოწინააღმდეგე კი  აუცილებლად იქნება, ერთი ან რამდენიმეც. 

 

მცველი მცველსა შემოვტყორცნე.

 

და ეს არის ძალიან ლამაზი.

 

ისეთი ლამაზი, რის გამოც ფეხბურთი აღაგზნებს და აღაფრთოვანებს მილიონებს.

 

ისეთი ინტიმური, რის გამოც ფეხბურთი არის რელიგია.

 

ამ სილამაზეს, ამ ინტიმს, ამ რელიგიურობას ქართულ ფეხბურთს უბრუნებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმან შექმნა იმედი.

 

მას ტანსა ბურთი ემოსა.

 

და რა იმედია ეს? იმედი, რომ ქართული ფეხბურთი აღდგება ფერფლისაგან ფენიქსისებურად; იმედი, რომ იქნება ჯერ პატარ-პატარა და მერე დიდრონი გამარჯვებებიც, რომელიც შეკრავს და გააერთიანებს ერს, განდევნის დამარცხებულის მენტალიტეტს ხალხის სივრციდან და ავგიას თავლასავით დაგვის ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური ნეხვით დაბინძურებულ ეროვნულ ენერგეტიკას საქართველოისას;

 

ეს მისია აკისრია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმან შექმნა იმედი.

 

ვნახეთ უცხო მოყმე ვინმე.

 

დიდ მიშა მესხზე ნოდარ დუმბაძემ დაწერა ლექსი - „ვარ ვინმე მესხი მელექსე, ბურთის პოემის ავტორი“.

 

ხვიჩა კვარცხელია ახალი მიშა მესხი არ არის, ხვიჩა კვარაცხელია არის ახალი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმან შექმნა იმედი და ახლა შეუდგა ახალი ბურთის პოემის წერას.

 

ხვიჩა - ხვიჩა მურიცხეფი და დო ჯიმა ჩქიმი.

 

ბურთისტყაოსანი, ვით მარგალიტი ობოლი, ფეხის-ფეხ საგოგმანები“, - წერს ჯაბა ხუბუა.

big_banner
არქივი