logo_geo
ირინა ბაირამაშვილი: ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს...
- +

23 ივლისი. 2021. 12:56

 

მომღერალ ირინა ბაირამაშვილს ორსულობის დროს კოვიდი დაუდასტურდა, რაც მშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო გაურთულდა. ირინამ ვირუსისგან განკურნებამდე შვილი ვერ ნახა... მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ვრცლად ჰყვება იმ განვლილ რთულ გზაზე, რაც ვირუსის გამო გაიარა:

 

"პალატა 306... ბრძოლა კორონასთან ორსულობის 37-ე კვირას... 2 მაისს ვიკეთებ ტესტს და აჩვენებს დადებითს. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია საკუთარ თავზე, ვფიქრობ, მუცლად მყოფ ჩემს შვილზე და კიდევ იმაზე, რომ ორსულებს ეს ყველაფერი მსუბუქად გადააქვთ...

 

მეორე დღიდანვე

დამეწყო საშინელი სიმპტომები, სისუსტე, სიცხე, მაგრამ რა უნდა მექნა ორსულს, არც არაფერი, მხოლოდ სითხეები, რომელსაც ვერ ვსვამდი, არანაირი წამალი, მაგრამ ვატყობ, რომ დღითი დღე ძალიან ცუდად ვხდები - ხველა მემატება, სიცხე ისევ მაქვს. ამასობაში, გადის 6 დღე და ბოლო ძალებს ვიკრებ. მე-7 დღეს ჩავიცვი, წამოვედი კლინიკაში და ვფიქრობ, რომ ორ-სამ დღეში სახლში ვიქნები, მაგრამ შემოვდგი თუ არა ფეხი, მივხვდი, რომ ორი-სამი დღე ნამდვილად არ იყო საკმარისი. უკვე შემიპყრო საშინელმა დეპრესიამ, დანი რომელიც ერთი დღე მყავს უჩემოდ დატოვებული, მეტი არა, დავტოვე...

 

ჩამიდგეს პირველი კათეტერი და ცრემლები მომდის... თავს ვერ ვიკავებ, არც ვცდილობ შევიკავო, კარებში ჩემი და მამხნევებს, მაგრამ ისიც ძლივს იკავებს თავს, რომ არ იტიროს... ექიმები თავს დამტრიალებენ, ცისფერ სკაფანდრებში მხოლოდ თვალები უჩანს (ეს ცალკე სტრესია). მომამზადეს, გამოიტანეს ეტლი, "ამით ავიყვანთო", რა თქმა უნდა, გავაპროტესტე და ლიფტით ავედი... შევედი პალატაში, ლოგინზე დავჯექი და თავი სიზმარში მგონია, იმიტომ რომ ალბათ 9 წლის ვიყავი, ბოლოს გრიპი რომ შემხვდა და პირველი მშობიარობის შემდეგ, 3 დღე ვიწექი კლინიკაში... ამ ფიქრებში ვიყავი და გვიან მივხვდი, რომ პალატაში კიდევ ერთი ორსული გოგო იყო, გამიხარდა. ეგრევე ვკითხე, როდის, რატომ და რა სიმპტომები ჰქონდა, ორივე საშინლად ვახველებდით... ამასობაში მიდგამენ პირველ გადასხმას... ის ღამე არ მძინებია, მთელი ღამე ვტიროდი... შემოდის ექიმი, გვარიგებს, მაგრამ არაფერი მესმის... სულ მინდა ვიწვე... ბავშვის გულის ცემა, სატურაცია, წნევა, ანალიზებისთვის სისხლის აღება, ცისფერი სკაფანდრის შრიალის ხმა და ჩემი გულის ცემა... გადასხმა, გადასხმა, გადასხმა... ასე გაგრძელდა 7 დღე.

 

დადგა 13 მაისი... ამ დროს ჩემს მეორე ბავშვსაც მოუნდა გარეთ გამოსვლა... მიყვარს ციფრი 13... 13 აპრილი მე და 13 მაისი სანი... გავემზადე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ორ საათში სანი გაჩნდა, მაგრამ აქ იწყება მთავარი. ორი წამით დავინახე, ვიკითხე: - ხომ კარგად არის - მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს, მე შემიყვანეს პალატა 306-ში. მგონია, რომ ეს კოშმარი დამთავრდა, მაგრამ კი არ დამთავრდა, დაიწყო...

 

ისევ სკაფანდრის შრიალი, ისევ ექიმები... მოკლედ, ეს მონსტრი კორონა ჩემგან კი არ წასულა, პირიქით, მთელი ორსულობა იმალებოდა და ახლა გამძვინვარდა, გაბრაზდა, ყველა ანალიზი აბსოლუტურად სხვანაირი მოდის და ამ ყველაფერს ემატება, კატეზე გადაღებული ორმხრივი პნევმონია. აქ უკვე იწყება კორონა მონსტრთან ბრძოლა. ორი უსაყვარლესი გოგო დამხვდა პალატაში, რომლებსაც არასოდეს არ დავკარგავ. ხან ვტირი, ხან ვიცინი, ხან ვმღერი, ხან ვლოცულობ... ისტერიკა მჭირდა... გარეთ ჩემი ერთი შვილი მენატრებოდა, შიგნით ჩემი მეორე შვილი, ქმარი, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მამხნევებდნენ, ისინი რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ ისევ ამ რეალობაში და სითეთრეში, რომ ბრუნდები, ღმერთო არავის ვუსურვებ... სანის ისტერიულად ვკითხულობ და ვუგზავნი რძეს იქ, სადაც არა კოვიდზონა არის, ალბათ ასეთია საპყრობილე და მე, როგორც პატიმარი ისე ვარ. ექთნების მეასე მორიგეობას ვუსწრებ... ჩემი ორი თანამეპალატე გაწერეს, მე დავრჩი მარტო, აქ უკვე იუმორით ვუყურებ ყველაფერს, მაგრამ მაინც მეტირება, გრძელდება ეს კოშმარი. არასდროს, არასდროს არ ინერვიულოთ ეკონომიურ კეთილდღეობაზე, კარიერაზე, სმა-ჭამაზე, მხოლოდ ჯანმრთელობაა... ამაზე მთავარი არაფერია და არც იმაზე კიდევ, რომ კოვიდი არის ჩვეულებრივი გრიპი, ეს არის ადამიანი, რომელიც მთელ სხეულში გყავს, დაგცინის და განგრევს მთლიანად... მონსტრი გახრჩობს და დაგცინის...

 

და აი, უკვე მეთექვსმეტე დღეა კლინიკაში ვარ... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ოღონდ იყოს ჯანმრთელად და ჰყავდეს ჯანმრთელი შვილი. უკვე ვცოცხლდები, ვატყობ ენერგია მემატება. სიმღერა მომინდა... აღარც სკაფნადრის შრიალის მეშინია და კიდევ ლოდინის რეჟიმი, ალბათ ორშაბათს გამომიშვებენ. შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს სადღაც შორს ნისლში მოვკარი თვალი... ძალიან გაუფრთხილდით თავს, ძალიან, ყველა ორსული და არაორსული... ამასობაში ჩემს სახლში ვარდები აყვავდა, რომლის ყვავილობა ყველაზე მეტად მიყვარს, ის ერთი ცალი რომ იშლება და მერე მოყვება უამრავი... სახლში მინდა...

 

გათენდა მეჩვიდმეტე დღე... მეთერთმეტე დღე, რაც ჩემი სანი არ მინახავს. მეცამეტე ანტიბიოტიკი... მეთერთმეტე ფრაქსი ჭიპის ქვეშ... ანალიზებში წინსვლა დამეწყო. ვგრძნობ, რომ აქეთ ვბრუნდები. ალბათ, ორშაბათს, მე და ჩემს შვილს ერთად გაგვწერენ. უკვე ყველაფერს იუმორით ვუდგები, ვფიქრობ, პალატა 306-ს აივანი ხომ არ მოვაშენო. არც ვფიქრობ იმაზე, რა იქნება მე და ჩემი შვილების შეხვედრა... აუ, როგორ მენატრეეეებიან ღმერთო... დღეს ალბათ მთელი ღამე თვალს ვერ მოვხუჭავ... მგონი, ბოლო ცისფერ სკაფანდრიანი შემოვიდა, კათეტერი მომხსნა და კიდევ ერთხელ ამიღო სისხლი. ეს, იცით როგორი შეგრძნებაა? გეგონება, ხელიდან ბორკილებს გხსნიდნენ...

 

ესეც მეთვრამეტე დღე... გვწერენ... მე ადგილს ვერ ვპოულობ, მაგრამ მაინც შიში დამჩემდა... სკაფანდრის შრიალის და კარების შემოღების. მეშინია, ბავშვს რომ ხელში ავიყვან, გული არ წამივიდეს. დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ ჩემს ორ ბიჭთან, არა სამ ბიჭთან (მიკუნა) ერთად... უფალო, მადლობა რომ სულ ჩემში ხარ. მადლობებს კიდევ ბევრს მოვიხდი და მოვუხდი. გული ისე მიცემს, ადგილს ვერ ვპოულობ. მამა გიორგის დავურეკე გავახარე. ისევ სკაფანდრი, ისევ თეთრი კედლები, ისევ სიჩუმე და ამ ყველაფერზე დაუსრულებელი ფიქრი. კარის ხმა, ექთანი: - ბაირამაშვილი მოემზადე, კლინიკას ტოვებ! უკან არ მიმიხედავს ისე გამოვედი პალატიდან, გავიარე თეთრი დერეფანი, თითქოს კათარზისი ყოფილიყოს და განწმენდილი ვუბრუნდებოდი სამყაროს, გავხსენი ერთი კარი, მეორე, მესამე, დარჩა ბოლო კარი, იმის იქით უკვე გარე სამყაროა, ექთანმა პატარა ბიჭი მომაწოდა ხელში... გამარჯობა სანი! მე დედაშენი ვარ. ასე ჩახუტებულმა გამოვიყვანე და გადავეშვით სამყაროს ორომტრიალში..." - წერს ირინა ბაირამაშვილი.

 

big_banner
არქივი