logo_geo
გია მურღულია: ერთადერთი კაცი, ვინც ისევ მაგრძნობინებს თავს მოსწავლედ, რეზო სირაძეა
- +

4 ივნისი. 2021. 14:31

 

„გამომცემლობა „არტანუჯმა“ შესანიშნავი საქმე გააკეთა - გამოსცა რევაზ სირაძის ლიტერატურულ წერილთა კრებული „ფიქრი, რომელიც მნიშვნელობს“ (შემდგენელ-რედაქტორი - ანა ლეთოდიანი), რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის წარდგენა გამოჩენილი მეცნიერის დაბადების დღეს დაემთხვა“, - ამის შესახებ ლიტერატორი, სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ბატონი რეზო ჩემი მასწავლებელი იყო (და არის). უკვე დიდი ხანია, საკუთარი მოსწავლეები და სტუდენტები მყავს, ახალგაზრდობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება ვასწავლი ახალ თაობას და ერთადერთი კაცი, ვინც ისევ მაგრძნობინებს თავს მოსწავლედ, რეზო სირაძეა - ჩემთვის დიდად ძვირფასი ადამიანი.

 

ახლაც, მისი წიგნი რომ შევიძინე (დანარჩენი, რაც დაუწერია, ყველა მაქვს - მისივე გულთბილი და დაუვიწყარი წარწერებით) და ხელი გადავუსვი, თითქოს უფროსი მეგობრის სულს, ფიქრსა და ხმას შევეხე - წარმოსახვა და შეგრძნება ხშირად გვიცვლის ხოლმე რეალობას.

 

რეზო სირაძემ ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში ხედვისა და გამოხატვის ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. მისი კლასიკური ნაშრომების (ქრისტიანულ კულტურაზე, ესთეტიკაზე, ისტორიაზე, ვეფხისტყაოსანზე, დავითიანზე...) გარეშე თანამედროვე საქართველოს ფილოლოგიური კულტურა სრულიად წარმოუდგენელია. მისი ფიქრი უნდა ხელახლა და სრულად დაინახოს ქართულმა სკოლამ. მისი წიგნები უნდა განიხილებოდეს აკადემიურ თუ პოპულარულ თავყრილობებზე. მისი ფიქრი განმავითარებელი ფიქრია, რომელსაც სარგებლობაც მოაქვს და ორიგინალურობის სიამოვნებაც.

 

ამ კაცმა შექმნა ლიტერატურული სკოლა, რომლის წიაღში ორი მთავარი სიტყვაა „ფიქრი ფიქრზე“. ამ სკოლას დღეს ბევრი ადეპტი ჰყავს. თავს ბედნიერ მოვალეობად ვუთვლი, მათ რიცხვს საკუთარი თავიც მივათვალო.

 

ის მომღიმარ სიბრძნეს ქმნიდა. ამასთან, ჭეშმარიტებასთან ერთად, მისთვის მთავარი სიტყვები „მშვენიერება“ და „გემოვნებაც“ იყო.

 

ვისაც რეზო სირაძის არაჩვეულებრივი ადამიანური ხიბლი, სიმღერა თუ მოულოდნელად დაბადებული ხუმრობები ახსოვს, ჩემთან ერთად იმასაც გაიხსენებს, სუფრასთან მისი სადღეგრძელოს დროს ოდნავი გადაჭარბების შემთხვევაშიც კი როგორ იტყოდა: „მოკლედ და ბუნდოვნად თქვი“. თვითირონია მასში იმდენად ბუნებრივი და ძალდაუტანებელი იყო, შენზე რასაც იტყოდა, საწყენად რომ მიგეღო, დროისა და სივრცის კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილი იქნებოდი.

 

უშურველად გიწილადებდა საკუთარ ცოდნასა და ხედვებს, გულწრფელად უხაროდა მოწაფეთა თუ სხვათა კარგი აზრები, ხანდახან მკაცრიც იყო, მაგრამ მე ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა - „კეთილ სიმკაცრეს“.

 

ამ ადამიანთან ურთიერთობა, ერთდროულად, გონების დღესასწაულიც იყო და გულისაც.

 

წიგნში, რომელიც მნიშვნელობს, არის ერთი წერილი, რომელსაც „დუმილის ესთეტიკა“ ჰქვია. აქ დასაწყისშივე (გვ. 543) ვკითხულობთ:

 

„დუმილი არარაობა როდია. დუმილი უხმაურო არსებობაა. ესაა უხმაურობის შეგრძნება. დუმილი რომ არარაობა იყოს, მისი შეგრძნება არ იქნებოდა და არც იდუმალების ესთეტიკა. „არარაისაგან ხომ არ იქმნების არარაიცა“. დუმილს აქვს თავისი სივრცე და თავისი დრო. სადაც რაიმე ხმა ისმის, მის საპირისპიროდ დუმილიც იგულისხმება. საცა დუმილია, მოსალოდნელია რაღაც ხმა. დუმილი ამ ხმის არყოფნაა, მისი მდუმარებაა. დუმილის შეგრძნება ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც ხმა მოვიდეს. თუ რაიმე ხმა მოსალოდნელი არაა, იქ დუმილიც არ შეიგრძნობა“.

 

რეზო სირაძის ყველა წიგნი დუმილის მეტყველებაა - „მეტყველი დუმილია“.

 

ეს ადამიანი ასე აზროვნებდა - ხედავდა, ჩვენთვის გამოხატავდა და ალაპარაკებდა საგანთა, მოვლენათა და კაცთა იდუმალებას.

 

და ასე ვერავინ ასწავლიდა „ფიქრს ფიქრზე“, - წერს გია მურღულია.

 

 

 

big_banner
არქივი