logo_geo
ლეილა კვირიკაშვილი: საგანგებოდ ვკითხე ბატონ ზვიადს, დამოუკიდებლობის დღედ დარჩებოდა 26 მაისი თუ 9 აპრილს ვიზეიმებდით...
- +

26 მაისი. 2021. 15:46

 

 

ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი 26 მაისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყველას გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

 

აქვე მინდა დავწერო 26 მაისთან დაკავშირებით.

 

ზვიად გამსახურდია  საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო 1991 წლის 31 მარტს როცა ჩატარდა საყოველთაო-სახალხო  რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით:  „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

 

სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად  (საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი), საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის  აღდგენის  აქტი.

 

მერე იყო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 1991 წლის 26 მაისს. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

 

იმ პერიოდში,  საქართველოს ტელევიზიაში ვმუშაობდი და ბატონი ზვიადის შემოთავაზებით,  პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართულები  ჟურნალისტები: კახა არჩვაძე, ფისო ქათამაძე და მე - ლეილა კვირიკაშვილი. ხშირად გვიწევდა ბატონ ზვიადთან „კოლხურ კოშკში“ მისვლა და საარჩევნო კამპანიასთან  დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

 

პრეზიდენტის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ,  მე ვიყავი  საავტორო გადაცემა „პრეზიდენტის საათის“  ავტორი და წამყვანი.

 

მე საგანგებოდ ვკითხე ბატონ ზვიადს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დარჩებოდა 26 მაისი თუ 9 აპრილს ვიზეიმებდით....

 

მომისმინეთ კარგად: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ამაზე მიპასუხა, რომ რადგანაც  9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე,  ამიტომ დამოუკიდებლობის დღედ დარჩებოდა 26 მაისი. იქვე დაამატა, 26 მაისი მერაბის დაბადების დღეა და როგორ შეიძლება დამოუკიდებლობის დღე მერაბ კოსტავას არ უკავშირდებოდესო.

 

გასაგებია? არაა საჭირო ამდენი „წიაღსვლები“.  ზვიად გამსახურდიას თარიღის შეცვლა საჭიროდ რომ ჩაეთვალა,  როგორც კი გახდა პრეზიდენტი, მაშინვე გამოაცხადებდა ამას.

 

ყველაფერში ჩქარობდა, მოსწრებაზე იყო. კარგად იცოდა, რომ რუსეთი დიდხანს არ გაახარებდა და ამიტომაცაა, რომ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი, რაზედაც დღეს დგას საქართველოს სახელმწიფო, სწორედ მან რამდენიმე თვეში  დაამტკიცებინა საკანონმდებლო ორგანოს  და დაგვიტოვა....

 

და კიდევ...

 

 გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში დაბრუნებას გილოცავთ!“ - წერს ლეილა კვირიკაშვილი.

 

ფოტოზე: ზურაბ მჭედლიშვილი, ზვიად გამსახურდია და ლეილა კვირიკაშვილი

big_banner
არქივი