logo_geo
ლევან მამალაძე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და პრეზიდენტს ექსპერტების მიერ შემუშავებულ გეგმას სთავაზობს
- +

13 აპრილი. 2021. 15:46

 

 

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორი, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ძებნილად გამოცხადებული და სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექსპერტების მიერ შემუშავებულ გეგმას სთავაზობს.

 

ლევან მამალაძე შემუშავებული გეგმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„პრეზიდენტის მედიაციის წინადადებას ოპოზიციური პარტიები უარყოფითად შეხვდნენ!

 

შეთანხმების მიღწევას სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისთვის მისაღები კომპრომისული წინადადებები შეთავაზება სჭირდება!

 

საქართველოს პრეზიდენტს ჩვენ მივაწოდეთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული მემორანდუმის პროექტი, რაც შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საფუძველი გახდეს.

 

(წერილი და შეთანხმების მემორანდუმი იხილეთ ქვემოთ)

 

საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

 

პატივცემულო პრეზიდენტო!

 

მივესალმებით თქვენს ინციატივას , მედიაცია გაუკეთოთ მართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებს, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით.

 

ჩვენ საეთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო და პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში, მოვამზადეთ შეთანხმების მემორანდუმი, რომლსაც თან ვურთავთ. მემორანდუმი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმებისთვის იქნება აუცილებელი, რაც საყოველთაო შერიგების და სახელმწიფოს გაძლიერების საწინდარი იქნება. ამ დოკუმენტით საქართველოს პრეზიდენტს უნდა ქონდეს უფლება არამარტო მედიაციის, ასევე შეთანხმების მონაწილეთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე და შეფასებაზე.

 

საინფორმაციო საშუალებებში ,ზოგიერთი ოპოზიციონერი თქვენს ინიციატივას უწოდებს დაგვიანებულს და უშედეგოს, რადგან პრეზიდენტი უარს ამბობს შეწყალების უფლების გამოყენებაზე. თქვენს ხელთ არსებული შეწყალების კონსტიტუციური უფლება მნიშვნელოვანი ბერკეტია მედიაციისთვის. სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისთვის მოლაპარაკების დაწყების საწინდარი ,სწორედ იმ პირების განთავისუფლებაა რომელსაც აყენებს ოპოზიცია და რასაც მხარი დაუჭირა ევროპის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. მიგვაჩნია , რომ შეწყალების პრაქტიკა აუცილებლად გამოსაყენებელია შეთანხმების პროცესიის დასაწყებად, მით უფრო პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განწყობის დეკლარირება ბიძგს მისცემს მოლაპარაკების დაწყებას. კარგი იქნება , რომ შეწყალება არამარტო პოლიტიკური შეთახმებისთვის იქნეს გამოყენებული ,არამედ გავრცელდეს იმ პირებზეც რომელთა მიმართ სამართლიანობა არ აღდგენილა. კანონი არანაირ შეზღუდვას არ უწესებს პრეზიდენტს ამ უფლების გამოყენებაზე. პრეზიდენტს შეულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, შეწყალების შეჯერებული ფორმატი სამართლიანობის აღდგენის დასრულებად გამოაცხადოს.

 

პოლიტიკურ ჭრილში პრეზიდენტის მედიაციის პლატფორმა საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაინახონ, აქვთ თუ არა მონაწილე პოლიტიკურ ჯგუფებს რეალური სურვილი დაეყრდნონ სახელმწიფო ინტერესებს და მიაღწიონ შეთანხმებას.

 

ჩვენს პრეზიდენტს პოლიტიკური პროცესების წარმართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. ქალბატონ სალომეს, თავისი სათნოებითა და მომხიბვლელობით არ გაუჭირდება ოპოზიციონერ და სახელისუფლებო ლიდერთა დაყოლიება შეთანხმების მისაღწევად. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ ინიციატივას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის და სახელმწიფოს გაძლიერების საწინდარი გახდება.

 

ჩვენ მზად ვართ, მოთხოვნის თანახმად მოგაწოდოთ დამატებითი განმარტებები შეთანხმების მემორანდუმთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით:

 

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოდან 18 წლიან პოლიტიკურ დევნილებაში მყოფი - ლევან მამალაძე.

 

 

 

შეთანხმების მემორანდუმი (პროექტი) (შედგენილია საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მიერ)

 

ჩვენ საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციები ვაღიარებთ რა საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, საერთაშორისო ნორმებს და ვალდებულებებს, ყოველგვარი პოლიტიკური დევნისა და ძალადობის გამოვლინების დაუშვებლობას, სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, საქართველოს მისწრაფებას ევრო-კავშირში და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, ვიღებთ რა პასუხისმგებლობას ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დერეგულირებაზე, საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვთანხმდებით შემდეგზე:

 

1.საქართველო განახლებული ფორმით მიმართავს ევროკავშირს, დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

2, საქართველო განახლებული ფორმით მიმართავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანს, დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

  1. უმოკლეს ვადაში შემუშავდეს კანონი ფართო ამინისტიის შესახებ რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებიან: 2019 წლის 19-20 ივნისის საპროტესტო აქციაში მონაწილე და მასთან დაკავშირებული პირები , მსჯავრდებულნი რომელთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ოქტომბრამდე, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი , როგორიცაა: განძრახ მკვლელობა, ტერორისტული აქტი, დანაშაული კაცობრიობის წინაშე და სხვა (შესაძლებელია დაემატოს ჩამონათვალი). (ამინისტიის ალტერნატივად , შეიძლება განხილულ იქნეს ფართო შეწყალების აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც სამართლიანობის აღდგენის პრინციპს უნდა დაეყრდნოს. ეს უფრო სწრაფი და ეფექტურ შესაძლებლობა იქნება პოლიტიკური შეთანხმებისთვის)

 

  1. მართველი პარტია იღებს ვალდებულებას , რომ მხარეებს შორის შეთანხმებული ამინისტიის შესახებ კანონპროექტი ,მემორანდუმის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში მიღებული იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ და წარედგინება ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს..

 

  1. ოპოზიციური პარტიები , რომელთაც 2020 წილის არჩევნების შედეგად მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები, იღებენ ვალდებულებას შევიდნენ საქართველოს პარლამენტში უახლოეს პლენარულ სხდომაზე და შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.

 

  1. მმართველი პარტია იღებს ვალდებულებას , რომ საპარლამენტო ოპოზიციას მიეცემათ ვიცე სპიკერის თანამდებობა, თავჯდომარეობა შემდეგ კომიტეტებში : ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ….; თავჯდომარის მოადგილეობა შემდეგ კომიტეტებში: საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი,……..; ხელმძღვანელობა შემდეგ საპარლამენტო კომისიებში და დელეგაციებში : ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია,…….

 

ოპოზიციურ პარტიებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიეცემათ შემდეგი თანამდებობები: ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები…..

 

( ამ მუხლში მოყვანილი თანამდებობების ჩამონათვალი პირობითია, რაც უნდა დადგინდეს და გაიწეროს მხარებს შორის შეთანხმების პროცესში)

 

  1. საპარლამენტო ოპოზიცია იღებს ვალდებულებას , რომ სახელმწიფო მართვაში მონაწილეობა გამოყენებული იქნება მხოლოდ საელმწიფოს ინტერესებში. დაუშვებელია თანმდებობის ან სახელმწიფო უწყების გამოყენება პოლიტიკური და პარტიული ინტერსებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საელმწიფოს განვითრებსა.

 

8 . გატარდება მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასამრთლო სისტემის დამოუკიდებლობას, მოსამართლეთა დანიშვნისა და პასუხიმგებლობის განახლებული წესის შემოღებას, მოკვლევისა და გამოძიების გამართვას, ადმიანის უფლებათა უზრუნველყოფას. რეფორმა მიმართული იქნება დემოკრატიის მაღალი პრინციპების, სამართლიანობის და კანონის მაქსიმალურ უზრუნველყოფის დასამკვიდრებლად.

 

  1. გატარდება საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაციისა და დაფინანსების რეფორმა. გაუქმდება საარჩევნო ბარიერი. გამოირიცხება საარჩევნო სისტემის კომერციალიზაცია და ბიზნესის მონაწილეობა პოლიტიკური ორგანიზაციის ან საარჩევნო კოპანის დაფინანსებაში. პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრირებისთვის აუცილებელი იქნება არანაკლებ 1000 წევრის ხელმოწერა. გაწევრიანება და ორგანიზაციიდან გამოსვლა იქნება ნებაყოფლობითი. შეიქმნება ორგანიზაციათა წევრების ერთიანი საჯარო ბაზა. ყველა წევრი ვალდებული იქნება გადაიხადოს თვეში 10 ლარიდან არაუმეტეს 100 ლარისა, პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ. არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს 5 000 მოქალაქის ხელმოწერა. პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის წინასაარჩევნო კომპანიის წარმართვისთვის, განისაზღვრება პოლიტიკური ორგანიზაციის წევრების რაოდენობის ეკვივალენტურად. შეიცვლება ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. გაიზრდება დამკვირვებელთა უფლებები ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას დარღვევების დაფიქსირების კუთხით. შემოღებულ იქნება ონლაინ ხმის მიცემის სისტემა და ხმების ელექტრონული დათვლის დაცული ტექნიკური საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს ხმების სწორ და უტყუარ დათვლას. ამომრჩეველს უფლება მიეცემა თვითონ განსაზღვროს, თუ რა ფორმით მისცემს ხმას. განისაზღვრება საარჩევნო პროცესში დარღვევების დაფიქსირების და ხმის გადათვლის კონკრეტული რეგლამენტი.

 

  1. შეიქმნება პარლამენტის საკონსულტაციო საბჭო, სადაც შევლენ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საბჭოს უფლება ექნება საკანონმდებლო ინიციატივის, კანონპროექტების და წინადადებების მომზადების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისთვის წარსადგენად. საბჭოს ეყოლება ოფიციალური წარმომდგენელი საქართველოს პარლამენტში. შემუშავდება საბჭოს მუშაობისა და დაკომპლექტების შესაბამისი წესდება.

 

11.მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთან ინტეგრაციისა და დეოკუპაციისათვის.

 

  1. საყოველთაო შერიგებისა და სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე დაყრდნობით, შეიქმნას სახელმწიფო საგამოძიებო კომისია. კომისია შეისწავლის და გამოიძიებს 1992 წელს ეროვნული ხელისუფლების და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განდევნის, 2003 წლის არჩევის პარლამენტის დარბევის და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების, 2008 წლის ომში დამარცხების მიზეზებს და გარემოებებს, დაადგენს ჩადენილ დანაშაულს და დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს. შესწავლის შედეგად გამოკვეთილ ფაქტებზე დაყრდნობით, შემდგომი სისხლის სამართლებრივი რეაგირების გაგრძელების აუცილებლობას გადაწყვეტს კომისია. დებულებით განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და მუშაობის პრინციპები.

 

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ხელი შეუწყოს შეთანხმების გაფორმებას და მოლაპარაკებების გამართვას. მედიაცია გაუწიოს შეთანხმების შესრულებას და შეფასება მისცეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში , შეთანხმების შესრულებისა და დახმარების მიზნით მოიწვიოს საერთაშორისო და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები!

 

მხარეები იღებენ ვალდებულებას ურთიერთ პატივისცემითა და თანამშრომლობით შეასრულონ შეთანხმების ყველა პუნქტი, არ დაუშვან ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და ხელი შეუწყონ სოციალ-ეკონომიკური რეფორმების გატარებას, შექმნილი პრობლემებისა და პანდემიის დაძლევას! – წერს ლევან მამალაძე

 

 

 

 

 

big_banner
არქივი