logo_geo
ლუკა კურტანიძე: მომეცით უფლება, ისევ ვიოცნებო და ვიბრძოლო პირადი ბედნიერებისათვის!
- +

16 ივნისი. 2021. 13:57

 

 

სოციალურ ქსელში ლუკა კურტანიძის მიერ გამოქვეყნებულმა ემოციურმა პოსტმა საზოგადოების ერთ ნაწილს ეჭვი გაუჩინა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც სიახლეებია. მოგეხსენებათ, მისმა ყოფილმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ მათი ქორწინება დასრულდა.

 

თავად კურტანიძე ამას ბოლო დრომდე არ აღიარებდა, თუმცა მისმა ამ მიმართვამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

 

 

 

„ნუ განმიკითხავთ ისე მწარედ, რომ სიცოცხლე ვეღარ შევძლო!

 

ყველას მინდა ესე ვთხოვო – მეგობარს, მტერს, შვილს თუ იმ ადამიანს, ვისთვისაც მიცხოვრია ამ ქვეყანაზე! თუნდაც იმიტომ, რომ მთელი ჩემი განვლილი სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს საქართველოს გაძლიერებისათვის და დიდებისთვის ვიბრძოლე, ფეხზე ვაყენებდი მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის წინაშე /დღემდე 30 წელი/, თუნდაც იმიტომ, რომ მართლაც სხვა ქვეყნის მილიონებზე და უდარდელ ცხოვრებაზე უარი ვთქვი!

 

თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს სამშობლოსთან ერთად ცრემლი და სიდუხჭირე გამოვიარე! თუნდაც იმიტომ ნუ განმიკითხავთ, რომ პატარა იმედის სიხარული მომქონდა მთელი მსოფლიოდან ჩემი მცირედი ქმედებით, რაც ამდენი წლის მანძილზე გადაიშალა.

 

მე მთელი სიცოცხლე დღემდე მიტევებით ვიცხოვრე. ყველას მივუტევე… შვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს, ვისთანაც მე მიცხოვრია და ასევე მტერსაც…

 

რამეთუ თითოეული თქვენგანი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და არის… მიუტევე ყველას ჩემი დამცირება, განკითხვა, წაქცევა თუ სხვა ტკივილი, რადგან ალბათ მე ბევრი დავაშავე, რადგან მეტი შემეძლო.

 

ალბათ ვერ გავწვდი თითოეულს ისე, როგორც მათ გულს უნდოდა, რადგან მე მთელი ცხოვრება ჩვენი სამშობლოს დიდებისთვის ვიბრძოდი. ალბათ ვერ მეყო ის ძალა, რაც თქვენ გეკუთვნოდათ ჩემგან! მე არასოდეს სხვისკენ არ გავიშვერ ხელს და ჩემი შეცდომების ტვირთს არავის დავადებ, მაგრამ ერთი მასწავლა უფალმა – მოთმინება, მიტევება და უსასრულო სიყვარული, თუნდაც მტრის.

 

რამეთუ მტერი აგრესიის, ბოროტის გარეშე ჩემი გულის და სულის ნაწილია. რადგან ისიც და მეც უფლის წინაშე ერთნი ვართ! თუნდაც ამიტომ გთხოვთ ყველას, ნუ განმიკითხავთ ასე მწარედ… მომეცით უფლება, ისევ ფეხზე დავდგე, ისევ ვიოცნებო და ვიბრძოლო პირადი ბედნიერებისათვის! რომ ეგების კიდევ მეტი შევძლო ჩვენი სამშობლოსთვის… ვიდრე წაქცეულმა და მკვდარმა!

 

მე თქვენ მიყვარხართ, თითოეული თქვენგანი ჩემი გულის და სულის ნაწილი ხართ! და თუ მე დღეს ხელგამოწვდილი ამ ტკივილს ხმამაღლა ცრემლნარევი ლოცვით სინანულით ვამბობ, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თქვენთვის, მთელი ერისთვის ვიცოცხლე საქმით და ქმედებით.

 

უბრალოდ დღეს ჯერი თქვენზეა…. ჩემი პროფილის კადრი კი იმის დასტურია რომ მთელი ერი ასე ერთ მუშტად მიყვარდა და მისთვის ვცოცხლობდი“,- წერს ლუკა კურტანიძე.

 

 

big_banner
არქივი